თმის დაავადებები | მკურნალი.გე
  1. თმის დაავადებები
  2. კანის დაავადებები
თმის დაავადებები

თმა თმის ფოლიკულიდან ვითარდება. ფოლიკულები დერმაშია განთავსებული (კანის აღნიშნული ფენა ეპიდერმისსა და კანქვეშა ცხიმოვან შრეს შორის მდებარეობს), გვხვდება სხეულის თითქმის მთელ ზედაპირზე, გამონაკლისი მხოლოდ ტუჩები, ხელისა და ფეხისგულებია. ახალი თმა ფოლიკულის ფუძეში მდებარე თმის მატრიქსიდან იზრდება, მატრიქსის ცოცხალი უჯრედები მრავლდებიან და ზედა მიმართულებით გადაადგილდებიან, შემდეგ, დროის მოკლე პერიოდში განიცდიან დეჰიდრატაციას, კვდებიან და წარმოქმნიან თმის ღერის მყარ მასას. მისი გარეთა დამცავი შრე – კუტიკულა კერატინის ქერცლებისგან შედგება.

თმის ფერს, ისევე როგორც კანისას, პიგმენტი მელანინი განაპირობებს. შავი ან ყავისფერი თმის შემთხვევაში გვხვდება ეუმელანინი, ხოლო წითურ ან ქერა ადამიანებში – ფეომელანინი.

თმა ციკლურად იზრდება. თითოეული ციკლი შედგება ხანგრძლივი ზრდის ფაზისგან, რომელსაც მოკლე გარდამავალი ფაზა და შემდეგ მოსვენების ფაზა მოსდევს. მოსვენების ფაზის დასასრულს თმა იწყებს ცვენას და ფოლიკულში ახალი თმის განვითარების ციკლი თავიდან იწყება. წარბებისა და წამწამების შემთხვევაში ზრდის ფაზა 1-დან 6 თვემდეა, თავის თმიანი საფარველის შემთხვევაში კი – 2-დან 6 წლამდე. ნორმაში დღეში სკალპზე არსებული თმის ღერებიდან დაახლოებით 100 მათგანი აღწევს მოსვენების ფაზის დასასრულს და ცვივა.

თმის ზრდა მამაკაცური ჰორმონების (ანდროგენები – როგორიცაა ტესტოსტერონი და დიჰიდროტესტოსტერონი) მეშვეობით რეგულირდება. ჰორმონები გვხვდება როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ორგანიზმში, თუმცა, განსხვავებული რაოდენობით. ტესტოსტერონი თმის ზრდას ასტიმულირებს ბოქვენისა და იღლიის არეში. დიჰიდროტესტოსტერონს რაც შეეხება – ააქტიურებს თმის ზრდას წვერის მიდამოში, ხოლი თავის თმიანი ნაწილიდან მის ცვენას აძლიერებს.

თმის დაავადებებს მიეკუთვნება: ჭარბთმიანობა (ჰირსუტიზმი და ჰიპერტრიქოზი), თმის ცვენა (ალოპეცია), წვერზე თმის ჩაბრუნება (წვერის ფსევდოფოლიკულიტი). მათი უმეტესობა სიცოცხლისთვის სახიფათო არაა და უპირატესად კოსმეტიკურ პრობლემას წარმოადგენს.