ქოლერა | მკურნალი.გე
  1. ქოლერა
  2. ბაქტერიული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
ქოლერა

ქოლერა წარმოადგენს ნაწლავის სერიოზულ ინფექციას, რომელიც გამოწვეულია ბაქტერია – ქოლერის ვიბრიონით და ახასიათებს მწვავე ფაღარათი.

  • ადამიანები ინფიცირდებიან, როდესაც იღებენ ბაქტერიით დაბინძურებულ საკვებს (ხშირად ზღვის პროდექტებს) ან წყალს;

  • ქოლერა იშვიათია, გვხვდება მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც სანიტარიული ნორმები არასათანადოდ არის დაცული;

  • ადამიანებს აქვთ წყლიანი ფაღარათი და ღებინება, ჩვეულებრივ, მათ არ აქვთ ცხელება.

  • განავლის ნიმუშში ბაქტერიის აღმოჩენა ადასტურებს დიაგნოზს;

  • სითხის დანაკლისის შევსებითა და ანტიბიოტიკების გამოყენებით შესაძლებელია ინფექციის ეფექტური მკურნალობა.

ვიბრიონების რამდენიმე სახეობა იწვევს ფაღარათს. ყველაზე სერიოზული დაავადება, ქოლერა, გამოწვეულია ქოლერის ვიბრიონით. ქოლერა ხასიათდება დიდი ეპიდემიოლოგიური აფეთქებებით.

ქოლერის ვიბრიონი ჩვეულებრივ სახლობს წყლიან გარემოში, სანაპიროებზე. ადამიანები ინფიცირდებიან, როდესაც იღებენ ბაქტერიით დაბინძურებულ წყალს, ზღვის პროდუქტებს ან სხვა საკვებს. დაინფიცირებულები გარემოში გამოყოფენ ბაქტერიებს განავლით. ამგვარად, ინფექცია შესაძლოა, გავრცელდეს ძალიან სწრაფად, განსაკუთრებით კი იმ ადგილებში, სადაც ადამიანის ნარჩენები სათანადოდ არ გადამუშავდება.

ძველად ქოლერა გავრცელებული იყო მთელ მსოფლიოში, ახლა კი გავრცელების არეალი შეზღუდულია – ის ძირითადად გვხვდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ, განვითარებად ქვეყნებში. ქოლერა გავრცელებულია (ენდემურია) აზიის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში. პატარა ეპიდემიური აფეთქებები დაფიქსირდა ევროპაში, იაპონიასა და ავსტრალიაში. აშშ-ში ქოლერა შეიძლება გაჩნდეს მექსიკის ყურესთან მდებარე სანაპიროებზე.

ენდემურ კერებში ეპიდემიური აფეთქებები ჩვეულებრივ ხდება მაშინ, როდესაც ომი ან სამოქალაქო არეულობა ხელს უშლის საზოგადოებრივი სანიტარიული ღონისძიებების ჩატარებას. ინფექცია უფრო ხშირია თბილ თვეებსა და ბავშვებში. ახალ ადგილებში ეპიდემიური აფეთქებები შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ დროს და დააავადოს ნებისმიერი ასაკის ხალხი.

იმისათვის, რომ განვითარდეს ინფექცია, ბაქტერიები უნდა მოხვდეს საჭმლის მომნელებელ სისტემაში. შემდეგ, ბაქტერიათა რაოდენობა შეიძლება იყოს ძალზე დიდი იმისთვის, რომ ისინი დახოცოს კუჭის წვენმა და ამის გამო, ზოგიერთი ბაქტერია აღწევს წვრილ ნაწლავამდე, სადაც ისინი მრავლდებიან და წარმოქმნიან ტოქსინს. ტოქსინი იწვევს წვრილი ნაწლავის მიერ ძალიან დიდი რაოდენობით მარილისა და წყლის გამოყოფას. სხეული კარგავს ამ სითხეს წყლიანი ფაღარათის სახით. სწორედ წყლისა და მარილის დანაკარგი იწვევს სიკვდილს. ბაქტერიები რჩებიან წვრილ ნაწლავში და არ იჭრებიან სხვა ქსოვილებში.

იმის გამო, რომ კუჭში არსებული მჟავა კლავს ბაქტერიებს, ადამიანებს, რომლებიც წარმოქმნიან შედარებით მცირე რაოდენობის კუჭის მჟავას, ქოლერის განვითარების რისკი უფრო მაღალი აქვთ. ასეთ ადამიანებს მიეკუთვნებიან ბავშვები, ხანში შესულები და ისინი, ვინც იღებენ კუჭის მჟავიანობის შემამცირებელ წამლებს, როგორებიცაა მაგ. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (მაგ. ომეპრაზოლი) და ჰისტამინ-2-ის(2) ბლოკატორები (მაგ. რანიტიდინი). ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ენდემურ კერებში, თანდათანობით იძენენ იმუნიტეტს.

სიმპტომები

დაინფიცირებული ადამიანების უმეტესობას არ აქვს სიმპტომები. სიმპტომები ჩნდება დაავადებასთან შეხებიდან 1-3 დღეში. ჩვეულებრივ, პირველი სიმპტომებია მოულოდნელი, უმტკივნეულო, წყლიანი ფაღარათი და ღებინება. ცხელება არ აღინიშნება.

ფაღარათი და ღებინება შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე ხარისხის. მწვავე ინფექციის დროს 1 საათში იკარგება ერთ კვარტზე მეტი (კვარტი ლიტრაზე ცოტა მეტია) წყალი და მარილები. განავალს აქვს ნაცრისფერი შესახედაობა შიგნით ლორწოს ჩანართებით. საათების განმავლობაში გაუწყლოებამ შეიძლება მიიღოს მძიმე სახე და გამოიწვიოს ძლიერი წყურვილი, კუნთების სპაზმები და სისუსტე. გამოიყოფა ძალზე მცირე რაოდენობით შარდი. თვალები ჩაცვენილია და კანი თითებზე ძალზე დანაოჭებულია. თუ არ მოხდა გაუწყლოების მკურნალობა, წყლისა და მარილების კარგვამ შეიძლება მიგვიყვანოს თირკმლების უკმარისობამდე, შოკამდე, კომამდე და სიკვდილამდე.

გადარჩენილ პაციენტებში სიმპტომები 3-6 დღეში განიცდიან უკუგანვითარებას. ადამიანების უმეტესობა 2 კვირაში თავისუფლდება ბაქტერიებისგან. ზოგიერთ შემთხვევაში ბაქტერიები რჩება ადამიანის ორგანიზმში, მაგრამ ისინი არ იწვევენ სიმპტომებს. ასეთ ადამიანებს ეწოდებათ მტარებლები.

დიაგნოზი

ექიმები იღებენ განავლის ნიმუშს ან ნაცხს სწორი ნაწლავიდან ნიმუშის მოპოვების მიზნით. მას გზავნიან ლაბორატორიაში, სადაც შეიძლება ბაქტერიების გაზრდა (კულტივირება). ნიმუშებში ქოლერის ვიბრიონის აღმოჩენა აზუსტებს დიაგნოზს.

ატარებენ სისხლისა და შარდის ანალიზებს გაუწყლოების ხარისხის შეფასებისა და თირკმლის ფუნქციონირების გამოკვლევის მიზნით.

პრევენცია

სასმელი წყლის სისუფთავე და ადამიანის ცხოველქმედების ნარჩენების ადეკვატური მოცილება არის მნიშვნელოვანი. სიფრთხილის სხვა ზომებს მიეკუთვნება ადუღებული ან ქლორის შემცველი წყლის გამოყენება და მოუხარშავი ბოსტენულისა და ცუდად მოხარშული თევზისა და მოლუსკების მიღებისგან თავის არიდება. მოლუსკები აგრეთვე წარმოადგენენ ვიბრიონების სხვა სახეობების მტარებლებსაც.

აშშ-ის ფარგლებს გარეთ არსებობს ქოლერის ვაქცინების რამდენიმე სახე. ეს ვაქცინები უზრუნველყოფენ მხოლოდ ნაწილობრივ დაცვას შეზღუდული დროის განმავლობაში და ამის გამო, ჩვეულებრივ არ არიან რეკომენდებულნი. ამჟამად იკვლევენ ქოლერის ახალ ვაქცინებს.

მკურნალობა

სხეულის დაკარგული სითხისა და მარილების დანაკარგის სწრაფი შევსება ადამიანს იხსნის სიკვდილისგან. ადამიანთა უმეტესობის ეფექტური მკურნალობა მიიღწევა ხსნარების დალევით. ეს ხსნარები შექმნილია იმისთვის, რომ ჩაანაცვლოს ორგანიზმის მიერ დაკარგული სითხის რაოდენობა. ძალზე გაუწყლოებულ ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ დალევა, მარილოვანი ხსნარი ეძლევათ ინტრავენურად. ეპიდემიების დროს, თუ ინტრავენური ხსნარი არ მოიპოვება, ზოგჯერ ადამიანებს მარილოვან ხსნარს აძლევენ მილის მეშვეობით, რომელიც მოთავსებულია ცხვირის გავლით კუჭში. იმის შემდეგ, რაც სიმპტომების შესამსუბუქებლად ჩანაცვლდება გარკვეული რაოდენობის სითხე, ადამიანებმა უნდა დალიონ საკმარისი ოდენობით მარილოვანი ხსნარი, რომ ჩაანაცვლონ ის სითხე, რომელიც მათ დაკარგეს ღებინებისა და ფაღარათის შედეგად. მყარი საკვების მიღება შეიძლება მას მერე, რაც ღებინება შეწყდება და ადამიანს დაუბრუნდება მადა.

ადამიანებს ჩვეულებრივ ეძლევათ ანტიბიოტიკი ფაღარათის სიმძიმის შემცირებისა და მისი სწრაფად შეწყვეტის მიზნით. აგრეთვე, ადამიანები, რომლებიც იღებენ ანტიბიოტიკს უფრო ნაკლებად გაავრცელებენ ინფექციას ეპიდემიური აფეთქების დროს. ტეტრაციკლინი ან დოქსიციკლინი არის ეფექტური მოზრდილებში, თუ ამ ადგილებში გავრცელებული ბაქტერია არ არის რეზისტენტული ტეტრაციკლინისადმი. ამ შემთხვევაში გამოიყენება ციპროფლოქსაცინი. იმის გამო, რომ ტეტრაციკლინი და დოქსიციკლინი 8 წლამდე ასაკის ბავშვებში იწვევენ კბილების ფერის ცვლილებას, მათ ნაცვლად გამოიყენება აზითრომიცინი, ერითრომიცინი ან ტრიმეტოპრიმსულფომეთოქსაზოლი.

ქოლერის მძიმე ფორმის მქონე არანამკურნალები ადამიანების 50%-ზე მეტი იღუპება. ხოლო თუ ადამიანები იღებენ დაუყოვნებლივ, ადეკვატურ სითხის ჩანაცვლებით თერაპიას, გარდაცვლილთა რაოდენობა 1%-ზე ნაკლებია.