ჭარბი ოფლიანობა | მკურნალი.გე
  1. ჭარბი ოფლიანობა
  2. ოფლის წარმოქმნის დარღვევები
  3. კანის დაავადებები
ჭარბი ოფლიანობა

ადამიანებში ჭარბი ოფლიანობით (ჰიპერჰიდროზი) ოფლი უხვად თითქმის მუდმივად გამოიყოფა. ცხელების ან ზედმეტად თბილ გარემოში ყოფნის დროს ოფლდენა ბუნებრივი პროცესია, დაავადების დროს კი ზედმეტი ოფლი აღნიშნული გარემოებების გარეშე ვითარდება. ჭარბმა ოფლიანობამ შესაძლოა მოიცვას კანის მთელი ზედაპირი, მაგრამ ხშირად იგი შემოიფარგლება ხელისა და ფეხისგულებით, იღლიებითა და გენიტალიების მიდამოთი.

როგორც წესი, არ არსებობს ჰიპერჰიდროზის გამომწვევი რაიმე კონკრეტული მიზეზი. თუმცა, არის რიგი დაავადებებისა, რომელთაც ჭარბოფლიანობა ახლავს.

პაციენტები ხშირად ნერვიულობენ თავიანთი მდგომარეობის გამო, რაც უფრო აუარესებს დაავადების მიმდინარეობას.

ძლიერმა ქრონიკულმა სისველემ შესაძლოა გამოიწვიოს კანის დაზიანება, ოფლდენის ადგილას კანი ნაოჭდება და უხეშდება, ზოგჯერ ვითარდება სიწითლე და ანთება. გარკვეულ შემთხვევებში ოფლდენას თან ახლავს უსიამოვნო სუნი (ბრომჰიდროზი), რისი მიზეზიც კანზე არსებული ბაქტერიები და საფუარას სოკოებია. ძლიერი ოფლიანობის დროს ტანსაცმელიც სველდება.

მკურნალობა

ჭარბოფლიანობის მართვა, გარკვეულწილად, შესაძლებელია ანტიპერსპირანტების გამოყენებით, თუმცა, ხშირად უფრო სერიოზული მკურნალობაა საჭირო, განსაკუთრებით ხელისა და ფეხისგულებზე, იღლიაში, გენიტალიების არეში არსებული ჰიპერჰიდროზისას. ზოგჯერ ეფექტურია ადგილობრივად, სუფთა კანზე ალუმინის ქლორიდის ხსნარის წასმა ღამით, უკეთესი ეფექტის მისაღებად კანს სპეციალური თხელი აპკით ფარავენ. დილით, აპკის მოცილების შემდეგ ხდება ჩამობანა. კანის გაღიზიანების შემთხვევაში აპკის გამოყენება უნდა შეწყდეს. ზოგიერთს პროცედურის ჩატარება დღეში ორჯერ სჭირდება. შედეგი თვალსაჩინოა დაახლოებით ერთ კვირაში, შემდეგ კი, ეფექტის შესანარჩუნებლად, კვირაში ერთი-ორი აპლიკაციაც საკმარისია.

შედეგიანია ასევე მეთენამინის ხსნარი. ონკანის წყლის იონტოფორეზი – პროცედურა, რომლის დროსაც ოფლდენის ადგილებზე სუსტი ელექტრული დენის მოქმედება ხდება. პერორალური მედიკამენტები, როგორიცაა ფენოქსიბენზამინი და პროპანთელინი და ბოტულოტოქსინი A-ს ინექცია დაზიანების არეში ამცირებს ოფლის ჭარბად გამოყოფას. მედიკამენტოზური მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში ახდენენ საოფლე ჯირკვლის ინერვაციაში მონაწილე ნერვის ქირურგიული ჩარევით გადაჭრას. იღლიაში ლოკალიზებული ჰიპერჰიდროზის დროს ზოგჯერ მკურნალობა ლიპოსაქციით, საოფლე ჯირკვლების მოცილებით ხდება.

როდესაც პაციენტისთვის სუნი პრობლემას წარმოადგენს, შედეგიანია დღეში ორჯერ წყლითა და საპნით დაბანა, იგი აცილებს კანზე არსებულ სუნის გამომწვევ ბაქტერიებს და საფუარას სოკოებს. ზოგჯერ აუცილებელი ხდება რამდენიმე დღე ერითრომიცინისა და კლინდაცინის შემცველ კრემებთან კომბინირებული ანტისეპტიკური საპნების გამოყენება. თმის გაპარსვა იღლიაში აიოლებს დაავადების მართვას. ასევე, ხშირად უნდა გაირეცხოს ტანსაცმელი.