თითის თუნდაც უმნიშვნელო ტრავმა შესაძლოა ფრჩხილის დაზიანების მიზეზი გახდეს. ზემოქმედების ადგილას ვითარდება თეთრი ფერის მცირე ზომის ლაქები, რომლებიც ფრჩხილთან ერთად იზრდებიან.
ფრჩხილის საწოლის მძიმე დაზიანება ხშირად იწვევს ფრჩხილის მუდმივ დეფორმაციას. დეფორმაციის რისკის შესამცირებლად აუცილებელია დროული მკურნალობა (რაც გულისხმობს ფრჩხილის მოცილებას).
ფრჩხილქვეშა ჰემატომა: ხშირად ტრავმის შემდეგ (როგორც წესი, პირდაპირი დარტყმით, მაგალითად, ჩაქუჩი) სისხლი დაუყოვნებლივ გროვდება ფრჩხილქვეშ (ფრჩხილქვეშა ჰემატომა), რის შედეგადაც ვითარდება მეწამულისფერ-შავი ლაქა, რომელიც ფრჩხილს მთლიანად ან ნაწილობრივ მოიცავს. ახლავს ძლიერი ტკივილი. მსგავს შემთხვევებში სისხლის გამოსადენად ზოგჯერ ფრჩხილის ფირფიტაზე აკეთებენ პატარა ხვრელს, რაც ასევე იწვევს სიმპტომების შემსუბუქებას. პროცედურის დროს გამოიყენება ცხელი ზონდი (ელექტროკაუტერიზაციის აპარატი), არის უმტკივნეულო და მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება.
რადგან სისხლის კუმულაცია ფრჩხილს მისი საწოლისგან აცალკევებს, რამდენიმე კვირაში ხდება დაზიანებული ფრჩხილის მოცილება (გამონაკლისია მცირე ზომის ჰემატომა) და ახლით ჩანაცვლება.
მეწამულისფერ-შავი ლაქის ფორმირების მიზეზი შესაძლოა ასევე, ფრჩხილქვეშა სიმსივნეც იყოს, თუმცა, მას ნელი ზრდა ახასიათებს და ტრავმიდან რამდენიმე წუთში არ ვითარდება. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი მცირე ზომის ჰემატომა დაკვირვებას მოითხოვს. წარმონაქმნის ფრჩხილთან ერთად ზრდა ჰემატომას განასხვავებს სიმსივნისგან, რომელიც ფრჩხილქვეშ იმავე ადგილას რჩება.