1. იმპეტიგო
  2. კანის ბაქტერიული ინფექციები
  3. კანის დაავადებები
იმპეტიგო

იმპეტიგო არის კანის ინფექცია, რომლის გამომწვევია Staphylococcus Aureus, Streptococcus pyogenes ან ორივე ბაქტერია, ახასიათებს ყვითელი ქერქით დაფარული წყლულებისა და ზოგჯერ მცირე ზომის ყვითელი სითხით სავსე ბუშტუკების ფორმირება.

იმპეტიგო გავრცელებული დაავადებაა, ხშირად ვითარდება ბავშვებში. დაზიანება შესაძლოა ლოკალიზებული იყოს სხეულის ნებისმიერ უბანზე, თუმცა, უპირატესად მოიცავს სახეს, მხრებსა და ქვედა კიდურებს. ბუშტუკები, რომელიც შესაძლოა იმპეტიგოს დროს ჩამოყალიბდეს (ბულოზური იმპეტიგო), ზომით ბარდის მარცვლიდან ფართო ბეჭდამდე მერყეობს და შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. იგი ხშირად აზიანებს ნორმალურ კანს, თუმცა, ზოგჯერ წინ უსწრებს კანის სხვადასხვა მდგომარეობა – მაგალითად, სოკოვანი ინფექცია, მზით გამოწვეული დამწვრობა ან მწერის ნაკბენი. რისკ-ფაქტორებს ასევე მიეკუთვნება ცუდი ჰიგიენა და ნესტიანი გარემო. ზოგიერთ ადამიანში დაავადების გამომწვევი ბაქტერია (Staphylococcus) ბინადრობს ცხვირის ღრუში, ისე, რომ არ იწვევს დაავადებას (განიხილება როგორც ბაქტერიამატარებლობა), თუმცა, შესაძლოა იყოს პიროვნების (და ზოგჯერ სხვებისაც) განმეორებითი ინფიცირების მიზეზი.

იმპეტიგოს ახლავს ქავილი და უმნიშვნელო ტკივილი. ქავილის შედეგად ხშირად, უპირატესად ბავშვებში, ფართო ნაფხაჭნები ვითარდება. ნაფხაჭნები, თავის მხრივ, ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას. იმპეტიგო მაღალკონტაგიოზური დაავადებაა, რაც გულისხმობს როგორც სხეულის ერთი უბნიდან მეორე უბანზე, ასევე პიროვნებიდან პიროვნებაზე გადაცემას. მას ჯგუფურად განლაგებული თაფლისფერი ქერქით დაფარული წყლულების ფორმირება ახასიათებს. მსგავსია ბულოზური იმპეტიგოც, იმ განსხვავებით, რომ წყლულები ზომაში სწრაფად მატულობს, ყალიბდება ბუშტუკები, გამსკდარი ბუშტუკების ადგილას წარმოქმნილი დაზიანება კი თაფლისფერი ქერქით იფარება.

დიაგნოზი დამახასიათებელი კლინიკური სურათის საფუძველზე ხდება. განმეორებითი ინფიცირების შემთხვევაში იკვლევენ ცხვირის ღრუდან აღებულ მასალას, რათა დადგინდეს, არის თუ არა პიროვნება იმპეტიგოს გამომწვევი ბაქტერიის (Staphylococcus) მატარებელი.

ქერქების მოსაცილებლად დაინფიცირებული უბანი დღეში რამდენჯერმე ნაზად უნდა ჩამოიბანოს წყლითა და საპნით. მცირე დაზიანების სამკურნალოდ გამოიყენება ანტიბიოტიკები ადგილობრივად, პროცესში ფართო უბნის ჩართვის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს მათი პერორალურად მიღება. Staphylococcus-ის ცხვირით მატარებლობის დროს მიმართავენ ანტიბიოტიკების შემცველი საშუალებების აპლიკაციას ცხვირის ღრუში.