წვერის თმის ჩაზრდა (წვერის ფსევდოფოლიკულიტი) არის ანთება, განპირობებული კანში თმის წვერის ჩაზრდითა და ჩახვევით.
ხშირად გვხვდება ხვეული წვერის მქონეთა შორის, უპირატესად, შავ მამაკაცებში. თითოეული ჩაზრდილი თმის ადგილას ვითარდება მცირე ზომის, გარკვეულწილად მტკივნეული პაპულა ცენტრალურად ძნელად შესამჩნევი დახვეული თმით.
დიაგნოზი დამახასიათებელი კლინიკური სურათის საფუძველზე ხდება.
მკურნალობა გულისხმობს ნემსის წვერით ან ბასრი სკალპელით ნაზად თმის ჩაზრდილი წვერის კანიდან გათავისუფლებას. მკვეთრი ანთების შემთხვევაში ზოგჯერ ჰიდროკორტიზონი ან ანტიბიოტიკების შემცველი კრემები ინიშნება.
საუკეთესო პრევენციული ჩარევაა პარსვის შეწყვეტა და წვერის გაზრდა. გრძელი თმა კი არ იხვევა და კანში არ ერჭობა.
მამაკაცებს, რომელთაც არ სურთ წვერის ტარება, შეუძლიათ გამოიყენონ დეპილატორები (სითხის ან კრემის სახით, რომელთა მეშვეობითაც არასასურველი თმის მოცილება ხდება), თუმცა, მათ მოხმარებას ხშირად კანის გაღიზიანება ახასიათებს. გარდა ამისა, თმის სამუდამო მოცილება შესაძლებელია ელექტროლიზისის ან ლაზერული თერაპიის გზით. პარსვის შემთხვევაში წვერი უნდა დასველდეს და გაპარსვა თმის ზრდის მიმართულებით უნდა მოხდეს, არ არის სასურველი მრავალპირიანი საპარსი საშუალების გამოყენება. შესაძლოა ეფექტური იყოს ეფლორნიტინის შემცველი კრემების აპლიკაცია, რომელთა გავლენითაც თმის ზრდის შენელება ხდება.