ერითრაზმა | მკურნალი.გე
  1. ერითრაზმა
  2. კანის ბაქტერიული ინფექციები
  3. კანის დაავადებები
ერითრაზმა

ერითრაზმა არის კანის ზედაპირული შრის ინფექცია, რომელიც განპირობებულია ბაქტერია Corynebacterium minutissimum-ით.

ერითრაზმა ძირითადად გვხვდება მოზრდილებში, ხშირია დიაბეტით დაავადებულებსა და ტროპიკულ კლიმატში მცხოვრებთა შორის. ჩვეული ლოკალიზაციაა კანის კანთან შეხების უბნები, მაგ: ფეხის თითებს შორის არე, გენიტალიების მიდამო – განსაკუთრებით მამაკაცებში ბარძაყის სათესლე პარკთან შეხების ადგილი. დიაბეტიანებსა და მსუქან საშუალო ასაკის ქალებში ინფექციური პროცესი ხშირად მოიცავს იღლიებს, კანის ნაკეცებს სარძევე ჯირკვლის ქვეშ ანდა მუცელზე, საშოსა და ანუსს შორის მდებარე უბანს (პერინეუმი).

ერითრაზმას ახასიათებს უსწორმასწორო, ვარდისფერი ან ყავისფერი ლაქების ფორმირება, რომლებიც შესაძლოა მოგვიანებით თხელი ქერცლით დაიფაროს. შემთხვევების ნაწილში ინფექცია ვრცელდება ტორსსა და ანალურ არეში.

მართალია, ერითრაზმა ზოგჯერ სოკოვან ინფექციას ემსგავსება, მაგრამ მათი დიფერენცირება შესაძლებელია მარტივად – Corynebacterium minutissimum-ით ინფიცირებული კანი უი სხივების ზემოქმედებით მარჯნისფერ-წითლად ნათდება.

სამკურნალოდ გამოიყენება პერორალური ანტიბიოტიკები – ერითრომიცინი ან ტეტრაციკლინი. შესაძლოა ასევე, შედეგიანი იყოს ანტიბაქტერიული (მაგ: ქლორჰექსიდინის შემცველი) საპნები, ადგილობრივი საშუალებები ერითრომიცინის ან კლინდამიცინის შემცველობით, სოკოვანი ინფექციის თანაარსებობისას კი – მოკონაზოლის კრემი. გვხვდება დაავადების განმეორებითი შემთხვევები, რაც ხელახალ მკურნალობას მოითხოვს.