ჰემოფილუს ინფლუენცათი გამოწვეული ინფექციები | მკურნალი.გე
  1. ჰემოფილუს ინფლუენცათი გამოწვეული ინფექციები
  2. ბაქტერიული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
ჰემოფილუს ინფლუენცათი გამოწვეული ინფექციები

ჰემოფილუს ინფლუენცა იწვევს სასუნთქი ტრაქტის ინფექციებს, რომლებიც შეიძლება გავრცელდნენ სხვა ორგანოებზეც.

  • ინფექცია ვრცელდება ცემინებით, ხველებით ან შეხებით;

  • ბაქტერიებმა შეიძლება გამოიწვიონ შუა ყურის ინფექცია, სინუსიტი და კიდევ უფრო სერიოზული ინფექციები, მათ შორის მენინგიტი და ეპიგლოტიტი;

  • დაინფიცირებული ქსოვილიდან აღებულ ნიმუშში ბაქტერიის აღმოჩენა ადასტურებს დიაგნოზს;

  • ბავშვებს რუტინულად ეძლევათ ვაქცინა, რომელიც ეფექტურად ახდენს ჰემოფილუს ინფლუენცას B ტიპით გამოწვეული ინფექციების თავიდან აცილებას;

  • ინფექციებს მკურნალობენ დასალევი ანტიბიოტიკებით, ხოლო სერიოზულ ინფექციებს – ინტრავენური ანტიბიოტიკებით.

ჩვეულებრივ, ჰემოფილუსის ბევრი სახეობა სახლობს ბავშვებისა და მოზრდილების ზედა სასუნთქ გზებში და იშვიათად იწვევს დაავადებას. ერთ-ერთი სახეობა იწვევს შანკროიდს – სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას. სხვა სახეობები იწვევენ გულის სარქვლების ინფექციებს (ენდოკარდიტი) და იშვიათად ჩირქგროვებს ტვინში, ფილტვებსა და ღვიძლში. სახეობა, რომელიც იწვევს ინფექციების უმტეს ნაწილს არის ჰემოფილუს ინფლუენცა.

ჰემოფილუს ინფლუენცამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციები ბავშვებსა და ზოგჯერ მოზრდილებშიც, რომელთაც აქვთ ფილტვების ქრონიკული დაავადებები ან დასუსტებული იმუნური სისტემა. ინფექცია ვრცელდება ცემინებით, ხველებით ან დაინფიცრებული ადამიანების შეხებით. მეტად სავარაუდოა, რომ სერიოზულ ინფექციას გამოიწვევს ჰემოფილუს ინფლუენცას ერთი ტიპი, რომელსაც B ტიპი ეწოდება.

ბავშვებში ჰემოფილუს ინფლუენცას B ტიპი (Hib) შეიძლება გავრცელდეს სისხლის მიმოქცევით (რითაც იწვევს ბაქტერიემიას) და დააინფიციროს სახსრები, ძვლები, ფილტვები, სახისა და კისრის კანი, თვალები, საშარდე ტრაქტი და სხვა ორგანოები. ბაქტერიამ შეიძლება გამოიწვიოს ორი მწვავე, ხშირად ლეტალური ინფექცია: მენინგიტი და ეპიგლოტიტი (ხორხის ზემოთ არსებული ქსოვილის ნაკეცის ინფექცია) ზოგიერთი შტამი იწვევს შუა ყურის ინფექციას ბავშვებში, სინუსების ინფექციას ბავშვებსა და მოზრდილებში და ფილტვების ინფექციას მოზრდილებში, განსაკუთრებით კი მათში, ვისაც აქვს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდი) ან აივ ინფექცია.

სიმპტომები და დიაგნოზი

სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია ორგანიზმის დაზიანებულ ნაწილზე.

ინფექციის დიაგნოსტირების მიზნით ექიმები იღებენ სისხლის, ჩირქის, ან სხეულის სხვა სითხეების ნიმუშებს და გზავნიან ლაბორატორიაში ბაქტერიების გაზრდის (კულტივირების) მიზნით. თუ ადამიანს აქვს მენინგიტის სიმპტომები, ექიმები ატარებენ ლუმბალურ პუნქციას თავ-ზურგტვინის სითხის ნიმუშის ასაღებად. ნიმუშში ბაქტერიის აღმოჩენა აზუსტებს დიაგნოზს.

პრევენცია და მკურნალობა

ხდება ბავშვების რუტინული ვაქცინაცია ჰემოფილუს ინფლუენცას B ტიპის საწინააღმდეგოდ. ვაქცინა ძალზე ეფექტურია, განსაკუთრებით კი, მენინგიტის, ეპიგლოტიტისა და ბაქტერიემიის თავიდან აცილების მიზნით.

მენინგიტის მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე. ჩვეულებრივ, პაციენტს ინტრავენურად უკეთდება ანტიბიოტიკი – ცეფტრიაქსონი ან ცეფოტაქსიმი. კორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა თავიდან აგვაცილოს ტვინის დაზიანება.

აუცილებელია ეპიგლოტიტის რაც შეიძლება სწრაფად მკურნალობა. ასეთ დროს ადამიანებს შესაძლოა დასჭირდეთ დახმარება, რომ ისუნთქონ. ამ მიზნით იქმნება ხელოვნური ჰაერგამტარი გზა: იდგმება სასუნთქი მილი ან იშვითად, სასულეში კეთდება შესავალი. ამ პროცედურას ეწოდება ტრაქეოსტომა. გამოიყენება ანტიბიოტიკი რიფამპიცინი, რომელსაც შეუძლია ყელში ბაქტერიების სრულად განადგურება. ეს ანტიბიოტიკი ინიშნება საავადმყოფოდან გაწერამდე.

თუ იმ ადამიანის ოჯახში, რომელსაც ჰქონდა ჰემოფილუს ინფლუენცას B ტიპით გამოწვეული სერიოზული ინფექცია, ცხოვრობს 4 წლამდე ასაკის ბავშვი, რომელიც სრულად არ არის აცრილი ჰემოფილუს ინფლუენზას B ტიპის საწინააღმდეგოდ, ბავშვი უნდა აიცრას. აგრეთვე საჭიროა, რომ ოჯახის ყველა წევრმა, ორსული ქალების გარდა, დალიოს ანტიბიოტიკი, როგორიცაა მაგ. რიფამპიცინი, რათა მოხდეს ინფექციის თავიდან აცილება.

ჰემოფილუს ინფლუენცას მიერ გამოწვეულ სხვა ინფექციებს მკურნალობენ სხვადასხვა დასალევი ანტიბიოტიკებით. მათ მიეკუთვნება ამოქსიციინ-კლავულანი, აზითრომიცინი, ცეფალოსპორინები, კლარითრომიცინი, ფტორქინოლონები და ტრიმეტოპრიმ-სულფომეთოქსაზოლი.