კანის მანეკროზებელი ინფექციები | მკურნალი.გე
  1. კანის მანეკროზებელი ინფექციები
  2. კანის ბაქტერიული ინფექციები
  3. კანის დაავადებები
კანის მანეკროზებელი ინფექციები

კანის მანეკროზებელი ინფექციები – ნეკროზული ცელულიტი და ნეკროზული ფასციიტი არის ცელულიტის მძიმე ფორმები, რომელთაც დაზიანებული ქსოვილის ნეკროზი ახასიათებს.

  • დაზიანებული კანი არის წითელი, შეხებით თბილი, ზოგჯერ შეშუპებული, კანქვეშ შესაძლოა აირის შემცველი ბუშტუკები ჩამოყალიბდეს.

  • დაავადებული თავს გრძნობს შეუძლოდ, გამოხატულია ცხელება.

  • მკურნალობა მოიცავს მკვდარი ქსოვილების მოცილებასა (რაც ზოგჯერ ფართო ოპერაციას მოითხოვს) და ინტრავენურ ანტიბიოტიკოთერაპიას.

კანის ინფექციების უმეტესობა არ იწვევს მისი და მიმდებარე ქსოვილების ნეკროზს. თუმცა, ბაქტერიულმა ინფექციამ ზოგჯერ შესაძლოა დაზიანებულ უბანზე არსებულ წვრილ სისხლძარღვებში თრომბის ფორმირება გამოიწვიოს, შედეგად შესაბამის უბანზე ქვეითდება სისხლის მიმოქცევა, ანთებით კერამდე ვეღარ აღწევს სისხლის მიმოქცევის სისტემაში არსებული იმუნური სისტემის კომპონენტები (ლეიკოციტები და ანტისხეულები), ინფექციური პროცესი ვრცელდება ძალიან სწრაფად და ძნელი სამართავი ხდება. მკურნალობის მიუხედავად გამოსავალი შესაძლოა ლეტალური იყოს.

ზოგჯერ მანეკროზებელი ინფექციები კანში ღრმად, კუნთების ზედაპირის (ფასცია) გასწვრივ ვრცელდება, მსგავს მდგომარეობას ნეკროზულ ფასციიტს უწოდებენ. ნეკროზულ ინფექციას, რომელიც კანის გარეთა ფენებს მოიცავს, ნეკროზული ცელულიტი ეწოდება. მათი გამომწვევი სხადასხვა ბაქტერიაა, მათ შორის Streptococcus და Clostridia. ზოგჯერ მათი კომბინაციაც ხდება. სტრეპტოკოკულ ეტიოლოგიის ინფექციას მოიხსენიებენ "ხორცის მჭამელი დაავადების" სახელით და იგი ოდნავ განსხვავებულად მიმდინარეობს.

კანის მანეკროზებელი ინფექციები ზოგჯერ ნაჩხვლეტი ჭრილობის დაბინძურების შედეგად ვითარდება, გარკვეულ შემთხვევებში მიზეზი ქირურგიული ჩარევის დროს წარმოქმნილი განაკვეთია, ზოგჯერ კი პროცესი შეუცვლელი კანიდან იწყება. პაციენტების გარკვეულ ნაწილს ნეკროზული ინფექციები დივერტიკულიტით, ნაწლავის პერფორაციით ან ინტესტინური სიმსივნით უვითარდებათ მუცელზე, გენიტალიების არეში ან ბარძაყებზე, მიზეზი ბაქტერიების კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან გაღწევა და კანში გავრცელებაა. დასაწყისში შესაძლოა განვითარდეს ინტრააბდომინური აბსცესები და შემდგომ აბსცესიდან პირდაპირ მოხდეს ბაქტერიების კანში გავრცელება. ანდა ჯერ აღწევენ სისხლის მიმოქცევის სისტემაში, საიდანაც ხვდებიან როგორც კანში, ასევე სხვა ორგანოებშიც.

სიმპტომები და დიაგნოზი

სიმპტომები ხშირად ცელულიტის მსგავსად იწყება. თავდაპირველად შესაძლოა გამოხატული იყოს კანის სიფერმკრთალე, რაც სწრაფად იცვლება სიწითლით, შეხებით კანი თბილია, ზოგჯერ გამოხატულია შეშუპებაც. მოგვიანებით კანი ხდება მეწამულისფერი, ხშირად ვითარდება დიდი ზომის სითხით სავსე ბუშტუკები (ბულები), რომელთა შიგთავსი ყავისფერი ან გამჭვირვალეა, ზოგჯერ უსიამოვნო სუნით. კანის მკვდარი უბნები შავ ფერს იღებს (განგრენა). ზოგიერთი სახის ინფექციას (მაგალითად, კლოსტრიდიით ან შერეული ბაქტერიებით განპირობებული მდგომარეობები) ახასიათებს აირის წარმოქმნა. აირი ბუშტუკების სახით კანქვეშ ან უშუალო ბულებში გროვდება, რაც ზეწოლისას კრეპიტაციას იწვევს. ინფიცირებული უბანი დასაწყისში მტკივნეულია, მაგრამ კანის კვდომასთან ერთად მგრძნობელობა ქვეითდება.

ზოგადი სიმპტომებიდან გამოხატულია ცხელება, გულისცემის გახშირება, მენტალური ცვლილებები გონების დაკარგვის ჩათვლით. ბაქტერიების მიერ გამოყოფილი ტოქსინების ან ორგანიზმის ინფექციაზე საპასუხო რეაქციის გავლენით შესაძლებელია დაეცეს სისხლის წნევა (სეპტიკური შოკი).

კანის მანეკროზებელი ინფექციების დიაგნოსტირება კლინიკური სურათის – განსაკუთრებით კანქვეშ აირის ბუშტუკების არსებობის საფუძველზე ხდება. დაგროვებული აირის გამოვლენა ასევე შესაძლებელია რენტგენის სხივებით. ინფექციურ პროცესში ჩართული ბაქტერიების იდენტიფიცირება დაზიანებული ქსოვილის ან გამონადენის ლაბორატორიული შესწავლის საფუძველზე ხდება, თუმცა, მკურნალობა გამომწვევი ბაქტერიის გამოვლენამდე უნდა დაიწყოს.

პროგნოზი და მკურნალობა

საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ია. გამოსავალი არასაიმედოა მოხუცებში, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის სხვა დარღვევები ან დაავადების შორსწასული ფორმების დროს. დაგვიანებული დიაგნოზი და მკურნალობა, მკვდარი ქსოვილის არასრულად მოცილება პროგნოზს აუარესებს. ნეკროზული ფასციიტის მართვა გულისხმობს ოპერაციული ჩარევით დაზიანებული ქსოვილის მოცილებას ინტრავენურ ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერთად. ხშირად ხდება კანის, ქსოვილებისა და კუნთების ფართო უბნების მოცილება, ზოგიერთ შემთხვევებში – დაზიანებული კიდურის (მხარი, ფეხი) ამპუტაციაც. ზოგიერთი ექიმი რეკომენდაციას უწევს ჰიპერბარიულ ოქსიგენოთერაპიას, თუმცა, მისი ეფექტურობა დამტკიცებული არ არის.