1. მეჭეჭები (კანის ვირუსული ინფექციები)
  2. კანის ვირუსული ინფექციები
  3. კანის დაავადებები
მეჭეჭები (კანის ვირუსული ინფექციები)

მეჭეჭები არის კანის პატარა წანაზარდები, რომელთა გამოწვევი ადამიანის პაპილომავირუსის 100-ზე მეტი სახეობიდან რომელიმეა.

  • კანიდან წამოწეული ან ბრტყელი ელემენტები ვითარდება სხეულის ნებისმიერ უბანზე;

  • მეჭეჭების უმრავლესობა უმტკივნეულოა;

  • დიაგნოზი ხდება წარმონაქმნის თვალით შეფასებით, იშვიათად საჭიროა ბიოფსია;

  • მეჭეჭებს, რომლებიც თავისით არ ქრება, აცილებენ ქიმიური ნივთიერებების მეშვეობით, მოყინვით, მოწვით ან ამოჭრით.

მეჭეჭები შესაძლოა განვითარდეს ნებისიერ ასაკში, მაგრამ უპირატესად გვხვდება ბავშვებში, იშვიათია ასაკოვანთა შორის. ადამიანს უვითარდება ერთი, ორი ან ასობით წარმონაქმნი. ვირუსის გავრცელება სხეულის სხვა უბნებზე ხანგრძლივი ან განმეორებითი კონტაქტის საფუძველზე ხდება. არის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების შემთხვევებიც. გენიტალიური მეჭეჭები გადაეცემა სქესობრივი კონტაქტის გზით.

მეჭეჭების უმრავლესობა უვნებელია, თუმცა, გარკვეული დისკომფორტი ახლავს. გამონაკლისი გენიტალიური მეჭეჭის ზოგიერთი სახეობაა, რომელიც ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს.

სიმპტომები

მეჭეჭების კლასიფიკაცია ხდება ადგილმდებარეობისა და ფორმის მიხედვით. მათი ნაწილი იზრდება კლასტერებად (მოზაიკური მეჭეჭები), ნაწილი იზოლირებულია, უმრავლეს შემთხვევაში არ ახლავს ტკივილი, ამ მხრივ გამონაკლისი პლანტარული მეჭეჭებია.

ჩვეულებრივი მეჭეჭები: ასევე უწოდებენ ვულგარულ მეჭეჭებს, შესაძლოა დააზიანოს ნებისმიერი ადამიანი. არის მყარი კონსისტენციის, აქვს უხეში ზედაპირი, უპირატესად მომრგვალოა, გვხვდება უსწორმასწორო ფორმებიც. ფერით სხვადასხვაგვარია – ნაცრისფერი, ყვითელი ან ყავისფერი. დიამეტრი 1/2 ინჩზე (დაახლოებით 1 სანტიმეტრი) ნაკლებია. უპირატესი ლოკალიზაციაა: მუხლები, სახე, ხელის თითები, იდაყვები, ფრჩხილის ირგვლივ უბნები. ვულგარულ მეჭეჭებს ახასიათებს ირგვლივ მდებარე კანზე გავრცელება.

პლანტარული მეჭეჭები: ვითარდება ფეხის ქუსლებზე, სიარულისას მუდმივი ზეწოლის გამო იღებს ბრტყელ ფორმას, იფარება კანის გაუხეშებული შრით, აქვს მკვეთრი საზღვრები. ფეხზე დგომისას ან სიარულის დროს ახლავს ძლიერი ტკივილი. ხშირად არის ნაცრისფერი ან ყავისფერი, პატარა, შავი ცენტრალური უბნით. კოჟრებისგან განსხვავებით, ზედაპირის დანით მოცილების დროს წერტილოვანი სისხლდენა ვითარდება. ზოგჯერ ხდება პატარა მეჭეჭების გაერთიანება კლასტერებად (მოზაიკური მეჭეჭი).

ფრჩხილის ირგვლივ მდებარე მეჭეჭები: ფრჩხილის ირგვლივ ვითარდება სქელი, ყვავილოვანი კომბოსტოს მსგავსი წარმონაქმნი. ზოგჯერ ფრჩხილი კუტიკულას კარგავს და მის ირგვლივ კანის ინფექციური დაზიანება ყალიბდება. ფრჩხილების მოკვნეტა მეჭეჭების ფორმირების რისკს ზრდის.

ძაფისებრი მეჭეჭები: არის გრძელი, წვრილი, პატარა წანაზარდები, უპირატესად ლოკალიზებულია ქუთუთოებზე, სახეზე, კისერზე ან ტუჩებზე.

ბრტყელი მეჭეჭები: ხშირია ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის. ახასიათებს ჯგუფურად განლაგებული გლუვი მოყვითალო-ყავისფერი, ვარდისფერი ან ხორცისფერი დაზიანება. უპირატესად ლოკალიზებულია სახესა და მტევნებზე, პარსვის მეშვეობით მამაკაცებში შესაძლებელია წვერის მიდამოში, ხოლო ქალებში ფეხებზე გავრცელდეს.

გენიტალიური მეჭეჭები: ასევე უწოდებენ ვენერიულ მეჭეჭებს ან მახვილწვეტიან კონდილომებს. ჩვეული ლოკალიზაციაა სასქესო ასო, ანუსი, ვულვა, საშო და საშვილოსნოს ყელი. ახასიათებს უსწორმასწორო, კანიდან წამოწეული, ყვავილოვანი კომბოსტოს მსგავსი დაზიანება.

დიაგნოზი

დიაგნოზი კლინიკური სურათის საფუძველზე ხდება. საეჭვო შემთხვევებში ტარდება კანზე არსებული წარმონაქმნის ბიოფსია და მიღებული მასალის მიკროსკოპული კვლევა.

მკურნალობა

ბევრი მეჭეჭი, განსაკუთრებით ჩვეულებრივი მეჭეჭები, 1-2 წელიწადში თავისთავად ქრება და სპონტანური მოცილების შემთხვევაში იშვიათად ტოვებენ ნაწიბურს. უმტკივნეულო მეჭეჭები, რომლებიც არ მოიაზრება ფსიქოლოგიური დისტრესის მიზეზად, გენიტალური მეჭეჭისგან განსხვავებით, მკურნალობას არ საჭიროებს. დაავადების ყველა ტიპს მოცილების შემდეგ განმეორებითი შემთხვევები ახასიათებს. მკურნალობას ძნელად ექვემდებარება ბრტყელი მეჭეჭები.

ზოგადად, მეჭეჭების მოცილება ხდება შემდეგი მეთოდებით:

  • ქიმიური: ჩვეულ ქიმიურ საშუალებებს მიეკუთვნება სალიცილის მჟავა, ტრიქლორაცეტის მჟავა, კანთარიდინი და პოდოფილინი. ბრტყელი მეჭეჭების სამკურნალოდ ხშირად გამოიყენება ამქერცლავი აგენტები, როგორიც არის რეტინოლის ან სალიცილის მჟავა, ასევე 5 ფლუოროურაცილი კრემის ან ხსნარის სახით. იმიქიმოდი არის გენიტალიური მეჭეჭების სამკურნალო ახალი კრემი, ზოგჯერ დაავადების სხვა ფორმების დროსაც ინიშნება. მედიკამენტების ნაწილის გამოყენება ხდება უშუალოდ პაციენტის მიერ, ნაწილისა კი – მხოლოდ ექიმის მონაწილეობით. მათი უმრავლესობა იწვევს ნორმალური კანის დამწვრობას, ამიტომ სახლის პირობებში მკურნალობის დროს სიფრთხილის ზომების დაცვაა საჭირო. ქიმიკატების აპლიკაცია, როგორც წესი, გრძელდება რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში. მეჭეჭებიდან მკვდარი ქსოვილების მოცილება სახლში ან ექიმის ოფისში ხდება.

  • მოყინვა (კრიოთერაპია) არის მკურნალობის უსაფრთხო მეთოდი. როგორც წესი, არ საჭიროებს ანესთეზიას, მაგრამ ბავშვებისთვის შესაძლოა მტკივნეული იყოს. პროცედურის დროს გამოიყენება თხევადი აზოტი. კრიოთერაპიას ხშირად მიმართავენ ბრტყელი და ფრჩხილის ქვეშ მდებარე მეჭეჭების შემთხვევაში. ხშირად საჭიროა მრავალჯერადი მკურნალობა ერთთვიანი ინტერვალებით (განსაკუთრებით დიდი ზომის მეჭეჭების დროს).

  • მოწვა და ამოჭრა: აღნიშნული მეთოდებით მკურნალობა არის ეფექტიანი, მაგრამ ახლავს ტკივილი და, როგორც წესი, ნაწიბურს ტოვებს. მეჭეჭების მოსაწვავად გამოიყენება ლაზერის სხივები ან ელექტრული დენი. შედეგიანია იმპულსური ლაზერიც (PDL pulsed dye laser), მაგრამ მოყინვის მსგავსად, მრავალჯერად მკურნალობას მოითხოვს.