1. ფსორიაზი
  2. ქავილი და არაინფექციური გამონაყარი
  3. კანის დაავადებები
ფსორიაზი

ფსორიაზი არის კანის ქრონიკული, რეციდივებით მიმდინარე დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანიდან წამოწეული ერთი ან რამდენიმე ვერცხლისფერი ქერცლით დაფარული, მკვეთრად შემოსაზღვრული წითელი ბალთები.

  • მის განვითარებაში შესაძლოა მონაწილეობდეს იმუნური სისტემის გარკვეული დეფექტები.

  • სხეულის სხვადასხვა ნაწილზე არსებულ დიდ და მცირე ბალთებზე ჩნდება დამახასიათებელი ქერცლები.

  • ფსორიაზის სამკურნალოდ გამოიყენება ულტრაიისფერი სხივები (ფოტოთერაპია) პერორალურ ან ადგილობრივ მედიკამენტებთან კომბინაციაში.

ფსორიაზული ბალთების განვითარების მიზეზი კანის უჯრედების არანორმალურად სწრაფი ზრდაა. თუ რა იწვევს ამას, უცნობია, მოიაზრება იმუნურ სისტემაში არსებული დეფექტების როლი. ხშირია დაავადების ოჯახური შემთხვევები. ფსორიაზი საკმაოდ გავრცელებულია, იგი გვხვდება მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 1-5%-ში. დაავადების განვითარების ალბათობა თეთრკანიანებში უფრო მაღალია, ვიდრე შავკანიანებში.

სიმპტომები

ფსორიაზი სიცოცხლის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება განვითარდეს, მაგრამ ხშირად პირველადი გამოვლინება ხდება 10-დან 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში. დაავადება, როგორც წესი, იწყება თავის თმიან ნაწილზე, იდაყვებზე, მუხლებზე, ზურგზე ან დუნდულებზე ერთი ან რამდენიმე პატარა ბალთის წარმოქმნით. პირველი ელემენტები შესაძლებელია თვეების შემდეგ გაქრეს ან დარჩეს მუდმივად, ზოგჯერ მათი გაერთიანება ხდება. არის შემთხვევები, როდესაც ფსორიაზი მხოლოდ ერთი ან ორი მცირე ზომის ბალთით არის წარმოდგენილი. დაავადება უპირატესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ქავილისა და ტკივილის არსებობა უფრო მეტად ხელისა და ფეხისგულზე, ან გენიტალიების არეში მდებარე ბალთებს ახასიათებს. მიუხედავად იმისა, რომ ფსორიაზს არ ახლავს მნიშვნელოვანი ფიზიკური დისკომფორტი, ბალთები მარტივად შესამჩნევია, რაც პიროვნებას უქმნის უხერხულობას და მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის მიზეზიც შეიძლება გახდეს. ბევრ პაციენტს კანის დაზიანებასთან ერთად უვითარდება დეფორმული, გასქელებული, უსწორმასწორო ზედაპირის მქონე ფრჩხილები.

ფსორიაზი არის ქრონიკული დაავადება, რეკურენტული მიმდინარეობით. სიმპტომები ხშირად მნიშვნელოვნად მცირდება ზაფხულის განმავლობაში, როდესაც კანზე მზის სხივები ზემოქმედებს. ზოგიერთ შემთხვევაში გამწვავებებს შორის პერიოდი რამდენიმე წელს გრძელდება. გამწვავება კი შესაძლოა მოხდეს რაიმე აშკარა მიზეზის გარეშე ან ისეთი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, რომლებიც იწვევს კანის გაღიზიანებას, მაგ: მცირე დაზიანებები, მზისგან გამოწვეული მძიმე დამწვრობა, ხშირია გაცივებისა და ყელის სტრეპტოკოკული ინფექციის, სტრესული სიტუაციების გადატანის შემდეგ. მაპროვოცირებელ ფაქტორად მიიჩნევა მედიკამენტების გარკვეული ჯგუფების მიღებაც. ესენია: ანტიმალარიული საშუალებები, ლითიუმი და ბეტა ბლოკერები. რეციდივები ხშირია ზამთარში.

ფსორიაზის ზოგიერთ იშვიათ ფორმას შეიძლება უფრო სერიოზული გამოვლინებები ახლდეს. მაგ: ფსორიაზულ ართრიტს ახასიათებს სახსრების ტკივილი და შეშუპება. ერითროდერმული ფსორიაზის დროს კანის მთელი ზედაპირი წითელი და ქერცლებით დაფარული ხდება, იგი საყურადღებოა იმ თვალსაზრისითაც, რომ, როგორც დამწვრობის დროს, კანის ბარიერული ფუნქცია ამ შემთხვევაშიც ირღვევა. პუსტულარული ფსორიაზი გამოვლინდება ხელისა და ფეხისგულებზე სხვადასხვა ზომის ჩირქით სავსე ბლისტერებით (პუსტულებით), პუსტულები ზოგჯერ მიმოფანტულია სხეულზეც.

მკურნალობა

ფსორიაზის სამკურნალოდ მრავალი მედიკამენტია ხელმისაწვდომი. ხშირად, დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, მათი კომბინაციაში გამოყენება ხდება.

ადგილობრივი მედიკამენტები (საშუალებები, რომლებიც უშუალოდ კანზე დაიტანება) ყველაზე ხშირად გამოიყენება. თითქმის ყველასთვის ეფექტურია კანის დამატენიანებელი საშუალებები (ემოლიანტები). სხვა ტოპიკურ მედიკამენტებს მიეკუთვნება: კორტიკოსტეროიდები – უმრავლეს შემთხვევაში, გამოყენებული კალციპოტრიენთან (ვიტ. D-ს დერივატი), კუპრთან ან ფიჭვის ფისთან ერთად, ასევე ტაზაროტენი და ანტრალინი. ძალიან სქელი ქერცლები შეიძლება დამუშავდეს სალიცილის მჟავას შემცველი მალამოთი, რაც სამკურნალო საშუალების უკეთ შეღწევადობასაც უზრუნველყოფს. დასახელებული პრეპარატების უმრავლესობა იწვევს კანის გაღიზიანებას. საჭიროა მათი თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად შერჩევა.

ფოტოთერაპია (უი სხივების გამოყენება) ხშირად სხვადასხვა ადგილობრივ საშუალებასთან ერთად კომბინაციაში გამოიყენება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროცესში კანის მნიშვნელოვანი ნაწილია ჩართული. ფოტოთერაპიის დროს, ტრადიციულად, უი სხივებთან ერთად ინიშნება ფსორალენი (მედიკამენტი, რომელიც ზრდის კანის მგრძნობელობას უი სხივების მიმართ). მკურნალობის აღნიშნულ მეთოდს ეწოდება PUVA თერაპია (ფსორალენსი+უი A). ზოგჯერ იყენებენ ვიწროტალღოვან უი B სხივებსაც, (UVB) იგი ისეთივე ეფექტიანია, როგორც PUVA, ამასთანავე, თავიდან გვაცილებს ფსორალენსის გამოყენებას და მისი მიღებით გამოწვეულ გვერდით მოვლენებს (მაგ: მზის გამოსხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობა).

პერორალური მედიკამენტები: დაავადების მძიმე ფორმისა და ფსორიაზული ართიტის დროს ინიშნება პერორალური მედიკამენტები: ციკლოსპორინი, მეტოტრექსატი და აციტრეტინი. ციკლოსპორინი არის იმუნოსუპრესანტი, მისი შესაძლო გვერდითი ეფექტებია არტერიული წნევის მომატება და თირკმლის დაზიანება. მეტოტრექსატი აფერხებს კანის უჯრედების ზრდასა და გამრავლებას, ხშირად გამოიყენება სხვა სამკურნალო საშუალებების უეფექტობის დროს. გვერდითი მოვლენებია – ღვიძლის დაზიანება, იმუნიტეტის დაქვეითება. აციტრეტინი განსაკუთრებით შედეგიანია პუსტულოზური ფსორიაზის დროს, მაგრამ იწვევს სისხლში ლიპიდების დონის მომატებას, ზოგჯერ – ღვიძლისა და ძვლების დაზიანებას, უარყოფითად მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე, არ უნდა გამოიყენონ ქალებმა, რომლებიც ორსულობას გეგმავენ.