მელანომა | მკურნალი.გე
  1. მელანომა
  2. კანის კიბო
  3. კანის დაავადებები
მელანომა

მელანომა არის კიბო, რომელიც ვითარდება კანის პიგმენტის მაპროდუცირებელი უჯრედებიდან (მელანოციტებიდან).

  • მელანომა შესაძლოა განვითარდეს პირველადად, ნორმალური კანიდან ან უკვე არსებული ხალებიდან.

  • იგი შესაძლოა იყოს უსწორმასწორო კიდეების მქონე, ბრტყელი ან კანიდან წამოწეული ყავისფერი ლაქა, ან სხვადასხვა ფერის უბნებით, ან მყარი, შავი ან ნაცრისფერი წარმონაქმნი.

  • მელანომის დიაგნოზისთვის მიმართავენ ბიოფსიას.

  • მკურნალობა გულისხმობს მელანომის მოცილებას, მეტასტაზირების შემთხვევაში ტარდება ქიმიოთერაპია.

მელანოციტები კანში არსებული პიგმენტის შემცველი უჯრედებია, რომელიც მის შეფერილობას განაპირობებს. მზის სხივები ასტიმულირებს მათში მელანინის (პიგმენტი, რომელიც კანის გამუქებას იწვევს) გამომუშავებას და მელანომის განვითარების რისკს ზრდის.

დაავადება შესაძლოა დაიწყოს პირველადად, ნორმალურ კანზე ახალი, პატარა პიგმენტირებული ზრდით (უპირატესად ეს ის ადგილებია, სადაც ხშირად ხვდება მზის სხივები) ან განვითარდეს უკვე არსებული ხალებიდან. გვხვდება მელანომის ოჯახური შემთხვევებიც. იგი ხასიათდება ადვილად მეტასტაზირებით სხეულის მოშორებულ უბნებში, სადაც განაგრძობს ზრდას და ირგვლივ მდებარე ქსოვილების დაზიანებას.

მელანომის ელემენტები შესაძლოა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, მაგალითად, არსებობს ბრტყელი, უსწორმასწორო ყავისფერი ლაქები შავი ფერის უბნებით, ისევე როგორც კანიდან წამოწეული ყავისფერი ელემენტები წითელი, თეთრი, შავი ან ლურჯი ლაქებით. ზოგჯერ მელანომა ვლინდება მყარი, შავი ან ნაცრისფერი წარმონაქმნის სახით.

დიაგნოზი

ახალი ხალი ან არსებული ხალის ისეთი ცვლილებები, როგორიც არის ზომაში მატება (განსაკუთრებით უსწორმასწორო კიდეების მქონე), გამუქება, ანთება, ფერის შეცვლა, სისხლდენა, კანის დაზიანება, ქავილი და ტკივილი, შესაძლოა მელანომის განვითარებაზე მიგვითითებდეს. დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში ტარდება ბიოფსია. მცირე ზომის წარმონაქმნს მთლიანად იღებენ, ხოლო დიდს – ნაწილობრივ. მიღებულ მასალას იკვლევენ მიკროსკოპის ქვეშ. თუ დადგინდება მელანომის დიაგნოზი, კიბოს დარჩენილ ქსოვილსაც აცილებენ.

ხშირად მუქი ფერის წარმონაქმნები, რომელიც შესასწავლად იგზავნება, არის არა მელანომა, არამედ ჩვეულებრივი ხალი. მიუხედავად ამისა, უვნებელი ხალების მოცილება სასურველია. ზოგჯერ ვლინდება შუალედური წარმონაქმნები ჩვეულებრივ ხალსა და მელანომას შორის, რასაც ატიპიური ხალი ეწოდება (დისპლასტიური ხალი), რომელიც მოგვიანებით შესაძლოა მელანომად გადაიქცეს.

მკურნალობა

რაც უფრო ნაკლებად არის მელანომა კანში ჩაზრდილი, მით მაღალია ოპერაციული ჩარევით მისგან განკურნების ალბათობა. ზედაპირული მელანომების შემთხვევაში ადრეული ქირურგიული ჩარევა თითქმის 100%-ში განკურნებას უზრუნველყოფს. კიბოს მოცილება ხდება დაზიანების კიდიდან დაახლოებით 1/2 ინჩის (1 სანტიმეტრის) ფარგლებში. მელანომას, რომელიც კანში 1/32 ინჩზე ღრმადაა (დაახლოებით 1 მილიმეტრი) ჩაზრდილი, ლიმფური ან სისხლძარღვოვანი გზით მეტასტაზირების დიდი ალბათობა ახლავს. გავრცელებული მელანომა ხშირად ფატალურად მთავრდება.

მელანომის მეტასტაზური ფორმის სამკურნალოდ მიმართავენ ქიმიოთერაპიას, რომელიც შედეგიანი ერთეულ შემთხვევებშია. პაციენტების ნაწილი 9 თვეზე ნაკლებს ცოცხლობს. თუმცა, დაავადების მიმდინარეობა სხვადასხვა ინდივიდში განსხვავებულია და ნაწილობრივ დამოკიდებულია იმუნური სისტემის სიძლიერეზე. მეტასტაზირებული მელანომის არსებობის მიუხედავად, ზოგიერთი მრავალი წელი ცოცხლობს. ახალი და ექსპერიმენტული მკურნალობა – ინტერლეიკინ 2 და ვაქცინაცია, რომელიც იმუნური სისტემის მიერ მელანომის უჯრედების აღმოჩენასა და განადგურებას ეფუძნება, დამაიმედებელ შედეგებს იძლევა.

პრევენცია

რადგან მელანომა ხშირად გამოწვეულია მზის ხანგრძლივი ზემოქმედებით, ექიმები რეკომენდაციას უწევენ მზისგან დაცულ გარემოში ყოფნას და ადრეული ასაკიდანვე დამცავი ტანსაცმლისა და კრემების გამოყენებას. თუმცა, უცნობია, რამდენად ეფექტიანია აღნიშნული ღონისძიებები მელანომის პრევენციისთვის.

ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ერთხელ უკვე ჰქონდა მელანომა, აქვს მისი ხელახლა განვითარების რისკი, ამიტომ კანის ყოველწლიურ შემოწმებას საჭიროებენ. ასევე, წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა ჩაიტარონ მთლიანი კანის გამოკვლევა მათ, ვისაც მრავალი ხალი აქვს. უცნობია, რისკ-ფაქტორების არმქონე პაციენტების კანის ყოველწლიური რუტინული შემოწმება ამცირებს თუ არა მელანომით გამოწვეულ სიკვდილიანობას.