კანის მიაზი | მკურნალი.გე
  1. კანის მიაზი
  2. კანის პარაზიტული ინფექციები
  3. კანის დაავადებები
კანის მიაზი

დაავადების დროს კანის დასნებოვნება ხდება გარკვეული სახეობების ბუზის ლარვებით (მაგოტა).

არსებობს კანის დასნებოვნების 3 ძირითადი გზა:

  • ფურუნკულური მიაზი

  • ჭრილობის მიაზი

  • მიგრაციული მიაზი

კლინიკური სურათი გამომწვევი მწერის სახეობიდან გამომდინარე განსხვავდება. დაინფიცირება, როგორც წესი, ტროპიკულ ქვეყნებში ხდება. აშშ-ში მიაზის დიგნოზის მქონე ადამიანები ტროპიკული ქვეყნებიდან დაბრუნებული პირები არიან.

ფურუნკულური მიაზი: დაავადების გამომწვევი ბუზის კარგად ცნობილი სახეობები გვხვდება სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, საჰარასა და ტროპიკულ აფრიკაში. ბევრი მათგანი უშუალოდ ადამიანის კანზე კი არ დებს კვერცხებს, არამედ სხვა მწერებსა (მაგალითად, კოღო) ან ნივთებზე (მაგალითად, საშრობი) და მათი მეშვეობით ხდება დაინფიცირება. კვერცხიდან იჩეკება ლარვა, რომელიც კანში სავალებს აკეთებს. მისგან საბოლოოდ ყალიბდება მწიფე ფორმა. სახეობის მიხედვით იგი არის 1/2-დან 1 ინჩამდე (1.3 სმ-დან 2.5 სმ-მდე) სიგრძის. მკურნალობის გარეშე დატოვებული პაციენტებიდან ლარვები ხვდებიან ნიადაგში და სასიცოცხლო ციკლს იქ აგრძელებენ.

ჩვეულ სიმპტომებს მიეკუთვნება ქავილი, მოძრაობის შეგრძნება და ზოგჯერ ბასრი, ძლიერი ტკივილი. თავდაპირველად ვითარდება პატარა, წითელი კვანძი, რომელიც შეიძლება მწერის ნაკბენს ან ფურუნკულის დასაწყისს ჰგავდეს. მოგვიანებით წარმონაქმნი ზომაში მატულობს, ცენტრში შესამჩნევი ხდება ხვრელი, საიდანაც გამოედინება გამჭირვალე, მოყვითალო სითხე, ზოგჯერ ლარვების გარკვეული ნაწილიც ჩანს.

ვინაიდან ლარვას ცხოველქმედებისთვის ესაჭიროება ჟანგბადი, გახსნილი კანის ბლოკირებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს მათ განადგურებას, ან თუნდაც მათ ზედაპირულად განლაგებას (ასეთ შემთხვევაში გამომწვევის მოცილება უფრო მარტივია). კანის "დასალუქად" გამოიყენება ვაზელინი, ფრჩხილის ლაქი, ბეკონი ან თამბაქოს პასტა. მკვდარი ლარვები ხშირად ინტენსიურ ანთებით რეაქციას იწვევს. მიმართავენ დაზიანებული უბნის გამოწურვასაც. ზოგჯერ, ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ, კეთდება მცირე ზომის განაკვეთი, საიდანაც ხდება გამომწვევის გამოდევნა. მიაზის სამკურნალოდ გამოიყენება მედიკამენტი ივერმექტინიც (პერორალურად ან ადგილობრივად).

ჭრილობის მიაზი: ძირითადად გვხვდება უსახლკარო ადამიანებში, ალკოჰოლიკებსა და მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებთა შორის. ხშირი გამომწვევია მწვანე ან შავი ბუზის სახეობები, რომელთა ლარვებითაც ხდება ჭრილობის დაბინძურება. მკურნალობა გულისხმობს იარის დამუშავებას, მკვდარი ქსოვილებისა და მაგოტების მოცილებას.

მიგრაციული მიაზი: ყველაზე ხშირი გამომწვევი ცხენისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ბუზია. ავადდებიან ინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტში მყოფი პირები. იშვიათად ბუზი კვერცხებს დებს უშუალოდ ადამიანის კანზე. ლარვა ერთ ადგილას არ რჩება, სავალებს კანქვეშ აკეთებს, ახლავს ქავილი, რაც გამოც ზოგჯერ, არასწორად, კანის მიგრაციულ ლარვად მიიჩნევენ. მკურნალობა ფურუნკულური მიაზის მსგავსია.