ბრტყელი ლიქენი | მკურნალი.გე
  1. ბრტყელი ლიქენი
  2. ქავილი და არაინფექციური გამონაყარი
  3. კანის დაავადებები
ბრტყელი ლიქენი

ბრტყელი ლიქენი არის კანის ქავილით მიმდინარე ქრონიკული დაავადება, რომელიც იწყება გამონაყარის გაჩენით, ვითარდება პატარა, განცალკევებული წითელი ან იისფერი პაპულები, რომლებიც შემდეგ ერთიანდებიან და უხეშ ბალთებს წარმოქმნიან.

  • გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ზოგიერთ მედიკამენტზე ან ქიმიურ ნივთიერებაზე ორგანიზმის რეაქცია ან ინფექციური გენეზი.

  • დამახასიათებელი სიმპტომები მოიცავს ქავილით მიმდინარე გამონაყარს. წითელი ან იისფერი პაპულები, რომლებიც გარდაიქმნებიან ბალთებად, ჩნდება სხეულის სხვადასხვა ადგილას, ზოგჯერ პირშიც.

  • დაავადება შესაძლოა გაგრძელდეს ერთ წელზე მეტხანს და შესაძლებელია განმეორდეს.

  • თავიდან უნდა იქნეს აცილებული დაავადების შესაძლო გამომწვევი მედიკამენტებისა და ქიმიური ნივთიერებების გავლენა.

  • ბრტყელი ლიქენი, როგორც წესი, მკურნალობას არ საჭიროებს, მაგრამ დაავადების სიმპტომების შესამსუბუქებლად შესაძლოა დაინიშნოს კორტიკოსტეროიდები, ულტრაიისფერი სხივები და ლიდოკაინის შემცველი პირის ღრუს სავლებები.

ბრტყელი ლიქენის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა, შესაძლოა იგი იყოს იმუნური სისტემის რეაქციის გამოვლინება სხვადასხვა მედიკამენტზე (განსაკუთრებით ოქრო, ბისმუტი, ვერცხლი, ქინინი, ქინიდინი და ქინაკრინი), ქიმიურ ნივთიერებასა (განსაკუთრებით ფერად ფოტოგრაფიაში გამოყენებულ ქიმიკატებზე) და ინფექციურ აგენტებზე. თვითონ დაავადება გადამდები არ არის.

სიმპტომები

ბრტყელ ილიქენის დროს გამონაყარს თითქმის ყოველთვის თან ახლავს ქავილი, ზოგჯერ საკმაოდ ძლიერიც. პაპულები არის იისფერი და კუთხოვანი საზღვრებით, გვერდითი განათებისას დამახასიათებელი ბზინვარებით. ახალი ელემენტები შესაძლოა განვითარდეს ქავილის ან მექანიკური დაზიანების ადგილას. გამოჯანმრთელების შემდეგ ზოგჯერ კანის მუქ პიგმენტაციას ტოვებს.

როგორც წესი, გამონაყარი თითქმის თანაბრადაა გადანაწილებული სხეულის ორივე მხარეს, უპირატესად ტორსზე, ბარძაყის შიგნითა ზედაპირებზე, ფეხებზე, პენისის თავსა და საშოში. დაავადებულთა დაახლოებით ნახევარს დაზიანებები პირის ღრუშიც უვითარდება. ნაკლებად ზიანდება სახე. ფეხებზე გამონაყარი შესაძლოა გახდეს მნიშვნელოვნად დიდი, სქელი და ქერცლიანი. ზოგჯერ თავის თმიანი ნაწილის არეში ბუდობრივი თმის ცვენა ვითარდება.

ბრტყელი ლიქენის დროს პირის ღრუში ვითარდება მოცისფრო თეთრი (სადაფისფერი) პაპულები, რომლებიც წარმოქმნიან ხაზებს. როგორც წესი, არ ახასიათებს ტკივილი და პაციენტმა შესაძლოა არც იცოდეს მისი არსებობის შესახებ, ზოგჯერ კი პირის ღრუში ჩნდება მტკივნეული წყლულები, რაც საკვებისა და სითხის მიღებას ართულებს.

პროგნოზი და მკურნალობა

ბრტყელ ლიქენს, როგორც წესი, 1-2 წელში თვითგანკურნება ახასიათებს, თუმცა, ზოგჯერ უფრო ხანგრძლივად მიმდინარეობს, განსაკუთრებით მაშინ, თუ პროცესში პირის ღრუს დაზიანებაა ჩართული. სიმპტომები ხელახლა უვითარდება დაავადებულთა დაახლოებით 20%-ს. ხანგრძლივი მკურნალობა შესაძლოა საჭირო გახდეს გამონაყარის გამწვავების დროს. გამწვავებათაშორის პერიოდში რაიმე სახის მკურნალობა აუცილებელი არ არის. პირის ღრუს დაზიანების შემთხვევაში უმნიშვნელოდ იზრდება ორალური კიბოს განვითარების რისკი, მაგრამ კანზე არსებულ გამონაყარს იგივე არ ახასიათებს.

თავიდან უნდა იქნეს აცილებული დაავადების შესაძლო გამომწვევი მედიკამენტების და ქიმიური ნივთიერებების გავლენა. ქავილის შესამცირებლად გამოიყენება სტანდარტული მკურნალობა. კორტიკოსტეროიდები საჭიროების დროს ინიშნება უშუალოდ დაზიანების ადგილას ინექციის, აპლიკაციის სახით ან პერორალურად ზოგჯერ სხვა მედიკამენტებთან – მაგალითად, როგორიცაა აციტრეტინი და ციკლოსპორინი – ერთად. ფოტოთერაპია (ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით) პსორალენსთან (მედიკამენტი, რომელიც კანს უი სხივების ეფექტის მიმართ უფრო მგრძნობიარეს ხდის) ერთად შესაძლოა ასევე სასარგებლო გამოდგეს. მკურნალობის ამ მეთოდს ეწოდება PUVA თერაპია (პსორალენს + უი სხივები A). პირის მტკივნეული წყლულების დროს კვების წინ გამოიყენება ლიდოკაინის შემცველი სავლებები.