მრავალფორმული ერითემა | მკურნალი.გე
  1. მრავალფორმული ერითემა
  2. ქავილი და არაინფექციური გამონაყარი
  3. კანის დაავადებები
მრავალფორმული ერითემა

მრავალფორმული ერითემა არის მორეციდივე დაავადება, ხასიათდება წითელი ფერის, კანიდან წამოწეული ლაქების არსებობით, რომელთაც ხშირად აქვთ "სამიზნისმაგვარი" ფორმა და, როგორც წესი, სხეულზე სიმეტრიულად მდებარეობენ.

  • მრავალფორმული ერითემის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმის რეაქცია მარტივი ჰერპესით განპირობებულ ვირუსულ ინფექციაზე.

  • ჩვეულ სიმტომებს მიეკუთვნება წითელი ლაქები მეწამულ-ნაცრისფერი ცენტრით ("სამიზნისმაგვარი" დაზიანება), რომელიც მოულოდნელად ჩნდება მკლავებზე, ფეხებზე, სახეზე, ხელისა და ფეხისგულებზე და სხეულზე.

  • დიაგნოზი ხდება კლინიკური სურათის საფუძველზე.

  • დაავადება მკურნალობის გარეშე თავისით გაივლის, სიმპტომების შესამსუბუქებლად გამოიყენება კორტიკოსტეროიდები, ლიდოკაინი და ზოგჯერ აციკლოვირი.

შემთხვევების უმრავლესობა განპირობებულია მარტივი ჰერპესით გამოწვეულ ვირუსულ ინფექციაზე ორგანიზმის რეაქციით. მულტიფორმული ერითემის განვითარებამდე დაავადებულთა დაახლოებით 2/3-ს უვითარდება ჰერპესული გამონაყარი. უცნობია სხვა ვირუსული ინფექციების როლი. ზუსტ მექანიზმად, თუ როგორ ახდენს მარტივი ჰერპესი დაავადების პროვოცირებას, მოიაზრება იმუნური რეაქციის როლი.

სიმპტომები

როგორც წესი, მრავალფორმული ერითემა ვითარდება მოულოდნელად – მკლავებზე, ფეხებსა და სახეზე ჩნდება წითელი ლაქები. ზოგჯერ გამონაყარი ხელისა და ფეხისგულებსაც მოიცავს. ლაქებს ახასიათებს სხეულზე სიმეტრიული განლაგება, მათგან ხშირად ვითარდება რგოლები მეწამულ-ნაცრისფერი ცენტრით ("სამიზნისებური" ან Iris – თვალის ფერადი გარსისმაგვარი დაზიანება) და პატარა ბლისტერები. სიწითლე ჩვეულებრივ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, იშვიათად ახლავს სუსტი ქავილი. მტკივნეული ბლისტერები ხშირად ვითარდება ტუჩებსა და პირის ღრუში, მაგრამ არ გვხვდება თვალებზე.

დაავადება შესაძლოა გაგრძელდეს 2-4 კვირის განმავლობაში. ზოგიერთი შემთხვევების გარდა ახასიათებს რეციდივები, საშუალოდ – 6-ჯერ წელიწადში, თითქმის 10 წლის განმავლობაში. ხელახალი გამოვლინებები ხშირია გაზაფხულზე, მაპროვოცირებელ ფაქტორად მზის სხივები მოიაზრება.

დიაგნოზი და მკურნალობა

დიაგნოზი ხდება კლინიკური სურათის საფუძველზე, მისთვის დამახასიათებელი გამონაყარის აღმოჩენით. თუმცა, სტივენს ჯონსონის სინდრომი შეიძლება ერთი შეხედვით ძალიან ჰგავდეს მრავალფორმულ ერითემას, ამიტომ საბოლოო დიაგნოზის დადგენამდე საჭიროა პაციენტის დეტალური გამოკვლევა.

მრავალფორმული ერითემა თავისთავად ქრება. თუ ქავილი შემაწუხებელია, ინიშნება სტანდარტული მკურნალობა, შესაძლოა ეფექტიანი იყოს პერორალურად კორტიკოსტეროიდების გამოყენება. როდესაც პირის ღრუში არსებული მტკივნეული ბლისტერები ართულებს საკვების მიღებას, მიმართავენ ადგილობრივად ანესთეტიკების (ლიდოკაინი) აპლიკაციას, უეფექტობის შემთხვევაში კი ნუტრიენტების ინტრავენურად შეყვანას. პაციენტებში ხშირი რეციდივებით შესაძლოა შედეგიანი იყოს ანტივირუსული მედიკამენტის, მაგალითად, აციკლოვირის მიღება დაავადების პირველივე ნიშნების გაჩენისთანავე.