1. ტინეა
  2. კანის სოკოვანი ინფექციები
  3. კანის დაავადებები
ტინეა

ტინეა არის კანის სოკოვანი ინფექცია, გამოწვეული რამდენიმე განსხვავებული სოკოთი, მის კლასიფიკაციას ახდენენ სხეულზე ლოკალიზაციის მიხედვით.

  • დაავადების გამომწვევი სოკოები უპირატესად სხეულის ტენიან ადგილებში სახლდებიან

  • დაავადების სიმპტომებია გამონაყარი, აქერცვლა და ქავილი

  • დიაგნოზი ხდება დაზიანებული უბნის დათვალიერებით, ზოგჯერ კანიდან აღებულ მასალას სწავლობენ მიკროსკოპით ან მიმართავენ კულტურალურ კვლევას.

  • მკურნალობა მოიცავს ანტიფუნგალური საშუალებების ადგილობრივ ან პერორალურ გამოყენებას.

მიუხედავად დასახელებისა (Ringworm), დაავადებას არ იწვევს ჭიები, იგი მომდინარეობს ინფექციისთვის დამახასიათებელი ბეჭდის მსგავსი დაზიანებიდან. სიმპტომები სხეულზე ლოკალიზაციის მიხედვით განსხვავდება. დაავადების ამოცნობა ხშირად თვალის შევლებითაცაა შესაძლებელი. გამონაყარი წარმოდგენილია პატარა, ბეჭდის მსგავსი ელემენტებით, შესაძლოა ახლდეს მსუბუქი ქავილი და აქერცვლა, კიდეები კანიდან ოდნავ წამოწეულია. ყველაზე ხშირად ზიანდება თავი, კანი და ფრჩხილები (ინფექციას ეწოდება ფრჩხილის ტინეა და ონიქომიკოზი). მკურნალობა დაავადების ფორმების მიხედვით განსხვავებულია, მაგრამ ყოველთვის მოიცავს ადგილობრივ ან პერორალურ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს.

ათლეტის ტერფი

ათლეტის ტერფი (tinea pedis) არის ტერფის სოკოვანი ინფექცია.

ტერფის ტინეა (ტერფის დერმატოფიტია) არის კანის სოკოვანი ინფექცია, რომელიც უპირატესად თბილი ამინდის განმავლობაში ვითარდება. ადამიანიდან ადამიანზე საერთო საშხაპეების ან აბაზანებით სარგებლობისას ვრცელდება, დაინფიცირებულ ადგილას ფეხშიშველი სიარულის დროს. მჭიდრო ფეხსაცმლის ტარება მისი განვითარების ხელშემწყობი ფაქტორია. გამომწვევებს მიეკუთვნება Trichophyton ან Epidermophyton. სოკოს აღნიშნული სახეობები უპირატესად ფეხის თითებს შორის, თბილ, ტენიან ადგილებში იზრდება. ახასიათებს აქერცლილი გამონაყარი, სიწითლით ან სიწითლის გარეშე, ზოგჯერ ქავილი ახლავს. გარკვეულ შემთხვევებში აქერცვლა ფეხისგულებს მთლიანად მოიცავს, ვითარდება მტკივნეული ნახეთქები ან სითხით სავსე ბუშტები. რადგან ათლეტის ტერფის დროს დარღვეულია კანის მთლიანობა, მაღალია ბაქტერიული ინფექციის განვითარების რისკი, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებსა და ტერფის დაქვეითებული სისხლმომარაგებით დაავადებულებში.

დიაგნოზი ექიმისთვის აშკარაა კლინიკური სურათის მიხედვით რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით.

მკურნალობა

დაავადების სამკურნალოდ ადგილობრივი სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება უსაფრთხოა, მაგრამ ხშირია რეციდივები და საჭიროა ხანგრძლივად მოხმარება. პერორალური იტრაკონაზოლი და ტერბინაფინი ეფექტიანი მედიკამენტებია, თუმცა, გასათვალისწინებელია გარკვეული გვერდითი ეფექტების არსებობა. ტოპიკურ საშუალებებთან კომბინაციაში გამოყენებამ შესაძლოა ხელახალი შემთხვევების სიხშირე შეამციროს.

რეციდივების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ტერფისა და ფეხსაცმლის სიმშრალის შენარჩუნება. მნიშვნელოვანია ღია ფეხსაცმლის ტარება, განსაკუთრებით სიცხეში და წინდების ხშირი გამოცვლა. დაბანის შემდეგ თითებს შორის არე საგულდაგულოდ უნდა იქნეს გამშრალებული. ფეხის სიმშრალის უზრუნველსაყოფად გამოიყენება: სოკოს საწინააღმდეგო ფხვნილები (მაგ.: მიკონაზოლი), გენციან ვიოლეტი, ბუროვის ხსნარი (5%-იანი ალუმინის სუბაცეტატი) ან 20-25%-იანი ალუმინის ქლორიდის ჰექსაჰიდრატის ფხვნილი.

საზარდულის ტინეა

საზარდულის ტინეა (tinea cruris) არის საზარდულის სოკოვანი ინფექცია.

ბევრად უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. უპირატესად ვითარდება თბილი ამინდის განმავლობაში. დაავადება იწყება საზარდულის ნაოჭებიდან, შესაძლოა გავრცელდეს ბარძაყის ზედა შიგნითა ზედაპირზე, არ მოიცავს სკროტუმს (განსხვავებით საფუარას სოკოებით გამოწვეული ინფექციისგან), ქერცლით დაფარულ გამონაყარს აქვს ვარდისფერი კიდეები, ზოგჯერ არის მტკივნეული და ახლავს ქავილი. გვხვდება განმეორებითი შემთხვევები. უპირატესად მწვავდება ზაფხულის განმავლობაში.

დიაგნოზი ხდება კლინიკური სურათის საფუძველზე. მკურნალობა გულისხმობს სოკოს საწინააღმდეგო კრემებისა და ლოსიონების გამოყენებას. მათი უეფექტობის შემთხვევაში ან კანის გავრცელებული დაზიანების დროს პერორალური ანტიფუნგალური მედიკამენტები ინიშნება.

თავის თმიანი ნაწილის ტინეა

თავის თმიანი ნაწილის ტინეა (tinea capitis) არის სკალპის სოკოვანი ინფექცია.

დაავადების უპირატესი გამომწვევია ტრიქოფიტონი (Trichophyton). არის მაღალკონტაგიოზური, ხშირია ბავშვებში. კანზე შესაძლოა განვითარდეს ვარდისფერი, ქერცლით დაფარული, ქავილით მიმდინარე გამონაყარი ან ლაქები გაცვენილი თმით. იშვიათად იწვევს სკალპზე მტკივნეულ, ანთებით დაზიანებას შეშუპებით, საიდანაც ზოგჯერ ჩირქი (კერიონი) გამოედინება. კერიონი სოკოზე ალერგიული რეაქციის შედეგად ვითარდება და შესაძლოა ნაწიბუროვანი თმის ცვენის მიზეზი გახდეს.

დიაგნოზი

დიაგნოზი კლინიკური სურათის საფუძველზე ხდება. საჭიროების დროს მიმართავენ თმის ან კანის ნიმუშის მიკროსკოპულ კვლევას. საკვლევი მასალა მუშავდება სპეციალური ხსნარით, რაც დაავადების გამომწვევის იდენტიფიკაციას აიოლებს.

მკურნალობა

ბავშვებში სამკურნალოდ გამოიყენება სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტი – გრიზეოფულვინი პერორალურად, 6-დან 8 კვირის განმავლობაში. დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით (განსაკუთრებით ბავშვებში) საჭიროა ადგილობრივად ანტიფუნგალური კრემების დატანება. ასევე, კვირაში მინიმუმ ორჯერ გამოყენებული უნდა იქნეს სელენის სულფიდის 2,5%-იანი შამპუნი. მკურნალობის პერიოდში სკოლაში სიარული დასაშვებია.

მოზრდილებში პერორალურად ინიშნება ტერბინაფინი ან იტრაკონაზოლი. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამოყენებულ მედიკამენტზე. კანის მძიმე ანთებადი დაზიანების ან კერიონის დროს სიმპტომების შესამცირებლად და ნაწიბურის განვითარების შესაფერხებლად შესაძლოა ჩატარდეს პრედნიზოლონით მკურნალობის მოკლე კურსი.

სხეულის ტინეა (დერმატოფიტია)

სხეულის ტინეა (tinea corporis) არის სახის, ტანის, მხრებისა და ფეხების სოკოვანი ინფექცია.

მისი გამომწვევია Trichophyton, Microsporum ან Epidermophyton. ახასიათებს მრგვალი ლაქები, ვარდისფერი აქერცლილი კიდეებითა და სუფთა ცენტრალური ნაწილით. ზოგჯერ ახლავს ქავილი. შესაძლოა განვითარდეს კანის ნებისმიერ უბანზე და სწრაფად გავრცელდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ან მჭიდრო კონტაქტში მყოფ პირებში. დიაგნოზი ხდება ფიზიკალური გამოკვლევით.

მკურნალობა

სამკურნალოდ გამოიყენება ადგილობრივი სოკოს საწინააღმდეგო კრემის, ლოსიონის ან გელის დღეში ორჯერადი აპლიკაცია, რაც გამონაყარის სრულად გაქრობიდან 7-10 დღის განმავლობაში გრძელდება. მკურნალობის დროზე ადრე შეწყვეტისას ინფექცია შესაძლოა ბოლომდე ვერ აღმოიფხვრას, შედეგად დაავადება ხელახლა იწყება. ანტიფუნგალური საშუალებების გამოყენებისას სიმპტომების შემცირება შესამჩნევია რამდენიმე დღეში. პირველი დღეების განმავლობაში ქავილის შესამცირებლად ხშირად კორტიკოსტეროიების შემცველი კრემები ინიშნება. ხელმისაწვდომია დაბალი დოზით ჰიდროკორტიზონი. ბაქტერიული ინფექციის თანდართვის შემთხვევაში ადგილობრივად ან პერორალურად ანტიბიოტიკებს ნიშნავენ.

Trichophyton Rubrum-ითდაინფიცირებისას ან მძიმე სისტემური დაავადებების მქონე პირებში შესაძლოა განვითარდეს ვრცელი რეზისტენტული ინფექციები. ასეთ შემთხვევებში ეფექტურია 2-3 კვირის განმავლობაში პერორალურად იტრაკონაზოლის ან ტერბინაფინის გამოყენება.

წვერის ტინეა

წვერის ტინეა არის წვერის სოკოვანი ინფექცია, რომელიც უხშირესად გამოწვეულია Trichophyton mentagrophytes-ით და Trichophyton verrucosm-ით.

დაავადებას, როგორც წესი, ახასიათებს ზედაპირული, მრგვალი ლაქების ფორმირება, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა ინფექციის ღრმა შრეებში გავრცელება ან ანთებითი კერიონის ფორმირება მოხდეს. უკანასკნელის შედეგად ვითარდება ნაწიბუროვანი თმის ცვენა. წვერის ტინეა იშვიათია, აღნიშნული უბნის კანის დაზიანების მიზეზი უპირატესად ბაქტერიული ინფექციაა (ნაკლებად სოკოვანი). დიაგნოსტიკა ხდება კანის ნიმუშის მიკროსკოპული კვლევით.

სამკურნალოდ გამოიყენება სოკოს საწინააღმდეგო პერორალური მედიკამენტები – გრიზეოფულვინი, ტერბინაფინი ან იტრაკონაზოლი. მძიმე ანთებადი დაზიანების დროს, სიმპტომების შესამსუბუქებლად და ნაწიბურის ფორმირების თავიდან ასაცილებლად დამატებით შესაძლოა პრედნიზოლონის მოკლე კურსი დაინიშნოს.