დიაგნოზი (კანის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა) | მკურნალი.გე
  1. დიაგნოზი (კანის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა)
  2. კანის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
  3. კანის დაავადებები
დიაგნოზი (კანის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა)

კანის ბევრი დაავადების იდენტიფიცირება ექიმს ზედაპირული დათვალიერებით შეუძლია. დაზიანების მახასიათებლებია: ზომა, ფორმა, ფერი და მდებარეობა, ასევე სხვა სიმპტომების ან ნიშნების არსებობა ან არარსებობა. საჭიროა პაციენტის მთელი სხეულის დათვალიერება იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაზიანება კანის მცირე ნაწილს მოიცავს.

ზოგჯერ მიმართავენ ბიოფსიას – მიკროსკოპის ქვეშ შესასწავლად კანიდან მცირე ნაწილის აღება ხდება. პროცედურა არის მარტივი, ექიმი ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ პატარა დანის (სკალპელი), მაკრატლის, სამართებლის ან მრგვალი მჭრელით კანის პატარა ნაწილს იღებს. გამოსაკვლევი მასალის ზომა განისაზღვრება დაზიანების ტიპის, მდებარეობის, ჩასატარებელი ტესტების მიხედვით.

როდესაც მოიაზრება რომელიმე ინფექციის (როგორიც არის სოკო, ბაქტერია, ვირუსი, ტკიპა) არსებობა, ექიმმა შესაძლოა გააკეთოს ანაფხეკი კანიდან და იგი მიკროსკოპის ქვეშ (კანის ანაფხეკი) შეისწავლოს, ზოგჯერ პროცედურის წინ სპეციალური აპლიკაციები გამოიყენება. მიღებული მასალა ასევე შესაძლებელია ლაბორატორიაში გაიგზავნოს, სადაც ნიმუშს სპეციალურ საკვებ ნიადაგზე ათავსებენ. თუ ნიმუში შეიცავს სოკოს, ბაქტერიას ან ვირუსს, ხდება მათი ზრდა და შემდგომში იდენტიფიცირება.

კანის ზოგიერთი დაავადების დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება ვუდის ნათურა. ამ დროს ხდება კანის ულტრაიისფერი სხივებით განათება (ასევე ცნობილია "შავი ნათების" სახელით) ბნელ ოთახში. სხივების გავლენით ზოგიერთი სოკო ან ბაქტერია იწყებს ნათებას, მისი მეშვეობით ასევე ადვილად შესამჩნევი ხდება კანის პიგმენტაციის დარღვევები მაგ: როგორიც არის ვიტილიგო.

კანის ტესტები: კანის ტესტებს მიეკუთვნება – "გამოყენებითი" ტესტი, აპლიკაციური ტესტი (ალერგენის კანში გაკაწვრით შეყვანა), პრიკ-ტესტი (ჩხვლეტის), კანშიდა ტესტი. ტესტები შესაძლოა შესრულდეს გამონაყარის სავარაუდო ალერგიული წარმოშობის დიაგნოსტიკისთვის.

გამოყენებითი ტესტის დროს საეჭვო ნივთიერების აპლიკაცია სხეულზე დაზიანებიდან მოშორებულ ადგილას (როგორც წესი, წინამხარზე) ხდება. მიმართავენ სუნამოებზე, შამპუნზე ან სხვა ნივთიერებებზე ალერგიული რეაქციების გამოსავლენად.

აპლიკაციური ტესტის დროს სავარაუდო აგენტების, ანუ ალერგენების კანზე (როგორც წესი, ზურგის ზედა ნაწილზე) დატანება წებოვანი პლასტირის მეშვეობით ხდება. ტესტის ადგილას კანის მდგომარეობის პირველი შეფასება 48 სთ-შია შესაძლებელი, შემდეგ პლასტირის მოშორების დროს და 96 საათში. ხშირად რამდენიმე დღეა საჭირო კანის შესამჩნევი რეაქციის გამოსავლენად. დამახასიათებელი სიწითლისა და ქავილის განვითარება, სავარაუდოდ, ალერგიის მაჩვენებელია. ზოგჯერ საკვლევი ნივთიერება იწვევს კანის გაღიზიანებას, რაც ჭეშმარიტი ალერგიული რეაქცია არ არის.

პრიკ-ტესტის დროს გამოსაკვლევი ნივთიერების წვეთს კანზე ათავსებენ. აღნიშნულ უბანზე ნემსის დაპრიკებით ან ჩხვლეტით კანში ნივთიერების ძალიან მცირე რაოდენობა შედის. შემდეგ ხდება დაკვირვება. სიწითლე, ქავილი ან ორივე ერთად, როგორც წესი, 30 წთ-ის განმავლობაში ვლინდება.

ინტრადერმული ტესტის დროს გამოსაკვლევი ნივთიერების ძალიან მცირე რაოდენობა კანქვეშ შეჰყავთ და აკვირდებიან. სიწითლის ან შეშუპების განვითარება ალერგიული რეაქციის მაჩვენებელია.

იშვიათად პრიკ-ტესტმა და კანშიდა ტესტმა შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქცია – ანაფილაქსია, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ტესტები უნდა შესრულდეს მხოლოდ შესაბამისი ექიმის მიერ.