ფოლიკულიტი და კანის აბსცესები | მკურნალი.გე
  1. ფოლიკულიტი და კანის აბსცესები
  2. კანის ბაქტერიული ინფექციები
  3. კანის დაავადებები
ფოლიკულიტი და კანის აბსცესები

ფოლიკულიტი და კანის აბსცესი არის ბაქტერიული წარმოშობის კანის ჩირქოვანი ინფექცია, იგი შესაძლოა იყოს ზედაპირული ან ღრმა, მოიცავდეს მხოლოდ თმის ფოლიკულს ან კანის ღრმად მდებარე სტრუქტურებს.

ფოლიკულიტი არის თმის ფოლიკულის ანთება. აბსცესი შესაძლოა მოიცავდეს როგორც კანის ზედაპირს, ისე მის ღრმად მდებარე სტრუქტურებს, პროცესში ყოველთვის არ არის ჩართული თმის ფოლიკული. აბსცესების უმეტესობა განპირობებულია ბაქტერია Staphylococcus aureus-ით, კანზე ვითარდება ჩირქით სავსე ჯიბეები. ბოლო პერიოდში გამოვლინდა Staphylococcus-ის ისეთი შტამები, რომლებიც ავლენენ რეზისტენტობას წინა პერიოდში ეფექტური ანტიბიოტიკების მიმართ (აღნიშნულ შტამს ეწოდება მეტიცილინ რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი MRSA). ბაქტერიები კანში შესაძლოა თმის ფოლიკულის, ნაკაწრის ან ნაჩხვლეტის გავლით აღმოჩნდეს, თუმცა, ხშირად მათი შეღწევის ადგილი დაუდგენელია. ფოლიკულიტისა და კანის აბსცესების მიმართ უმეტესად მიდრეკილნი არიან არაჰიგიენური ადამიანები, კანის ქრონიკული დაავადებით, ცხვირიდან Staphylococcus-ის შემცველი გამონადენით. ასევე, დაავადების რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება: სუსტი იმუნური სისტემა, სიმსუქნე, ხანდაზმულთა ასაკი, დიაბეტი. ზოგიერთ პაციენტს აუხსნელი მიზეზით ინფექციის განმეორებითი ეპიზოდები უვითარდება.

მორეციდივე მიმდინარეობის დროს, Staphylococcus-ის ელიმინაციის მიზნით, ექიმები რეკომენდაციას უწევენ სხეულის ანტიბაქტერიული საპნით დაბანვას, ცხვირში ანტიბაქტერიული მალამოს აპლიკაციასა და, საჭიროებისას, პერორალურ ანტიბიოტიკოთერაპიას.

ფოლიკულიტი: ფოლიკულიტი არის თმის ფოლიკულის ანთება, რომლის დროსაც თმის ძირში ვითარდება პატარა, თეთრი ფერის პუსტულები. ინფიცირება შესაძლოა მოიცავდეს ერთ ან რამდენიმე ფოლიკულს. ლოკალურად ახლავს უმნიშვნელო ტკივილი, არ ახასიათებს ზოგადი სიმპტომები.

ზოგიერთ ადამიანს ფოლიკულიტი უვითარდება ცუდად ქლორირებული აუზით სარგებლობის ან დაბინძურებულ წყალთან (მდინარე, ზღვა) კონტაქტის შემდეგ. ასეთ მდგომარეობას "აუზის (hot-tub) ფოლიკულიტს" ან "აუზის დერმატიტს" უწოდებენ, მისი გამომწვევია ბაქტერია Pseudomonas Aeruginosa. გამონაყარი წყლის ექსპოზიცის შემდეგ 6 სთ-დან 5 დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეიძლება განვითარდეს. უპირატესად ზიანდება საცურაო კოსტიუმით დაფარული უბნები (ტორსი, დუნდულოები).

ზოგჯერ წვერის მიდამოში არსებული უხეში თმა იხვევა და კანში იზრდება (ჩაზრდილი თმა), რასაც პარსვის შემდგომ აღნიშნულ უბანზე კანის გაღიზიანება მოსდევს. ფოლიკულიტის ასეთ სახეს წვერის ფსევდოფოლიკულიტი ეწოდება.

ფოლიკულიტის სამკურნალოდ გამოიყენება ადგილობრივი ანტიბაქტერიული გამწმენდი საშუალებები და ანტიბიოტიკების შემცველი მედიკამენტები. დაზიანების ფართო უბანზე გავრცელების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიბიოტიკების გამოყენება პრორალურად. "აუზის ფოლიკულიტი" მკურნალობის გარეშე რამდენიმე კვირაში თავისით გაივლის, თუმცა, რეციდივების თავიდან ასაცილებლად და სხვა ადამიანების ინფიცირებისგან დასაცავად აუცილებელია აუზების ადეკვატური ქლორირება. ჩაზრდილი თმით გამოწვეული ფოლიკულიტის სამკურნალოდ გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი, განსხვავებული წარმატებით. დაავადების მძიმე მორეციდივე ფორმების დროს მიმართავენ კულტურალურ კვლევას (ჩირქის ნიმუში იგზავნება ლაბორატორიაში, სადაც მასალა სპეციალურ საკვებ ნიადაგზე თავსდება, რომელიც მიკროორგანიზმების ზრდას უზრუნველყოფს). შედეგიდან გამომდინარე ხდება ანტიბიოტიკის შერჩევა. ზოგჯერ საჭირო ხდება პარსვის დროებით შეწყვეტა.

კანის აბსცესები: კანის აბსცესს ასევე უწოდებენ ჩირქგროვას, ახასიათებს შეხებით თბილი, მტკივნეული ჩირქით სავსე ჯიბეების ფორმირება კანქვეშ, შესაძლოა განვითარდეს სხეულის ნებისმიერ უბანზე, ზომით იყოს ერთი ან რამდენიმე ინჩი. ფურუნკული არის პატარა, უფრო ზედაპირული აბსცესი, რომელიც მოიცავს თმის ფოლიკულს და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილებს. კარბუნკული არის ფურუნკულების გროვა, რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან კანქვეშ. მკურნალობის გარეშე დატოვებული აბსცესი შესაძლოა გაიხსნას, მისგან გადმოედინება კრემისფერი თეთრი ან ვარდისფერი სითხე. ზოგჯერ ხდება ბაქტერიების მეზობელ სტრუქტურებზე გავრცელება. ზოგადი სიმპტომებიდან შესაძლოა გამოხატული იყოს ცხელება და სისუსტე.

კანის აბსცესი შესაძლოა გაქრეს ადგილობრივად თბილი კომპრესების გამოყენებით. ზოგჯერ საჭირო ხდება კანის გაკვეთა დაგროვილი ჩირქის დრენირების მიზნით, რის შემდეგაც ხდება ჭრილობის საგულდაგულოდ გამორეცხვა სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით. დრენირებული აბსცესი 24-48 სთ-ის განმავლობაში იფარება დოლბანდით. ჩირქის სრულად გამოდევნის დროს, როგორც წესი, ანტიბიოტიკების გამოყენება აღარაა საჭირო. თუმცა, პროცესის სახის შუა ან ზედა ნაწილში ლოკალიზაციის დროს, ინფექციის თავის ტვინზე გავრცელების რისკის გამო, ინიშნება Staphylococcus-ზე მოქმედი ანტიბიოტიკები, როგორიცაა – დიკლოქსაცინი ან ცეფალექსინი. ანტიბიოტიკოთერაპია ასევე საჭიროა გავრცელებული ინფექციის დროს და პაციენტებში – სუსტი იმუნური სისტემით.

პიროვნებას კანის მორეციდივე აბსცესით შეუძლია დასაბანად გამოიყენოს თხევადი საპნები ანტისეპტიკური კომპონენტის შემცველობით ან მიიღოს ანტიბიოტიკები 1-2 თვით.