ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა | მკურნალი.გე
  1. ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა
  2. კანის კიბო
  3. კანის დაავადებები
ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა

ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა არის კიბო, რომელიც ვითარდება კანის ზედაპირული შრის (ეპიდერმისი) უჯრედებიდან.

  • როგორც წესი, კანზე ჩნდება პატარა, მბრწყინავი ამობურცულობა ნელი ზრდით;

  • წარმონაქმნი შესაძლოა გაიხსნას და დაიფაროს ქერქით, გახდეს სისხლმდენი ანდა ბრტყელი, დაემსგავსოს ნაწიბურს;

  • მიუხედავად იმისა, რომ კიბოს აღნიშნული ფორმის იდენტიფიცირება ხშირად თვალითაც შესაძლებელია, საჭიროა ჩატარდეს ბიოფსია;

  • მკურნალობა მოიცავს კიბოს ამოკვეთას და ასევე, ქიმიოპრეპარატების გამოყენებას.

ბაზალური უჯრედები ეპიდერმისის ყველაზე ღრმა შრეში გვხვდება, თუმცა, ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა შესაძლოა მათგან არ ვითარდებოდეს. დაავადების სახელწოდებას კიბოს უჯრედების ბაზალურ უჯრედებთან მსგავსება განაპირობებს. იგი ადამიანებში ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა. აშშ-ში ყოველწლიურად მისი 800 000-ზე მეტი შემთხვევა რეგისტრირდება. ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა, როგორც წესი, ვითარდება კანის იმ ზედაპირზე, რომელიც მზის სხივების ზემოქმედებას ხანგრძლივად განიცდის – ხშირად თავსა და კისერზე.

დასაწყისში, როგორც წესი, ვითარდება პატარა მყარი, მბრწყინავი, კანიდან წამოწეული წარმონაქმნი (პაპულა), რომელიც იზრდება ძალიან ნელა, ზოგჯერ იმდენად ნელა, რომ შესამჩნევადაც ძნელია. თუმცა, ზრდის სიჩქარე სიმსივნის სხვადასხვა ფორმის დროს განსხვავებულია, ზოგიერთი იზრდება წელიწადში 1/2 ინჩით (დაახლოებით 1 სმ-ით).

ბაზალურუჯრედოვანი კარცინომები ფორმით შესაძლოა მკვეთრად განსხვავდებოდნენ. გვხვდება როგორც კანიდან წამოწეული კვანძები, ზოგჯერ სისხლმდენი და ცენტრალურ ნაწილში ქერქით დაფარული, ასევე ბრტყელი მოვარდისფრო ან წითელი ქერცლით დაფარული ბალთები. კიბოს კიდეები შესაძლოა გასქელდეს და მარგალიტივით თეთრი გახდეს. ზოგჯერ ერთმანეთს ენაცვლება სისხლდენისა და ქერქების ფორმირების პერიოდები წარმონაქმნის მოშუშებით, რაც არასწორად აფიქრებინებს პაციენტს კანის არასიმსივნურ დაზიანებაზე.

ბაზალურუჯრედოვან კარცინომას იშვიათად ახასიათებს გავრცელება (მეტასტაზირება) სხეულის სხვა ნაწილებში, სამაგიეროდ, დროთა განმავლობაში ირგვლივ მდებარე ქსოვილების დესტრუქციას იწვევს. როდესაც დაზიანება მდებარეობს თვალის, პირის ირგვლივ, ასევე ძვლებთან და თავის ტვინთან სიახლოვეს, პროგნოზი არაკეთილსაიმედოა და, შესაძლოა, სიკვდილი გამოიწვიოს. თუმცა, უმრავლეს შემთხვევებში მას კანში ნელი ზრდა ახასიათებს.

დიაგნოზი, მკურნალობა და პრევენცია

ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის ამოცნობა ხშირად მარტივად, თვალითაც შესაძლებელია, მაგრამ დიაგნოზის დასადასტურებლად აუცილებელია ჩატარდეს ბიოფსია.

კიბოს მოცილება ხდება ექიმის კაბინეტში ელექტრონემსის მეშვეობით – მოფხეკით ან მოწვის გზით (კიურეტაჟია ან ელექტროდესიკაცია), ანდა ამოკვეთით. ზოგჯერ ადგილობრივად ქიმიოპრეპარატებიც გამოიყენება. კიბოს ხელახალი ზრდის დროს, ასევე ცხვირის ან თვალის ირგვლივ ლოკალიზაციის შემთხვევაში ტარდება მოჰის მიკროსკოპით კონტროლირებადი ქირურგიული ჩარევა. იშვიათად მიმართავენ სხივურ თერაპიას.

მკურნალობა თითქმის ყოველთვის შედეგიანია, ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა იშვიათად არის მომაკვდინებელი. თუმცა, 5 წლის განმავლობაში პაციენტთა თითქმის 25%-ში რეციდევები ვითარდება, ამიტომ განკურნების შემთხვევაშიც კი აუცილებელია კანის ყოველწლიური გამოკვლევა.

როგორც აღვნიშნეთ, ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა ხშირად მზის გამოსხივების შედეგად ვითარდება. პრევენცია გულისხმობს დამცავი ტანსაცმლისა და კრემების გამოყენებას. გარდა ამისა, კანის ნებისმიერი უჩვეულო ზრდა, რომელიც პერსისტირებს რამდენიმე კვირის განმავლობაში, ექიმის მიერ უნდა იქნეს შესწავლილი.