მზის გამოსხივება და კანის დაზიანება | მკურნალი.გე
  1. მზის გამოსხივება და კანის დაზიანება
  2. კანის დაავადებები
მზის გამოსხივება და კანის დაზიანება

კანი იცავს სხეულს მზის გამოსხივებისგან.

ულტრაიისფერი ნათება: მიუხედავად იმისა, რომ უხილავია ადამიანის თვალისთვის, მზის დანარჩენ სხივებთან შედარებით, კანზე ყველაზე მეტად მოქმედებს. ტალღის სიგრძის მიხედვის განასხვავებენ უი სხივების სამ ტიპს: უი A (UVA), უი B (UVB) და უი C (UVC).

მცირე რაოდენობით უი სხივები სასარგებლოა, ვინაიდან ეხმარება სხეულს D ვიტამინის წარმოქმნაში. მისი სიჭარბე აზიანებს დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (DNM – სხეულის გენეტიკური მასალა) და ცვლის კანის უჯრედების შემადგენელი ნივთიერებების რაოდენობასა და სახეს, რის საფუძველზეც უი სხივების არასასურველი ეფექტები ყალიბდება, რომელთა შორისაა: დამწვრობა, კანის ნაადრევი დაბერება, ნაოჭების ფორმირება და კანის კიბო. მიუხედავად იმისა, რომ UVA კანში უფრო ღრმად აღწევს, უი სხივებით გამოწვეული დაზიანებების უმეტესი წილი UVB-ზე მოდის.

დედამიწის ზედაპირამდე მოღწეული უი სხივების რაოდენობა თანდათან იზრდება, განსაკუთრებით ეს ჩრდილო განედს ეხება. მიზეზად მოიაზრება ოზონის შრის დამცველობითი უნარის დაქვეითება. ოზონი ბუნებრივი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც უი სხივების უმეტესებას აკავებს. ქიმიური რეაქციები ოზონსა და ქლორფტორნახშირბადებს (მაცივარაგრეგატებისა და საფრენი აპარატების ნივთიერებები) შორის იწვევს ოზონის დამცავი შრის დაზიანებას ოზონის დაშლის ხარჯზე. დედამიწის ზედაპირამდე მოღწეული უი სხივების რაოდენობა ასევე სხვა ფაქტორებზეც არის დამოკიდებული. უი გამოსხივება უფრო ინტენსიურია დღის 10-დან 3 საათამდე პერიოდში, ზაფხულში და მაღალ სიმაღლეზე. კვამლი და სმოგი ფილტრავს მრავალ უი სხივს, მაგრამ მათ აქვთ უნარი, გააღწიონ ღრუბლებში, ნისლსა და დაახლოებით ერთი ფუტ სუფთა წყალში.

ბუნებრივი დაცვა: უი სხივების გავლენით კანი გარკვეულ ცვლილებებს განიცდის, რაც მას დაზიანებისგან იცავს. მაგ: ეპიდერმისი (კანის ზედაპირული შრე) სქელდება, რაც აფერხებს უი სხივების შეღწევადობას კანში, მელანოციტებში (კანის პიგმენტის მაპროდუცირებელი უჯრედები) იზრდება მელანინის პროდუქცია, შედეგად ვითარდება კანის გამუქება (რუჯი). მელანინი შთანთქავს უი სხივების ენერგიას და კანის უჯრედებს დაზიანებისგან იცავს, ამასთანავე, ეწინააღმდეგება სხივების ქსოვილებში ღრმად პენეტრაციას.

მზის გამოსხივებისადმი მგრძნობელობა კანში მელანინის შემცველობის შესაბამისად იცვლება. მუქი კანის ფერის მქონე ადამიანებს მელანინი უფრო მეტი რაოდენობით აქვთ და მზის მავნე გამოსხივებისგან უკეთესად არიან დაცულნი. მისი რაოდენობა დამოკიდებულია როგორც გენეტიკურ ფაქტორზე, ასევე ბოლო პერიოდში მზის ზემოქმედების ხანგრძლივობაზე. ადამიანების ნაწილში უი სხივების გავლენით პიგმენტი დიდი რაოდენობით გამომუშავდება, ნაწილში კი – ძალიან ცოტა. ალბინოსებში მელანინი უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ გამომუშავდება.

მზის გამოსხივება და კანის დაზიანება: მზის გამოსხივება იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, ნაოჭების ფორმირებას, მის არათანაბარ პიგმენტაციას, სიწითლესა და გაუხეშებას. მართალია, თეთრკანიანები უფრო მეტად არიან მათდამი მიდრეკილნი, მაგრამ მსგავსი ცვლილებები ნებისმიერს უვითარდება.

რაც მეტია მზის ზემოქმედების ხანგრძლივობა, მით მაღალია კანის კიბოს განვითარების რისკი, მათ შორისაა: ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა, ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა და ავთვისებიანი მელანომა.

მკურნალობა: მზის გამოსხივების არასასურველი გავლენის შემცირება მისი შემდგომი ზემოქმედებისგან თავდაცვით არის შესაძლებელი. უკვე განვითარებული ცვლილებები კი ძნელი გამოსასწორებელია. ნაოჭების დაფარვაში კანის დამატენიანებელი საშუალებები და მაკიაჟი გვეხმარება. ქიმიური პილინგი, ალფა-ჰიდროქსი მჟავა, ტრეტინოინის კრემი და ლაზერი შესაძლოა ეფექტიანი იყოს ზედაპირული ნაოჭებისა და არათანაბარი პიგმენტაციის დროს. ღრმა ნაოჭები და კანის სხვა სერიოზული დაზიანებები მნიშვნელოვან მკურნალობას მოითხოვს.