1. ქავილი (ქავილი და არაინფექციური გამონაყარი)
  2. ქავილი და არაინფექციური გამონაყარი
  3. კანის დაავადებები
ქავილი (ქავილი და არაინფექციური გამონაყარი)

ქავილი (პრურიტუსი) არის შეგრძნება, რომელიც აიძულებს პაციენტს, მოიქავოს.

ქავილის შესაძლო მიზეზებია: კანის დაავადებები, სხვა გარკვეული დაავადებები, მედიკამენტების მიღება, ორსულობა, კანის სიმშრალე, გამაღიზიანებელ ნივთიერებასთან (ირიტანტთან) კონტაქტი.

ჩვეულ სიმპტომებს მიეკუთვნება კანის სიმშრალე, აქერცვლა და მწერის შესამჩნევი ნაკბენის არსებობა

დიაგნოზი ხდება კლინიკური სურათის საფუძველზე, ასევე, ტარდება კანის ალერგიული სინჯები, სისხლის ანალიზი, მიმართავენ საეჭვო მედიკამენტის მიღების შეწყვეტას, გარკვეულ შემთხვევებში – კანის ბიოფსიას ან ანაფხეკის შესწავლას

ქავილის შესამცირებლად შესაძლოა ეფექტიანი იყოს თბილი წყლის ხანმოკლე აბაზანა, დამატენიანებელი კრემები და ანტიჰისტამინური მედიკამენტები, კორტიკოსტეროიდების შემცველი ადგილობრივი საშუალებები და სხვა გარკვეული პრეპარატები

ქავილი შესაძლოა განპირობებული იყოს როგორც კანის დაავადებით, ასევე მდგომარეობით, რომელიც მთელ ორგანიზმს (სისტემური დაავადება) აზიანებს. კანის დაავადებებს, რომელთაც ახასიათებს ინტენსიური ქავილი, მიეკუთვნება: პარაზიტული ინვაზიები (როგორიცაა მუნი, დატილიანება), მწერის ნაკბენი, ჭინჭრის ციება, ატოპიკური დერმატიტი, ალერგიული დერმატიტი და კონტაქტური დერმატიტი. აღნიშნულ მდგომარეობებს, როგორც წესი, თან ახლავს გამონაყარიც. სისტემური დაავადებებიდან ქავილის მიზეზი შესაძლოა იყოს ღვიძლის დაზიანება, თირკმლის უკმარისობა, ლიმფომა, ლეიკემია და სისხლის სხვა დაავადებები, ასევე, ზოგჯერ – ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, შაქრიანი დიაბეტი და კიბო. სისტემურ დაავადებასთან ასოცირებულ ქავილს, ჩვეულებისამებრ, არ ახასიათებს გამონაყარი.

ქავილის გამოწვევა ასევე შეუძლია არაერთი მედიკამენტის მიღებას, მათ შორისაა: ბარბიტურატები, მორფინი, ასპირინი და ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, რომელზეც პიროვნებას არა აქვს ალერგია.

ქავილი ხშირად ვითარდება ორსულობის ბოლო თვეებში. როგორც წესი, ორსულობასთან ასოცირებული ქავილი არ მიგვითითებს რაიმე პათოლოგიაზე, თუმცა, შესაძლებელია, იგი ღვიძლის მსუბუქი დაზიანების გამოვლინებაც იყოს.

ხშირად ქავილს შალთან ან სხვა ირიტანტებთან, როგორიც არის – გამხსნელები, კოსმეტიკა – კონტაქტი იწვევს. კანის სიმშრალე (ქსეროზი), რომელიც უპირატესად ასაკოვან ადამიანებში გვხვდება, ასევე შესაძლოა იყოს ძლიერი, გავრცელებული ქავილის მიზეზი. ხშირად მდგომარეობას ცხელი წყლის აბაზანა აუარესებს.

არცთუ იშვიათად მოქავება უფრო აღიზიანებს კანს და აძლიერებს ქავილს, იქმნება ქავილისა და მოქავების ციკლი. აქტიური მოქავების შედეგად ვითარდება კანის სიწითლე და ნაკაწრები. ზოგიერთში მსუბუქი მოფხანვითაც კი ყალიბდება კანიდან წამოწეული, წითელი ფერის დაზიანება. პროცესის გახანგრძლივების შემთხვევაში კანი სქელდება და ნაწიბუროვანი ხდება.

დიაგნოზი

ექიმი ცდილობს, დაადგინოს ქავილის გამომწვევი მიზეზი და აღმოფხვრას იგი. მიზეზი ხშირად ნათელია – მაგ: მწერის ნაკბენი ან სუროსთან კონტაქტი.ქავილი, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღე, ანდა ხელახლა იწყება რაიმე აშკარა მიზეზის გარეშე, მოითხოვს სადიაგნოსტიკო ტესტების ჩატარებას. ალერგიაზე ეჭვის არსებობისას შესაძლოა დაიგეგმოს კანის სინჯები. თუ ქავილის მიზეზად რომელიმე სისტემური დაავადება მოიაზრება, მოწმდება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქცია, სისხლში შაქრის დონე. ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) მომატება შესაძლოა ალერგიულ რეაქციაზე მიგვითითებდეს. ზოგჯერ ექიმი პაციენტს ურჩევს, შეწყვიტოს ერთი ან რამდენიმე მედიკამენტის მიღება და დააკვირდეს ქავილის ინტენსივობის ცვლილებას. მიზეზის იდენტიფიცირებაში ექიმს ასევე ეხმარება კანის ბიოფსია და ანაფხეკის შესწავლა.

მკურნალობა

ქავილის დროს, გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, აბაზანა უნდა იყოს ხანმოკლე, სასურველია გრილი წყლითა და საპნის გარეშე. კანი ნაზად უნდა გამშრალდეს. ბევრი მიმართავს დამატენიანებელი კრემების აპლიკაციას უშუალოდ აბაზანის შემდეგ. აღნიშნული საშუალებები არ უნდა შეიცავდეს დანამატებს – ფერისა და სუნის მიმცემ კომპონენტებს. ფრჩხილები, განსაკუთრებით ბავშვებში, უნდა იყოს მოკლედ მოჭრილი, კანის ნაკაწრებისგან დაცვის მიზნით. შედეგიანია დაზიანებულ უბანზე ქაფურის, მენთოლის, გვირილას, ევკალიპტის ნაერთების გამოყენება.

ქავილს ამცირებს პერორალური ანტიჰისტამინური საშუალებების მიღება. ზოგიერთ მათგანს, მაგალითად, ჰიდროქსიზინსა და დიფენჰიდრამინს, როგორც წესი, ახასიათებს ძილიანობა და პირის სიმშრალე, ამიტომ მათი გამოყენება ძილის წინ ხდება. სხვა ანტიჰისტამინები, მაგალითად, ლორატადინი და ცეტირიზინი, ჩვეულებისამებრ არ იწვევს აღწერის გვერდით ეფექტებს (ძილიანობასა და პირის სიმშრალეს). ზოგადად, ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებით (მაგ. დიფენჰიდრამინის შემცველობით), ადგილობრივი საშუალებები არ ინიშნება, რადგან შესაძლოა ისინი თავად გახდნენ ალერგიული რეაქციის მიზეზი.

კორტიკოსტეროიდების კრემები ამცირებს ანთებას და ქავილს ამსუბუქებს. მათი გამოყენება დაზიანების მცირე უბანზე არსებობის შემთხვევაში ხდება. გარკვეული მდგომარეობები, მაგალითად, შხამიანი სუროთი გამოწვეული ქავილი, მოითხოვს ძლიერი კორტიკოსტეროიდული კრემების დანიშვნას. თუმცა, სახეზე მხოლოდ მსუბუქი საშუალებების (როგორიც არის 1%-იანი ჰიდროკორტიზონი) წასმაა რეკომენდებული, რადგან ძლიერმა კორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა გამოიწვიოს სახის მგრძნობიარე კანის გათხელება. გარდა ამისა, მათი აპლიკაცია სხეულის დიდ ფართობზე ან ხანგრძლივი ვადით სერიოზულ საფრთხეს უქმნის პაციენტის (განსაკუთრებით ბავშვების) ჯანმრთელობას, რისი მიზეზიც კანის გავლით ნივთიერების სისხლის მიმოქცევის სისტემაში შეღწევაა. ქავილის მძიმე ფორმების დროს, როდესაც პროცესი სხეულის მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს, კოტიკოსტეროიდები პერორალურად ინიშნება.

ზოგჯერ საჭიროა სპეციფიკური მკურნალობა. მაგალითად, როდესაც ქავილის მიზეზი პარაზიტული, სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციაა, გარკვეული მედიკამენტები ადგილობრივად ან სისტემურად ინიშნება. ტოპიკური საშუალებები დაიტანება უშუალოდ კანის დაზიანებულ უბანზე, სისტემური მკურნალობა კი მედიკამენტის პერორალურად ან ინექციის გზით მიღებას გულისხმობს.