ენის დაავადებები | მკურნალი.გე
  1. ენის დაავადებები
  2. ტუჩისა და ენის დაავადებები
  3. პირის ღრუს და კბილების დაავადებები
ენის დაავადებები

დაზიანება/ტრავმა: ტრავმული დაზიანება ენის დისკომფორტის ყველაზე ხშირი მიზეზია. ენას ბევრი ნერვული დაბოლოება აქვს და, შესაბამისად, უფრო მგრძნობიარეა ტკივილისა და შეხების მიმართ, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილები. ძალზე ხშირია შემთხვევით ენაზე კბენა/ენის მოკვნეტა, მაგრამ იგი სწრაფად იკურნება/ხორცდება. წვეტიანი, მოტეხილი კბილის საბჟენი/შემავსებელი ან კბილი შეიძლება ამ დელიკატური ქსოვილის მნიშვნელოვანი დაზიანების მიზეზი გახდეს.

"თმიანობა": ენის ზედაპირზე ნორმალური პაპილების (ხაოები) ზედმეტი ზრდა ენას ბეწვიან შესახედაობას აძლევს. ენა შეიძლება თმიანი მოგვეჩვენოს ასევე ცხელების, ანტიბიოტიკოთერაპიის ან პირში სავლები ზეჟანგის ხშირი გამოყენების შემდეგ.

აღნიშნული "თმა/ბეწვები" ენის ზურგზე „თმიან ლეიკოპლაკიასთან“ არ უნდა აგვერიოს. „თმიანი“ ლეიკოპლაკია არის ენის გვერდების გასწვრივ მდებარე მოთეთრო ფერის ზოლები, რაც დამახასიათებელია შიდსის ვირუსისთვის.

დისკოლორაცია/გაუფერულება/ფერის შეცვლა: თუ ადამიანი მწეველია ან ღეჭავს თამბაქოს, იკვებება განსაზღვრული/განსხვავებული საკვებით ან ენაზე ფერადი ბაქტერიები აღენიშნება, შეიძლება ენის ხაოების გაუფერულება გამოიწვიოს. ენის ზედაპირი შესაძლებელია შავი შეფერილობის გახდეს, თუ პაციენტი საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლის გამო ბისმუტის პრეპარატებს იღებს. მისი მოცილება მარტივია, თუ ენის ზედაპირს შესაბამისი ჯაგრისის ან სკრეპერის გამოყენებით დავამუშავებთ. რკინადეფიციტური ანემიის დროს ენა ფერმკრთალი და გლუვი ხდება.

პერნიციოზული ანემიისთვის, რომელიც ვიტამინ B12-ის დეფიციტითაა გამოწვეული, ასევე დამახასიათებელია გლუვი და ღია ფერის ენის ზედაპირი. ქუნთრუშის პირველი ნიშანი შეიძლება იყოს ენის ნორმალური ფერის შეცვლა ჯერ მარწყვისფრად, შემდგომ კი ჟოლოსფრად. ბავშვებში მარწყვისფერი წითელი ენა შეიძლება კავასაკის დაავადების ნიშანიც აღმოჩნდეს.

გლუვი წითელი ენა და მტკივნეული პირის ღრუ შეიძლება მიუთითებდეს პელაგრას არსებობაზე, რომელსაც საკვებში ნიკოტინის მჟავას, ნიაცინის (ვიტამინი B3) ნაკლებობა იწვევს.

წითელი ენა შეიძლება ასევე იყოს ანთების (გლოსიტი) ნიშანი – ამ დროს ენა წითელი, მტკივნეული და შესივებულია. მოთეთრო პატჩები, მსგავსი იმ პატჩებისა, რომლებიც ლოყის შიდა ლორწოვანზე გვხვდება, შეიძლება თან ახლდეს ცხელებას, დეჰიდრატაციას, სიფილისის მეორე სტადიას, სტომატიტს, ბრტყელ ლიქენს, ლეიკოპლაკიას ან პირით სუნთქვას.

გეოგრაფიული ენის შემთხვევაში, ენის ზოგიერთი უბანი არის თეთრი ან ყვითელი შეფერილობის და გაუხეშებული, ხოლო ენის ზედაპირის დანარჩენი ნაწილი წითელი და გლუვია („კუნძულები“). დესქვამაციური უბნები მიგრაციას განიცდიან და ეს შეიძლება კვირების ან წლების განმავლობაში გაგრძელდეს. მდგომარეობა, როგორც წესი, უმტკივნეულოა და მკურნალობას არ საჭიროებს.

წყლულები და მუწუკები/სიმსივნური წარმონაქმნები: ენაზე წყლულების გაჩენა შეიძლება გამოწვეული იყოს ალერგიული რეაქციებით, ორალური მარტივი ჰერპესის ვირუსული ინფექციით, აფტოზური სტომატიტით, ტუბერკულოზით, ბაქტერიული ინფექციებით ან სიფილისის ადრეული სტადიით.

პატარა მუწუკები ენის გვერდითა ზედაპირზე, ორივე მხარეს, როგორც წესი, უვნებელია, მაგრამ მხოლოდ ერთ მხარეს სიმსივნურ წარმონაქმნზე ეჭვს ბადებს. ენაზე უცნაური წითელი ან თეთრი უბნები, წყლულები ან სიმსივნური წანაზარდები (თუ გამაგრებულია) – განსაკუთრებით მაშინ, თუ უმტკივნეულოა – შეიძლება იყოს სიმსივნის ნიშანი და ექიმის ან სტომატოლოგის კონსულტაციას საჭიროებს. პირის ღრუს სიმსივნეების უმრავლესობა ვითარდება ენის გვერდითა ზედაპირებზე ან პირის ღრუს ფსკერზე. ავთვისებიანი სიმსივნე თითქმის არ გვხვდება ენის ზურგზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ავთვისებიანი სიმსივნე არანამკურნალები სიფილისის შედეგია.;

დისკომფორტი: ენასთან დაკავშირებული დისკომფორტი შესაძლებელია იყოს რეაქცია გამაღიზიანებელზე, როგორც გარკვეული საკვების, განსაკუთრებით კი მჟავე საკვების (მაგ. ანანასი) ან კბილის პასტის, პირის სავლების, ტკბილეულის ან საღეჭი რეზინის შემადგენლობაში არსებული გარკვეული ინგრედიენტების ზემოქმედების შედეგი.

საერთო ინფექციური დაავადება, რომელიც ენასთან დაკავშირებულ დისკომფორტს იწვევს, არის სტომატიტი (კანდიდიაზი/კანდიდოზი), როდესაც კანდიდას ჯგუფის სოკოს ჭარბი ზრდის შედეგად ენა;თეთრი ნადებით იფარება. მთლიანად პირის ინტენსიური ტკივილი შეიძლება პირის წვის სინდრომით იყოს გამოწვეული.

თუ რა იწვევს დისკომფორტს, როგორც წესი, ელიმინაციის შედეგად ირკვევა. ენასთან დაკავშირებული დისკომფორტის მკურნალობა, რომელიც ინფექციით არ არის გამოწვეული, შესაძლებელია, თუ გამომწვევი მიზეზის ელიმინაციას მოვახდენთ. მაგალითად, პაციენტმა შეიძლება სცადოს კბილის პასტის ბრენდის შეცვლა, შეწყვიტოს გამაღიზიანებელი საკვების მიღება ან გატეხილი კბილების სამკურნალოდ მიმართოს სტომატოლოგს. აღნიშნული დისკომფორტის მოსახსნელად შესაძლებელია თბილი მარილწყლის სავლების გამოყენება. სტომატიტის სამკურნალოდ გამოიყენება ანტიფუნგალური პრეპარატები, როგორიცაა ნისტატინი ან ფლუკონაზოლი.