კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა | მკურნალი.გე
  1. კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა
  2. კანის კიბო
  3. კანის დაავადებები
კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა

კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა არის კიბო, რომელიც ვითარდება კანის სქვამოზური უჯრედებისგან (კერატინოციტები).

  • კანზე ვითარდება სქელი, ქერცლით დაფარული წარმონაქმნი, რომელიც არ შუშდება.

  • დიაგნოზისთვის მიმართავენ ბიოფსიას.

  • როგორც წესი, მკურნალობის მეთოდები: ქირურგიული ჩარევა, ადგილობრივად ქიმიოპრეპარატების გამოყენება და იშვიათად – სხივური თერაპია კანის არაგავრცელებული კიბოსგან განკურნების შესაძლებლობას იძლევა.

  • კიბოს სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელების შემთხვევაში გამოსავალი შესაძლოა ფატალური იყოს.

კერატინოციტები კანის ზედაპირული შრის (ეპიდერმისი) ძირითად სტრუქტურულ უჯრედებს წარმოადგენენ. ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა ყველაზე ხშირად ვითარდება ისეთ ადგილებში, სადაც ჭარბად ხვდება მზის სინათლე, თუმცა, შესაძლოა დაავადებამ კანის ნებისმიერი უბანი დააზიანოს, მათ შორის პირის ღრუც, რომელიც მზის მინიმალურ გავლენას განიცდის. იგი ყალიბდება როგორც ნორმალური კანიდან, ასევე, უფრო ხშირად, კანის რომელიმე კიბოსწინარე დაავადების პროგრესირების შედეგად (აქტინური კერატოზი). ახასიათებს სქელი, ქერცლით დაფარული დაზიანება. თეთრკანიანები შედარებით მეტად არიან მიდრეკილნი კანის ბრტყელუჯრედოვანი კიბოს განვითარების მიმართ, ვიდრე მუქი კანის მქონენი. ხშირია მისი განვითარება კანის ქრონიკული წყლულებიდან და დამწვრობის შემდგომი ნაწიბურებიდან.

დაავადება იწყება კანის ქერცლით დაფარული სიწითლით. ახასიათებს ფუფხის ფორმირება და არ შუშდება. ზედაპირი შესაძლოა იყოს მეჭეჭის მსგავსი. საბოლოოდ კიბოდან ვითარდება ღია დაზიანება, რომელიც ირგვლივ მდებარე ქსოვილებში ვრცელდება.

კიბოს აღნიშნული სახეობა ხშირად მხოლოდ ირგვლივ მდებარე ქსოვილებს აზიანებს, თუმცა, სხეულში მეტასტაზირების შემთხვევაში შესაძლოა გამოსავალი ფატალური იყოს. მეტასტაზირება უფრო მეტად ყურის ახლოს, ტუჩისა და ნაწიბურიდან განვითარებულ ფორმებს ახასიათებს.

ბოვენის დაავადება: არის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის ადრეული ფორმა, რომელიც მხოლოდ ეპიდერმისის დაზიანებით შემოიფარგლება და არ ვრცელდება კანის ღრმა შრეებზე. ვითარდება წითელი-მოყავისფრო ქერცლით დაფარული დეფექტი, ზოგჯერ ფსორიაზულ ბალთას, დერმატიტს ან კანის სოკოვან დაზიანებას (ტინეა) ემსგავსება.

დიაგნოზი, მკურნალობა და პრევენცია

კანის ბრტყელუჯრედოვან კარცინომაზე ეჭვის არსებობისას მიმართავენ კანის ბიოფსიას, რათა მსგავსი კლინიკით მიმდინარე დაავადებებისგან დიფერენცირება მოხდეს.

კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომისა და ბოვენის დაავადების დროს წარმონაქმნის მოცილება ხდება ელექტრონემსის მეშვეობით მოფხეკით ან მოწვის გზით (კიურეტაჟია ან ელექტროდესიკაცია) ანდა ამოკვეთით. ზოგჯერ ადგილობრივად ქიმიოპრეპარატებიც გამოიყენება. ასევე მიმართავენ მოჰის მიკროსკოპით კონტროლირებად ქირურგიულ ჩარევას და სხივურ თერაპიას. უმრავლეს შემთხვევებში მკურნალობა ეფექტიანია.

კიბოს სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელების (მეტასტაზირების) შემთხვევაში გამოსავალი შესაძლოა სასიკვდილო იყოს. ტარდება ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია, მაგრამ მკურნალობა ყოველთვის არ არის შედეგიანი.

რადგან კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა ხშირად მზის ექსპოზიციით არის განპირობებული, ექიმები რეკომენდაციას უწევენ დამცავი ტანსაცმლისა და კრემების გამოყენებას ადრეული ასაკიდანვე, დაავადების განვითარების თავიდან აცილების მიზნით.