ალოპეცია | მკურნალი.გე
  1. ალოპეცია
  2. თმის დაავადებები
  3. კანის დაავადებები
ალოპეცია

ალოპეცია არის თმის ცვენა თავიდან ან სხეულის სხვა ნებისმიერი ნაწილიდან.

  • თმის ცვენის შესაძლო მიზეზებია – ჰორმონების დონის ცვლილება, გარკვეული მედიკამენტების გამოყენება, სტრესი და კანის ზოგიერთი დაავადება.

  • დიაგნოზი თმისა და კანის შესწავლის საფუძველზე ხდება.

  • სამკურნალოდ გამოიყენება – მინოქსიდილი, ფინასტერიდი, ასევე, მიმართავენ თმის გადანერგვას, პარიკის ტარებას და კორტიკოსტეროიდებით თერაპიას.

თავის არიდან თმის ცვენას, ჩვეულებისამებრ, სიმელოტედ მოიხსენიებენ. ხშირად ალოპეცია პიროვნებას კოსმეტიკური თვალსაზრისით აშფოთებს, მაგრამ, ამავდროულად, იგი შესაძლოა რომელიმე სისტემური დაავადების გამოვლინებაც იყოს.

მიზეზები

თმა ციკლურად იზრდება. თითოეული ციკლი შედგება ხანგრძლივი ზრდის ფაზისგან (ანაგენი), მოკლე გარდამავალი ფაზისგან (კატაგენი) და ხანმოკლე მოსვენების ფაზისგან (ტელოგენი). მოსვენების ფაზის დასასრულს თმა იწყებს ცვენას და ფოლიკულში ახალი თმის განვითარების ციკლი მეორდება. ჩვეულებრივ, დღეში თავის თმიან არეში მოსვენების ფაზის ბოლო ეტაპს დაახლოებით თმის 100 ღერი აღწევს და ვარდება. როდესაც მათი რაოდენობა 100-ს მნიშვნელოვნად აჭარბებს, ვითარდება ალოპეცია (ტელოგენური ალოპეცია). ზრდის ფაზის დარღვევით განპირობებულ თმის ცვენას კი ანაგენური ალოპეცია ეწოდება.

თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის:

  • ანდროგენული ალოპეცია

სხვა შესაძლო მიზეზებია:

  • მედიკამენტები (მათ შორის ქიმიოპრეპარატები)

  • ინფექციები (მათ შორის სოკოვანი)

სისტემური დაავადებები (უპირატესად, ცხელებით მიმდინარე მდგომარეობები, სისტემური წითელი მგლურა, ენდოკრინული დარღვევები, არასრულფასოვანი კვება)

გასათვალისწინებელია ასევე, მემკვიდრეობა, ასაკი და ადგილობრივად კანის მდგომარეობა.

ანდროგენული ალოპეცია: ალოპეციის აღნიშნული ფორმა საბოლოოდ აზიანებს მამაკაცების თითქმის ნახევარს (მამაკაცური ტიპის თმის ცვენა) და ქალებს (ქალური ტიპის თმის ცვენა). მემკვიდრეობასთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰორმონი დიჰიდროტესტოსტერონი. თმის ცვენა შესაძლოა დაიწყოს ნებისმიერ ასაკში, მათ შორის – თინეიჯერობის წლებშიც.

მამაკაცებში, როგორც წესი, თმის ცვენა შუბლის ან თხემის არიდან იწყება და უკანა მიმართულებით ვრცელდება. ზოგიერთი მამაკაცი თმას მხოლოდ ნაწილობრივ კარგავს, შედეგად ირღვევა შუბლის ხაზი ან ვითარდება პატარა გამელოტებული უბნები, მათი ნაწილი კი, უპირატესად ისინი, რომელთაც ადრეული ასაკიდან დაეწყოთ ალოპეცია, თხემის არეში თმა სრულად სცვივათ, თუმცა, თავის გვერდით და უკან (კეფის) არეში თმა შენარჩუნებულია. თმის ცვენის აღწერილ სახეს მამაკაცური ტიპის ალოპეციას უწოდებენ.

ქალებში თმის ცვენა იწყება თხემის არიდან და, როგორც წესი, გამოვლინდება თმის გათხელებით და არა სრული სიმელოტით, ამ შემთხვევაში თმის ხაზი ინტაქტურია. მსგავსი სახის თმის ცვენას ქალური ტიპის ალოპეციად მოიხსენიებენ.

ანაგენური ალოპეცია: განპირობებულია მედიკამენტების ან სხვა ქიმიური აგენტების მეშვეობით თმის ზრდის ფაზის (ანაგენი) დაზიანებით. ანაგენურ თმის ცვენას ადგილი აქვს, მაგალითად, ქიმიოთერაპიის დროს, ზოგიერთ მომწამვლელ ნივთიერებასთან (მაგ: ბორის მჟავა, ვერცხლისწყალი და თალიუმი) კონტაქტისას ან დასხივების შემთხვევაში.

ტელეოგენური ალოპეცია: მისი მიზეზია ფიზიკური ან ფსიქოლოგიური სტრესის გავლენით მოსვენების ფაზაში (ტელოგენი) გადასული თმის ღერების გაზრდილი რაოდენობა. თმის ცვენა შესაძლოა გამოიწვიოს წონის უეცარმა კლებამ, მძიმე ავადმყოფობამ (განსაკუთრებით ცხელებით მიმდინარე) ან ქირურგიულმა ჩარევამ, ასევე გარკვეული მედიკამენტების – ქიმიოპრეპარატები, სისხლის წნევის სამართავი მედიკამენტები, ლითიუმი, ანტიკონვულსანტები, ორალური კონტრაცეპტივები, ანტიკოაგულანტები, აგფ ინფიბიტორები, A ვიტამინი და რეტინოიდები – მიღებამ. მიზეზი შესაძლოა იყოს ფარისებრი ჯირკვლის ან ჰიპოფიზის ჰიპო ან ჰიპერფუნქცია, რაც საკმაოდ ხშირია ორსულობის შემდგომ პერიოდში და მენოპაუზისას.

ჩვეულებისამებრ, სტრესული შემთხვევის შემდეგ თმის ცვენა 3-4 თვეს გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ალოპეცია დროებითია და თმა ხელახლა იზრდება.

ბუდობრივი ალოპეცია: კანზე ვლინდება მრგვალი, არარეგულარული გამელოტებული უბნები, რომელთა კიდეებზე არსებული თმა არის მოკლე, მტვრევადი, ემსგავსება ძახილის ნიშანს. ბუდობრივი ალოპეციის მიზეზად ითვლება თმის ფოლიკულების ავტოიმუნური დაზიანება. იგი არ არის რომელიმე დაავადების შედეგი, თუმცა, ზოგიერთ ადამიანს ბუდობრივი თმის ცვენით შესაძლოა ასევე, ჰქონდეს ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია ან ვიტილიგო (კანის პიგმენტაციის დარღვევა).

თმის ცვენა, როგორც წესი, მოიცავს სკალპს ან წვერის უბანს, პროცესი იშვიათად მთელ სხეულზე ვრცელდება. აღნიშნულ მდგომარეობას უნივერსალურ ალოპეციას უწოდებენ. ბუდობრივი ალოპეცია გვხვდება ორივე სქესის, ნებისმიერი ასაკის ადამიანებში, თუმცა, უფრო ხშირია ბავშვებსა და ახალგაზრდებში. ჩვეულებისამებრ, თმა რამდენიმე თვეში ხელახლა იზრდება. გავრცელებული თმის ცვენის შემთხვევაში ხელახლა ზრდა ნაკლებსავარაუდოა.

თმის ამოგლეჯა (ტრიქოტილომანია): ტრიქოტილომანია არის ნორმალური თმის ამოგლეჯის სურვილი. ხშირია ბავშვებში, თუმცა, შესაძლოა მოზრდილებშიც შეგვხვდეს. ზოგჯერ იგი დიდხანს რჩება შეუმჩნეველი მშობლებისთვის და ექიმებისთვის, რომლებიც თმის ცვენის მიზეზად ისეთ დაავადებებს მოიაზრებენ, როგორებიცაა ბუდობრივი ალოპეცია ან სოკოვანი ინფექცია.

ტრაქციული ალოპეცია: ვითარდება, მაგალითად, ისეთი ვარცხნილობის ტარებისას, როგორიცაა "აფრიკული ნაწნავი", (ბრედი), ანუ მდგომარეობების დროს, როდესაც თმა ხანგრძლივადაა დაჭიმული. დაზიანება უპირატესად მოიცავს შუბლისა და საფეთქლის არეს.

ნაწიბუროვანი ალოპეცია: იგი ნაწიბუროვანი ქსოვილით თმის ფოლიკულების ჩანაცვლების შედეგად ვითარდება. ნაწიბუროვანი ალოპეციის გამომწვევ დაავადებებს მიეკუთვნება: სისტემური წითელი მგლურა, ბრტყელი ლიქენი, პერსისტული ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციები და კანის კიბო. კანი ასევე, შესაძლოა დაზიანდეს დამწვრობით, დასხივებით ან სხვა ფიზიკური ზემოქმედებით.

დიაგნოზი

ქალური ან მამაკაცური ტიპის თმის ცვენის დიაგნოზი კლინიკური სურათის საფუძველზე ხდება. სხვა ტიპის ალოპეციის მიზეზების განსაზღვრა მხოლოდ შეხედვით ზოგჯერ რთულია, მსგავს შემთხვევებში მიმართავენ თმის ღერის მიკროსკოპულ შესწავლას, იშვიათად საჭირო ხდება კანის ბიოფსიის წარმოება. ბიოფსია იძლევა საშუალებას, განისაზღვროს, თმის ფოლიკული ჯანსაღია თუ დაზიანებული, პაციენტთა ნაწილში კი იგი ასევე, გამოავლენს დაზიანების შესაძლო მიზეზებს. ჰორმონალურ დარღვევებზე ანდა სხვა მძიმე დაავადებებზე ეჭვის არსებობისას შესაბამისი ანალიზები ტარდება.

მკურნალობა

მამაკაცური და ქალური ტიპის ალოპეციის წარმატებით წარმართვა ზოგჯერ შესაძლოა მედიკამენტების მეშვეობით.

თავის თმიან ნაწილზე დღეში 2-ჯერ მინოქსიდილის აპლიკაციამ შესაძლოა თავიდან აგვარიდოს მომავალში თმის ცვენა და ხელი შეუწყოს მის ხელახალ ზრდას. პერორალურად ფინასტერიდის მიღება თმის ფოლიკულებზე მამაკაცის ჰორმონების გავლენის ბლოკირებას ახდენს. მდგომარეობის გაუმჯობესებას აღნიშნული საშუალებების გამოყენებისას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს. ეფექტი გრძელდება მანამ, სანამ მედიკამენტების გამოყენება ხდება. ფინასტერიდი არ ინიშნება ქალებში.

უფრო მუდმივი შედეგის მისაღწევად მიმართავენ თმის ტრანსპლანტაციას – თმის ფოლიკულებს თავის თმიანი ნაწილის ერთი უბნიდან გამელოტებულ უბანზე გადანერგავენ. გადანერგვის ახალი მეთოდი გულისხმობს ერთდროულად ერთი ან ორი თმის ტრანსპლანტაციას, რაც, მართალია, ბევრ დროს მოითხოვს, მაგრამ არ საჭიროებს კანის დიდი უბნის მოცილებას და იმპლანტს ისეთივე მიმართულებით ზრდის საშუალებას აძლევს, როგორც ბუნებრივ თმას.

ანაგენური ან ტელოგენური ალოპეცია, როგორც წესი, გამომწვევი მიზეზის მოცილების ან ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ უკუვითარდება. რადგან აღნიშნულ შემთხვევებში თმის ცვენა დროებითია, მდგომარეობიდან კარგი გამოსავალია პარიკის ტარება. პაციენტს შეუძლია ქიმიოთერაპიის დაწყებამდე კონსულტაცია გაიაროს მზა ვარცხნილობის (პარიკის) დამამზადებელთან.

ბუდობრივი ალოპეციის სამკურნალოდ გამოიყენება კორტიკოსტეროიდები. მცირე ზომის უბნებზე მიმართავენ კორტიკოსტეროიდების კანქვეშა ინექციებს ზოგჯერ ადგილობრივად მინოქსიდილთან კომბინაციაში, ხოლო დიდი ზომის დაზიანების დროს კორტიკოსტეროიდები პერორალურად ინიშნება. ბუდობრივი ალოპეციის მკურნალობა ასევე მოიცავს ადგილობრივად ირიტანტულ ნივთიერებებს, მაგ: როგორიცაა ანტრალინი ან სხვა ქიმიური აგენტების აპლიკაცია – მსუბუქი ალერგიული რეაქციისა და კანის გაღიზიანების გამოწვევის მიზნით (ირიტაცია კი, თავის მხრივ, ზოგჯერ ხელს უწყობს თმის ზრდას).

განსაკუთრებით რთულია ნაწიბუროვანი ალოპეციის მკურნალობა. თუ შესაძლებელია, უნდა ვუმკურნალოთ მდგომარეობის გამომწვევ მიზეზს, რადგან სრული დანაწიბურების შემთხვევაში თმა ხელახლა აღარ იზრდება.