სტაფილოკოკური დამდუღრული კანის სინდრომი | მკურნალი.გე
  1. სტაფილოკოკური დამდუღრული კანის სინდრომი
  2. კანის ბაქტერიული ინფექციები
  3. კანის დაავადებები
სტაფილოკოკური დამდუღრული კანის სინდრომი

სტაფილოკოკური დამდუღრული კანის სინდრომი არის რეაქცია კანის სტაფილოკოკურ ინფექციაზე, რომელსაც ახასიათებს ისეთივე დაზიანება – ბუშტუკების ფორმირება და კანის აქერცვლა – როგორც დამწვრობას.

  • კანის დაზიანების გარდა პაციენტს აქვს ცხელება და ზოგადი სისუსტე.

  • დიაგნოზი კლინიკური სურათის საფუძველზე ხდება, თუმცა, ზოგჯერ ბიოფსიას მიმართავენ.

  • მკურნალობა ტარდება ინტრავენური ანტიბიოტიკებით.

სტაფილოკოკების ზოგიერთი სახეობა გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომელთა გავლენითაც ხდება ეპიდერმისის ზედაპირული შრის დანარჩენი კანისგან განცალკევება. რადგან გამომუშავებული ტოქსინი მთელ სხეულში ვრცელდება, კანის მცირე უბნის სტაფილოკოკურმა დაზიანებამ შესაძლოა მთელი სხეულის პილინგი გამოიწვიოს. სტაფილოკოკური დამდუღრული კანის სინდრომი თითქმის ექსკლუზიურად ვითარდება ჩვილებსა და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. იშვიათია მოხუცთა შორის (გამონაკლისია პაციენტები თირკმლის უკმარისობით და სუსტი იმუნური სისტემით). ისევე, როგორც სხვა სტაფილოკოკური ინფექციები, აღნიშნული სინდრომიც გადამდებია.

სიმპტომები

სიმპტომები იწყება იზოლირებული, ქერცლის დაფარული დაზიანებით, რომელიც გარკვეულწილად ჰგავს იმპეტიგოს. ახალშობილებში შესაძლოა მოიცავდეს საფენის უბანს ან პერიუმბილიკალურ მიდამოს. უფროსი ასაკის ბავშვებში ჩვეული ლოკალიზაციაა სახე, მოზრდილებში – სხეულის ნებისმიერი ნაწილი. აღნიშნული დაავადებისას ყველა პაციენტს ინფექციის დაწყებიდან ერთ დღეში ალისფერი, ირგვლივ ქერქით დაფარული უბნები უვითარდება, ინფიცირებული ადგილი შესაძლოა იყოს მტკივნეული, ზედმეტად დაჭიმული ან დანაოჭებული, ქაღალდის მსგავსი. მოგვიანებით პირველადი კერიდან დაშორებით კანის ფართო უბნებზე ვითარდება სიწითლე და ბუშტუკები, რომლებიც ადვილად სკდება.

თანდათანობით ეპიდერმისის ზედაპირული შრე იწყებს აშრევებას, ხშირად მსუბუქი შეხებითაც კი კანი დიდი ფურცლების სახით იფცქვნება და კლინიკურად დამდუღრულსემსგავსება. 1-2 დღეში პროცესში შესაძლოა მთელი კანი ჩაერთოს. დაავადებულს აქვს ცხელება, ზოგადი სისუსტე. კანის დამცავი ბარიერის კარგვასთან ერთად სხეულში სხვა ბაქტერიები და ინფექციური აგენტები მარტივად აღწევენ, მსგავს მდგომარეობას ექიმები სუპერინფექციის სახელით მოიხსენიებენ. გარდა ამისა, სითხის აორთქლებითა და ექსუდაციის გზით კრიტიკული რაოდენობის კარგვა დეჰიდრატაციის განვითარებას განაპირობებს.

დიაგნოზი და მკურნალობა

დიაგნოზი კლინიკური სურათის საფუძველზე – სტაფილოკოკური ინფექციის შემდეგ კანის აშრევებული უბნების შეფასებით ხდება. თუ არ არის სტაფილოკოკური ინფექციის სურათი, მიმართავენ ბიოფსიას, რომლის დროსაც იღებენ კანის მცირე ნაწილს, შემდეგ მასალა შესასწავლად ლაბორატორიაში იგზავნება. ასევე, მიმართავენ ცხვირიდან, თვალის ლორწოვანიდან (კონიუნქტივა), ყელიდან და ხახის ზედა ნაწილიდან (ცხვირ-ხახა) აღებული ნიმუშის კულტურალურ კვლევას.

მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკებით მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში. ადგილობრივად ჭრილობის ემოლიანტებით დამუშავება არბილებს კანს და იცავს მას გამოშრობისგან.