მედიკამენტის მიღებით გამოწვეული გამონაყარი | მკურნალი.გე
  1. მედიკამენტის მიღებით გამოწვეული გამონაყარი
  2. ქავილი და არაინფექციური გამონაყარი
  3. კანის დაავადებები
მედიკამენტის მიღებით გამოწვეული გამონაყარი

არის მედიკამენტის გვერდითი ეფექტი, კანზე გამონაყარით გამოვლენილი.

  • მიზეზი, როგორც წესი, მიღებულ მედიკამენტზე ალერგიული რეაქციის განვითარებაა.

  • დამახასიათებელ სიმპტომებს მიეკუთვნება: მსუბუქი სიწითლე, კანის აქერცვლა, ჭინჭრის ციება, ასევე სურდო და ცრემლდენა.

  • წყდება ყველა მედიკამენტის მიღება, რათა გაირკვეს, მათგან რომელი იწვევს გამონაყარს.

  • უმრავლეს შემთხვევაში გამონაყარი ქრება გამომწვევი მედიკამენტის მიღების შეწყვეტის შედეგად, თუმცა, მძიმე რეაქციები მოითხოვს ეპინეფრინის, დიფენჰიდრამინისა და კორტიკოსტეროიდების ინექციებს

გამონაყარი ძირითადად მიღებულ მედიკამენტზე განვითარებული ალერგიული რეაქციის გამოვლინებაა. ზოგჯერ პიროვნების სენსიბილიზაცია სამკურნალო საშუალების პირველივე ზემოქმედების დროს ხდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი – მრავალჯერადი ექსპოზიციის შემდეგ. სენსიბილიზებულ პაციენტებში მედიკამენტის შემდგომი მოხვედრა იწვევს ალერგიულ რეაქციებს, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს კანზე გამონაყარით.

გამონაყარი ზოგჯერ ვითარდება ალერგიული რეაქციის მონაწილეობის გარეშე, უშუალოდ მედიკამენტის მოქმედებით. მაგალითად, კორტიკოსტეროიდებისა და ლითიუმის პრეპარატების მიღება იწვევს აკნეს მსგავს დაზიანებას, ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხელებლები) – კანქვეშა სისხლჩაქცევებს. სხვა მნიშვნელოვან, არაალერგიული წარმოშობის გამონაყარს, რომელიც შეიძლება განვითარდეს მედიკამენტებით, მიეკუთვნება სტივენს ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი და კვანძოვანი ერითემა.

გარკვეული მედიკამენტები ზრდის კანის მგრძნობიარობას მზის სხივების მიმართ (ფოტოსენსიბილიზაცია). მათ მიეკუთვნება: ანტიფსიქოზური საშუალებები, ტეტრაციკლინი, სულფანილამიდური ანტიბიოტიკები, ქლოროთიაზიდი და ზოგიერთი ხელოვნური დამატკბობელი. გამონაყარი არ ჩნდება წამლის მიღების დროს, მაგრამ მოგვიანებით, მზის ზემოქმედების შემდეგ ვითარდება კანის სიწითლე, ზოგჯერ ქავილით ან მონაცრისფრო ლურჯი ელფერით.

სიმპტომები

დაავადების დროს ვითარდება სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება. იგი შესაძლოა გამოვლინდეს როგორც კანის მცირე უბანზე გამოხატული ზომიერი სიწითლითა და უმცირესი ბუშტუკებით, ასევე მთლიანი კანის მოცილებით. გამონაყარი ზოგჯერ ვითარდება მოულოდნელად, მედიკამენტის მიღებიდან წუთების განმავლობაში, ზოგჯერ კი მოგვიანებით – საათების ან დღეების შემდეგ. ამასთანავე, ხშირად გამოხატულია სხვა ალერგიული სიმპტომებიც – ცხვირის გაჭედვა, წყლიანი თვალები, ხმაურიანი სუნთქვა და სახიფათოდ დაბალი არტერიული წნევა. ჭინჭრის ციებას ახლავს ძლიერი ქავილი.

დიაგნოზი და მკურნალობა

გამონაყარის გამომწვევი მედიკამენტის დადგენა მარტივი არ არის. მიზეზი შესაძლოა იყოს ნებისმიერი საშუალება, მათ შორის – ურეცეპტოდ გასაყიდი თვალისა და ყურის წვეთები, სანთლები. ზოგჯერ, მიზეზის განსასაზღვრად, ერთადერთი გზა ყველა მედიკამენტის (გარდა სასიცოცხლო მნიშვნელობისა) მიღების შეწყვეტაა. შეძლებისდაგვარად უნდა ვეცადოთ, სავარაუდო აგენტი ქიმიურად განსხვავებული ნივთიერებით შეიცვალოს. თუ ასეთი არ არსებობს, ხელახლა ინიშნება იგივე საშუალებები, თითო-თითო ჯერზე. თუმცა, ეს მეთოდი შესაძლოა პაციენტისთვის სახიფათო იყოს მძიმე ალერგიული რეაქციების შემთხვევაში. კანის ტესტები არ არის სარგებლობის მომტანი, გამონაკლისს პენიცილინით განპირობებული მდგომარეობები წარმოადგენს.

უმრავლეს შემთხვევაში, ალერგიის გამომწვევი მედიკამენტის მიღების შეწყვეტა გამონაყარის გაქრობას იწვევს. საჭიროების დროს ინიშნება ქავილის საწინააღმდეგო სტანდარტული მკურნალობა. დაზიანების მძიმე ფორმის დროს, განსაკუთრებით ისეთ სიმპტომებთან კომბინაციაში, როგორიცაა ხმაურიანი ან გაძნელებული სუნთქვა, მიმართავენ ეპინეფრინის, დიფენჰიდრამინის ან კორტიკოსტეროიდების ინექციებს.