1. დატილიანება
  2. კანის პარაზიტული ინფექციები
  3. კანის დაავადებები
დატილიანება

პედიკულოზი (დატილიანება) არის კანის დასნებოვნება პატარა უფრთო მწერებით.

  • ტილები ადამიანიდან ადამიანზე უშუალო კონტაქტის გზით ვრცელდება;

  • დატილიანების დროს ადამიანი უჩივის ძლიერ ქავილს;

  • ტილი და მისი კვერცხები შესაძლოა თვალით ინახოს თმაში თავსა და სხეულის სხვა უბნებზე

  • სამკურნალოდ გამოიყენება შამპუნები, კრემები და ლოსიონები;

  • ზოგჯერ საჭიროა პერორალური ანტიპარაზიტული მედიკამენტების გამოყენება.

ტილი თვალით ძნელად შესამჩნევი უფრთო მწერია, რომელიც მასპინძლის სისხლით საზრდოობს. იგი ადამიანიდან ადამიანზე მარტივად ფიზიკური კონტაქტის, საერთო ტანსაცმლის ან სხვა პირადი ნივთების მეშვეობით ვრცელდება. სხეულის სხვადასხვა უბანში სამი სახის ტილი პარაზიტობს.

თავის ტილი აზიანებს თავის თმიან ნაწილს. ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება უშუალო კონტაქტით ან საერთო სავარცხლის, ჯაგრისის, ქუდის, სხვა პირადი ნივთების მეშვეობით. ხშირია სასკოლო ასაკის ბავშვებში, გვხვდება ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელთა შორის. ნაკლებად გავრცელებულია შავკანიანებში. დატილიანება არ არის კავშირში ცუდ ჰიგიენასთან ან დაბალ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან.

სხეულის (ტანსაცმლის) ტილის გავრცელებას ხელს უწყობს ჰიგიენის დაუცველობა, ხშირია მჭიდროდ დასახლებულ, ხალხმრავალ დაწესებულებებში. ტილები სახლდებიან ტანსაცმლის ნაკერებში. დასნებოვნება ხდება დაბინძურებული სამოსისა და თეთრეულის მეშვეობით. თავის ტილისგან განსხვავებით ტანსაცმლის ტილი არის ისეთი სერიოზული დაავადებების გადამტანი, როგორიცაა ეპიდემიური ტიფი, სანგრების ცხელება და შებრუნებითი ცხელება.

ბოქვენის ტილი (კიბორჩხალა) პირველ რიგში აზიანებს გენიტალიების მიდამოს. გავრცელება, როგორც წესი, ხდება სქესობრივი კონტაქტით. იგი ასევე შესაძლოა გამრავლდეს გულმკერდსა და იღლიაში არსებულ თმაზე, წვერზე, წამწამსა და წარბებზე.

სიმპტომები და დიაგნოზი

პედინკულოზს, როგორც წესი, თან ახლავს ძლიერი ქავილი. ინტენსიური მოფხანის შედეგად ხდება კანის დაზიანება, რითაც იზრდება ბაქტერიული ინფექციის განვითარების ალბათობა. ბავშვებში შესაძლოა გამოხატული იყოს კანის მსუბუქი გაღიზიანება.

თავის ტილის აღმოჩენა შესაძლებელია სველ თმაზე წმინდა სავარცხლის ჩამოსმით. ტილი, მათი კვერცხებისგან განსხვავებით, ზოგჯერ ძნელი შესამჩნევია. მდედრი დებს მბრწყინავ მონაცრისფრო კვერცხებს (წილი), რომლებიც მყარად ეკვრიან თმის ძირებს. ქრონიკული ინვაზიის დროს თმის ღერის ზრდასთან ერთად წილები კანის ზედაპირს შორდება (დისტანცია დამოკიდებულია დატილიანების ხანგრძლივობაზე).

წილები თმაზე არსებული სხვა უცხო მატერიისგან განსხვავდება თმის ღერზე მჭიდრო მიწებებით. ტანსაცმლის ტილი და მისი კვერცხები შეიძლება ინახოს ტანსაცმლის ნაკერებში. ასევე ინსპექციით შესაძლებელია ბოქვენის ტილის გამოვლენა.

მკურნალობა

დატილიანების სამკურნალოდ არსებობს რამდენიმე ეფექტიანი საშუალება. შამპუნები და კრემები პირეთრინისა და პიპერონილ ბუტოქსიდის შემცველობით შეიზილება თმაში 10 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც ხდება ჩამობანვა. შედეგიანია პერმეტრინის (პირეთრინის სინთეზური ფორმა) ხსნარის ან კრემის სახით გამოყენებაც. ლინდანი – ლოსიონის ან შამპუნის ფორმით – ასევე აშორებს ტილებს, მაგრამ სხვა მედიკამენტებთან შედარებით ნაკლებეფექტურია, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში, შესაძლო ნევროლოგიური გვერდითი ეფექტების გამო. მალათიონი – ანადგურებს როგორც ტილებს, ასევე მის კვერცხებს, მაგრამ არ ითვლება პირველი რიგის სამკურნალო საშუალებად, რადგან არის ადვილად აალებადი, აქვს უსიამოვნო სუნი, ეფექტის მისაღებად საჭიროა 8-12-საათიანი აპლიკაცია. ყველა შემთხვევაში საჭიროა 7-10 დღეში მკურნალობის განმეორებითი კურსი ახლად გამოჩეკილი ტილების განადგურების მიზნით. ზოგჯერ ვითარდება მედიკამენტების მიმართ რეზისტენტობა, ასეთ დროს პერორალურად ერთჯერადად ინიშნება ივერმექტინი.

მედიკამეტების უმეტესობა კლავს წილებსაც (მაგრამ არ ხდება თმის ღერიდან მოცილება), თუმცა, ზოგჯერ მათი ნაწილი რჩება ცოცხალი, საიდანაც ტილები ხელახლა იჩეკებიან. ვიზუალურად შეუძლებელია ერთმანეთისგან მკვდარი და ცოცხალი კვერცხების გარჩევა, ამიტომ ექიმები რეკომენდაციას უწევენ წილების მოცილებას, რაც გულისხმობს წმინდაკბილებიანი სავარცხლით – რომელზეც ხშირად დატანებულია მედიკამენტი – თმის გულდასმით ჩამოვარცხნას. როგორც აღვნიშნეთ, წილები თმაზე საკმაოდ მჭიდროდ არიან მიწებებულნი, არსებობს გარკვეული საშუალებები, რომელიც მათ კავშირს ასუსტებს. თმის ღერის ზრდასთან ერთად ტილის კვერცხები კანის ზედაპირს თანდათან სცილდება, თუ სკალპიდან დაახლოებით 1/4 ინჩის ფარგლებში წილები არ ვლინდება, ადამიანს ვერც ცოცხალი ტილები ეყოლება. ტანსაცმლის ტილის განადგურება ხდება დაინფიცირებული ტანსაცმლის გადაყრით ან დეზინფიცირებით, მაღალ ტემპერატურაზე რეცხვით და უთოთი დამუშავებით. თავის ტილის შემთხვევაში პირადი მოხმარების საგნების სპეციალური მოვლის ან გადაყრის ეფექტურობის დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.