ჩაზრდილი ფრჩხილი არის მდგომარეობა, როდესაც ფრჩხილის კიდეები ირგვლივ მდებარე კანში იზრდება.
მისი მიზეზი შესაძლოა იყოს დეფორმული ფეხის ფრჩხილის არასწორი ზრდა კანში ან ფრჩხილის ირგვლივ მდებარე კანის არანორმალურად სწრაფი ზრდა. მდგომარეობის პროვოცირებას ან გაუარესებას ასევე ახდენს პატარა ზომის, მოჭერილი ფეხსაცმლის ტარება და ფრჩხილის არასწორად მოჭრა (გვერდითი კიდეების მკვეთრად დამოკლება).
ჩაზრდილი ფრჩხილი დასაწყისში ხშირად უსიმპტომოა, მაგრამ მოგვიანებით ხდება მტკივნეული, ტკივილს დაზიანებულ უბანზე ზეწოლა ამძაფრებს. ირგვლივ გამოხატულია სიწითლე და ტემპერატურის მატება, მკურნალობის გარეშე ხშირად ვითარდება ინფიცირება. მსგავს შემთხვევებში სიწითლე, შეშუპება და ტკივილი უფრო მკვეთრია. შესაძლოა მოხდეს ჩირქის დაგროვება ფრჩხილის გვერდით, კანქვეშ (კუტიკულას ინფექციას ეწოდება პარონიქია) და დრენირება.
საშუალო სიმძიმის ჩაზრდისას შესაძლოა შედეგიანი იყოს ფრჩხილის კიდის ნაზად ამოწევა ირგვლივ მდებარე კანიდან და ფრჩხილქვეშ სტერილური ბამბის დატანება შეშუპების გაქრობამდე. უფრო რთულ შემთხვევებში ლოკალური ანესთეზიის შემდეგ (მაგ: ლიდოკაინით) ხდება ფრჩხილის ჩაზრდილი ნაწილის ამოკვეთა, რის შედეგადაც ინფექციის ჩაცხრობის შემდეგ პროცესი, როგორც წესი, აღარ განმეორდება.