მზით დამწვრობა | მკურნალი.გე
  1. მზით დამწვრობა
  2. მზის გამოსხივება და კანის დაზიანება
  3. კანის დაავადებები
მზით დამწვრობა

  • მზით დამწვრობა ულტრაიისფერი სხივების ხანმოკლე, ჭარბი ექსპოზიციის შედეგად ვითარდება.

  • ახლავს კანის სიწითლე და ტკივილი, ზოგჯერ ვითარდება კანის ბუშტუკოვანი დაზიანება, ცხელება და შემცივნება.

  • მისი პრევენცია შესაძლებელია მზის ჭარბი ექსპოზიციისგან თავის არიდებითა და დამცავი კრემების გამოყენებით.

  • ცივი წყლის კომპრესები, დამატენიანებელი საშუალებები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები დამწვრობის სიმპტომებს ამცირებს.

მზით დამწვრობა ულტრაიისფერი (უი) სხივების ხანმოკლე (მწვავე), ჭარბი ექსპოზიციის შედეგად ვითარდება. უი სხივების რაოდენობა, რომელიც დამწვრობას იწვევს, სხვადასხვა პიროვნებისთვის განსხვავებულია, იგი დამოკიდებულია პიგმენტაციასა და მელანინის პროდუქციის უნარზე.

დამწვრობის შედეგად კანი წითელი და მტკივნეული ხდება. მძიმე დაზიანებას თან ახლავს ბუშტუკები და შეშუპება. სიმპტომების გამოვლენა შესაძლოა მზის ზემოქმედებიდან 1 საათში დაიწყოს და, როგორც წესი, მაქსიმუმს 3 დღეში აღწევს. ზოგიერთ პიროვნებას მძიმე დამწვრობით უვითარდება ცხელება, შემცივნება, სისუსტე, იშვიათ შემთხვევებში – შოკი (ახასიათებს ძალიან დაბალი წნევა, გულის წასვლა და ძლიერი სისუსტე). დამწვრობიდან რამდენიმე დღეში ბუნებრივად ღია ფერის ადამიანებს შესაძლოა დაზიანების არეში კანი აექერცლოთ, რასაც თან ქავილი ახლავს. ჩამოფცქვნილი უბნები რამდენიმე კვირის განმავლობაში მზის გამოსხივების მიმართ უფრო მგრძნობიარე ხდება. ახალგაზრდობაში მძიმე დამწვრობა ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს, მოგვიანებით ასაკში – მზის ხანგრძლივი ზემოქმედებისგან დაცვის შემთხვევაშიც კი.

პრევენცია

გამოსხივების თავიდან არიდება: მზის გამოსხივებით გამოწვეული დაზიანების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება ძლიერი, პირდაპირი სხივების ექსპოზიციისგან დაცვაა. თუ მზეზე ყოფნა გარდაუვალია, აუცილებელია ქუდის, ტანსაცმლისა და სათვალის ტარება უი დაცვით. ასევე, სპეციალური კრემების გამოყენება. ბევრი მასალა ბლოკავს უი სხივებს, თუმცა, არა ყველა. ტანსაცმელი, ჩვეულებრივი ფანჯრის მინა, კვამლი და სმოგი დამაზიანებელი სხივების უმრავლესობას ფილტრავს, მაგრამ წყალი არ არის კარგი ფილტრი. UVA-ს აქვთ უნარი, ერთი ფუტის (დაახლოებით 30 სმ) წმინდა წყალში შეაღწიონ. ასევე, უი გამოსხივებას ვერ აკავებს ღრუბელი და ნისლი, ამიტომაცაა, რომ ადამიანმა მზით დამწვრობა შესაძლოა ღრუბლიან და ნისლიან ამინდშიც მიიღოს. თოვლი, წყალი და ქვიშა ირეკლავს სხივებს, რის შედეგადაც უი სხივების კანზე ზემოქმედება იზრდება. ასევე, დამწვრობა უფრო სწრაფად ვითარდება მაღალ სიმაღლეზე, რადგან ჰაერის თხელი ფენა უი სხივებს საკმარისად ვერ აკავებს.

მზისგან დამცავი საშუალებები: მზის პირდაპირი, მძლავრი გამოსხივების ზემოქმედებამდე აუცილებელია მათი გამოყენება. მზისგან დამცავი კრემები და მალამოები შეიცავს სპეციალურ ნივთიერებებს, რომელიც ფილტრავს უი სხივებს და კანს დაზიანებისგან იცავს. თავდაპირველად არსებული საშუალებები უპირატესად აკავებდა UVB-ს, ამჟამად ხელმისაწვდომია მათი ბევრი ახალი ვარიანტი, რომლებიც "სრულ სპექტრს", მოიცავს, მათ შორის – UVA-ს.

დამცავი საშუალებების შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებს, როგორიცაა პარაამინობენზოლის მჟავა (PABA) და ბენზოფენონი, აქვთ უნარი, შთანთქან უი სხივები. რადგან PABA დაუყოვნებლივ არ ავლენს ეფექტს, მისი შემცველი კრემები გამოიყენება მზის ან წყლის აბაზანამდე 30 წუთით ადრე. PABA ზოგჯერ კანის გაღიზიანებას და ალერგიულ რეაქციებს იწვევს. საშუალებების უმრავლესობა შეიცავს როგორც PABA-ს, ასევე ბენზოფენონს ან სხვა ქიმურ ნივთიერებებს. აღნიშნული კომბინაცია უზრუნველყოფს უი სხივების ფართო სპექტრისგან კანის დაცვას. მართალია, ბევრ მათგანს აქვს მითითება, რომ წყალგამძლეა, მაგრამ უმრავლესობა მაინც მოითხოვს ხშირ აპლიკაციას (ცურვის, ოფლიანობის შემდეგ).

საშუალებების ნაწილი შეიცავს თუთიის ოქსიდს ან ტიტანის დიოქსიდს, რომელთა მიერაც სხივების კანში შეღწევისთვის ფიზიკური ბარიერი იქმნება. მსგავსი შემადგენლობის სქელი, თეთრი მალამოები მზის გამოსხივებას თითქმის სრულად აკავებს და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს პატარა, ზედმეტად მგრძნობიარე უბნებზე (ცხვირი, ტუჩები). ასევე, თუთიის ოქსიდს ან ტიტანის დიოქსიდს ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალებაც შეიცავს. ახალწარმოებული კრემები კონსისტენციითა და ფერით ბევრად მისაღებია.

აშშ-ში კრემების ეფექტიანობა ფასდება მზისგან დამცავი ფაქტორის (SPF) ნომრის მიხედვით – რაც უფრო მაღალია იგი, მით მეტად იცავს კანს. SPF 2-დან 12 უზრუნველყოფს ზომიერ დაცვას, 13-29 – კარგ დაცვას და 30 ან ზემოთ – მაქსიმალურ დაცვას. SPF მხოლოდ UVB-სგან დაცვას ასახავს.

მკურნალობა

ონკანის ცივი წყლის კომპრესები დაზიანებული უბნების გაგრილებას უზრუნველყოფს. გამოიყენება ასევე კანის დამატენიანებელი საშუალებები ანესთეტიკისა და არომატის გარეშე (კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად), არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები (აას) უზრუნველყოფს ტკივილისა და ანთების შემცირებას. კრემები და მალამოები, ადგილობრივი ანესთეტიკის (მაგ: ბენზოკაინი) შემცველობით, სიმპტომებს დროებით ამსუბუქებენ, მაგრამ სახიფათოა ალერგიული რეაქციის განვითარების თვალსაზრისით და მათი გამოყენება სასურველი არ არის. მძიმე დამწვრობის დროს პერორალურად კორტიკოსტეროიდები ინიშნება, ბუშტუკოვანი დაზიანების შემთხვევაში – ანტიბიოტიკების შემცველი დამწვრობის კრემები. ბუშტუკების უმრავლესობა დრენირებას არ საჭიროებს, დამოუკიდებლად იხსნებიან. იშვიათად ვითარდება დამწვრობის ინფიცირება, რაც შეხორცების პროცესს ახანგრძლივებს. ინფექციის სიმძიმის მიხედვით ტარდება ანტიბიოტიკოთერაპია.

დამწვრობიდან რამდენიმე დღეში კანი იწყებს აღდგენას, მაგრამ სრულ გამოჯანმრთელებას შესაძლოა კვირები დასჭირდეს. ახალი კანი თხელი და ზედმეტად მგრძნობიარეა მზის სხივების მიმართ, რის გამოც გარკვეული პერიოდის განმავლობაში სასურველია მისი დაცვა.