ჰერპეტიფორმული დერმატიტი | მკურნალი.გე
  1. ჰერპეტიფორმული დერმატიტი
  2. ბუშტუკოვანი დაავადებები
  3. კანის დაავადებები
ჰერპეტიფორმული დერმატიტი

ჰერპეტიფორმული დერმატიტი არის ავტოიმუნური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ჯგუფურად განლაგებული პატარა ბუშტუკები ძლიერი ქავილით და ჭინჭრის ციების მსგავსი შეშუპება.

  • ჰერპეტიფორმული დერმატიტის დროს ხორბლის, ჭვავისა და ქერის პროდუქტებში შემავალი გლუტეინი იწვევს იმუნური სისტემის მიერ კანის დაზიანებას.

  • დაავადებულს სხეულის სხვადასხვა უბანზე უვითარდება მცირე ზომის ბუშტუკები თანმხლები ქავილით და ჭინჭრის ციების მსგავსი გამონაყარი.

  • დიაგნოზი ხდება კანის ნიმუშის მიკროსკოპული შესწავლით.

  • დაავადების მკურნალობა გულისხმობს დაფსონის გამოყენებას და კვების რაციონიდან გლუტეინის შემცველი პროდუქტების ამოღებას.

მიუხედავად სახელწოდებისა, ჰერპეტიფორმულ დერმატიტს არაფერი აქვს საერთო ჰერპესის ვირუსთან. დაავადების დროს ხორბლის, ჭვავისა და ქერის პროდუქტებში შემავალი ცილა (გლუტეინი) ახდენს იმუნური სისტემის გააქტიურებას, შედეგად ზიანდება კანი – ვლინდება გამონაყარი და ქავილი. ხშირად ასოცირებულია ცელიაკიასთან. ცელიაკია არის ნაწლავური დაავადება, გამოწვეული გლუტეინის შემცველი პროდუქტების მიღებით), თუმცა, ჰერპეტიფორმული დერმატიტით დაავადებულს შესაძლოა არ ჰქონდეს ცელიაკიის სიმპტომები. მათში ასევე მაღალია სხვა ავტოიმუნური დაავადებების სიხშირე, მაგალითად, ისეთების, როგორიც არის: თრეოიდიტი, სისტემური წითელი მგლურა, სარკოიდოზი და დიაბეტი. იშვიათად უვითარდებათ ნაწლავის ლიმფომები.

ბუშტუკები, როგორც წესი, ვითარდება თანდათანობით, დამახასიათებელი ლოკალიზაციაა იდაყვები, მუხლები, დუნდულები, გავა-წელის არე და თავის თმიანი ნაწილი. ზოგჯერ მოიცავს სახესა და კისერსაც. ახლავს ძლიერი წვა და ქავილი. ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა (მაგალითად, იბუპროფენმა) შესაძლოა გააუარესოს გამონაყარი.

დიაგნოზი და მკურნალობა

დიაგნოზი ხდება კანის ნიმუშში (ბიოფსია) სპეციალური ანტისხეულების აღმოჩენით.

მკურნალობის გარეშე ბუშტუკები თავისით არ ქრება. აუცილებელია გლუტეინისგან თავისუფალი დიეტის დაცვა (კვების რაციონში იზღუდება ხორბლის, ჭვავისა და ქერის პროდუქტები). პერორალური მედიკამენტი დაფსონი თითქმის ყოველთვის უზრუნველყოფს დაავადების შემსუბუქებას მკურნალობის დაწყებიდან 1-2 დღეში, მაგრამ მოითხოვს სისხლის ანალიზის მუდმივ კონტროლს. მას შემდეგ, რაც მდგომარეობა მკურნალობას დაექვემდებარება და პიროვნება გადავა გლუტეინის პროდუქტების მკაცრ შეზღუდვაზე, მედიკამენტი 6 თვეში შესაძლოა შეწყდეს, თუმცა, პაციენტების ნაწილს მუდმივად ესაჭიროება მისი მიღება. გლუტეინის ნებისმიერი ხელახალი ექსპოზიცია, თუნდაც მცირე რაოდენობით, უმრავლეს შემთხვევაში ხელახლა იწვევს დაავადებას. გლუტეინისგან თავისუფალმა დიეტამ შესაძლოა თავიდან აგვარიდოს ნაწლავის ლიმფომის განვითარება.