1. მუნი (ბღერი)
  2. კანის პარაზიტული ინფექციები
  3. კანის დაავადებები
მუნი (ბღერი)

მუნი (ბღერი) არის ტკიპით გამოწვეული კანის დაავადება, რომელსაც ახასიათებს პატარა, მოწითალო ფერის კვანძების ფორმირება და ძლიერი ქავილი.

  • მუნი, როგორც წესი, ადამიანიდან ადამიანზე ფიზიკური კონტაქტის გზით ვრცელდება.

  • დაავადებას ახასიათებს ძლიერი ქავილი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებისამებრ, სხეულზე დაავადების ერთეული გამომწვევია (ტკიპი).

  • დიაგნოზი მოიცავს – დაზიანებული უბნების დათვალიერებას, ზოგჯერ ხდება კანის ანაფხეკის მიკროსკოპის ქვეშ შესწავლა.

  • მკურნალობა გულისხმობს ადგილობრივად პერმეტრინის ან ლინდანის აპლიკაციას და პერორალურად ივერმექტინის მიღებას.

დაავადებას იწვევს მუნის ტკიპი Sarcoptes scabiei. მდედრი ტკიპი კანის ზედაპირულ შრეში აკეთებს ხვრელებს, სადაც დებს კვერცხებს. კვერცხებიდან რამდენიმე დღეში ახალგაზრდა ტკიპები (ლარვა) იჩეკება. დასნებოვნებას ახლავს ძლიერი ქავილი, სავარაუდოდ, ალერგიული გენეზის.

მუნი ადვილად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე ფიზიკური კონტაქტით, ხშირად გამოვლინდება ოჯახის რამდენიმე წევრში. იშვიათად ტკიპები შესაძლოა გავრცელდეს დაინფიცირებული ტანსაცმლის, თეთრეულისა და სხვა საერთო მოხმარების ნივთების მეშვეობით, თუმცა, გამომწვევი დიდხანს ვერ ცოცხლობს, მაღალ ტემპერატურაზე რეცხვა და უთოთი დამუშავება ტკიპებს ანადგურებს.

სიმპტომები და დიაგნოზი

მუნს ახასიათებს ინტენსიური ქავილი, რომელიც, როგორც წესი, ღამით ძლიერდება. ტკიპის ტიპური სავალი ვლინდება თხელი 1/2 ინჩამდე (1 სმ-დე) სიგრძის ხაზებით, ზოგჯერ პატარა კვანძით ერთ-ერთ ბოლოში. შემთხვევათა ნაწილში გვხვდება მხოლოდ მცირე ზომის კვანძები, ქავილით გამოწვეული ექსკორიაციებით. გამონაყარი წყვილ-წყვილადაა განლაგებული. ხვრელები შესაძლოა შეგვხვდეს სხეულის ნებისმიერ უბანზე, გარდა სახისა. ტიპური ლოკალიზაციაა – თითებს შორის არე, მაჯა, კოჭები, დუნდულოები, კერტები და მამაკაცებში – გენიტალიები. დროთა განმავლობაში ტკიპის სავალი ძნელად შესამჩნევი ხდება, რისი მიზეზიც ქავილით გამოწვეული ანთებითი პროცესია. სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებში მძიმე ინვაზიის განვითარებაა მოსალოდნელი. ყალიბდება კანის ფართო უბნის სქელი ქერქის დაფარული დაზიანება.

მუნის დიაგნოსტირებისთვის, როგორც წესი, საკმარისია ქავილის არსებობა და კანზე დამახასიათებელი ტკიპის სავალის აღმოჩენა, თუმცა, დიაგნოზის დასაზუსტებლად კანის ანაფხეკს სწავლობენ მიკროსკოპის ქვეშ, რაც გამოავლენს ტკიპს ან მისი კვერცხების არსებობას ნიმუშში.

მკურნალობა

მუნის სამკურნალოდ გამოიყენება ადგილობრივად პერმეტრინის 5%-იანი კრემის აპლიკაცია, რომელიც კანზე მთელი ღამის განმავლობაში რჩება. დილით ხდება ჩამობანვა. მოზარდებსა და ახალგაზრდებში მისი ალტერნატივა არის ლინდანის ლოსიონი. ერთი კვირის შემდეგ საჭიროა ორივე მედიკამენტის განმეორებითი გამოყენება. სუსტი იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით მძიმე ინვაზიების დროს, ეფექტურია პერორალური ივერმექტინის ორი ჯერადი დოზა (დანიშნული ცალ-ცალკე, კვირის გამოტოვებით).

წარმატებული მკურნალობის მიუხედავად, ქავილი შესაძლოა გაგრძელდეს 2-4 კვირის განმავლობაში, მიზეზი კანზე დარჩენილი ტკიპის ნაწილებზე განვითარებული ალერგიული რეაქციაა. ქავილის შესამცირებლად გამოიყენება ადგილობრივად კორტიკოსტეროიდების შემცველი მალამოები და პერორალური ანტიჰისტამინური საშუალებები. ზოგჯერ კანის გაღიზიანებამ და ღრმა ნაკაწრებმა შესაძლოა გამოიწვიოს ბაქტერიული ინფექციის განვითარება, რაც ანტიბიოტიკოთერაპიას მოითხოვს.

მკურნალობას ასევე საჭიროებენ მუნით დაავადებულთა ოჯახის წევრები და მასთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები (მაგ: სქესობრივი კავშირი). დაბინძურებული ტანსაცმელი და თეთრეული უნდა გაირეცხოს მაღალ ტემპერატურაზე და საშრობში გაშრეს.