მორეციდივე აფთოზური სტომატიტი (აფთოზური სტომატიტი, აფთოზური წყლულები) – ეს არის პატარა ზომის მტკივნეული წყლულები პირის ღრუს ლორწოვანზე, რომელიც ჩვეულებრივ, ბავშვობის ასაკში იწყება და ხშირად მეორდება.
მორეციდივე აფთოზური სტომატიტი ძალიან გავრცელებული დაავადებაა. მიზეზი უცნობია, მაგრამ დაავადება ხშირია ოჯახებში. სავარაუდოდ, უამრავი ფაქტორი იწვევს წინასწარგანწყობას და შეტევის განვითარებას განაპირობებს. ასეთ ფაქტორებს განეკუთვნება პირის ღრუს ტრავმა; სტრესი (მაგალითად, სახელმწიფო გამოცდის კვირის განმავლობაში კოლეჯის სტუდენტს შეიძლება აფთოზური სტომატიტი განუვითარდეს); და გარკვეული საკვები, განსაკუთრებით კი შოკოლადი, ყავა, მიწის თხილი, კვერცხი, ხორბლეული, ნუში, მარწყვი, ყველი და პომიდორი.
შიდსით (AIDS) დაავადებულ პირებს ხშირად უვითარდებათ აფთოზური სტომატიტი (დიდი წყლულები), რომელიც კვირების განმავლობაში გრძელდება. მორეციდივე აფთოზური სტომატიტების მქონე პაციენტებისთვის დამახასიათებელია რეციდივი/განმეორებითი წყლულები. ზოგიერთს აღენიშნება მხოლოდ ერთი ან ორი წყლული წელიწადში რამდენიმეჯერ, ზოგიერთ შემთხვევაში კი თითქმის პერმანენტული ხასიათი აქვს. გაურკვეველი მიზეზებიდან გამომდინარე, ორსულებს, პირებს, რომლებიც იღებენ კონტრაცეპტივებს და/ან იყენებენ თამბაქოს ნაწარმს, აღნიშნული წყლულები ნაკლებად უვითარდებათ.
როგორც წესი, სიმპტომები ტკივილის ან წვის შეგრძნებით იწყება, 1-2 დღის შემდეგ კი წყლული ვითარდება. ამ დროს არასოდეს არ ვითარდება ბლისტერი. ტკივილი მძიმეა – ბევრად მძიმე, ვიდრე ასეთი მცირე წყლულოვანი დაზიანებისგანაა მოსალოდნელი – და 4-დან 7 დღემდე გრძელდება.
წყლულები თითქმის ყოველთვის ჩნდება რბილ ფაშარ ქსოვილზე, როგორიცაა მაგალითად, ტუჩის ან ლოყის შიდა მხარე, ენა, პირის ღრუს ფსკერი, რბილი სასა ან ყელი. წყლულები ჩნდება წვრილი, მრგვალი ან ოვალური ლაქების სახით, მოყვითალო-მონაცრისფრო ცენტრით და წითელი ყაეთნით. წყლულების უმეტესობა პატარა ზომისაა, ½ ინჩზე ნაკლები (1¼ სანტიმეტრი) დიამეტრით და ხშირად კლასტერების (ორი ან სამი) სახით გვევლინება. როგორც წესი, ისინი თავისით ქრებიან 10 დღის განმავლობაში და ნაწიბურებს არ ტოვებენ. უფრო დიდი ზომის წყლულები იშვიათია. მათ აქვთ უსწორმასწორო ფორმა, განკურნება დიდ დროს მოითხოვს და ხშირად ტოვებენ ნაწიბურებს.
დაავადების მძიმე ფორმის დროს პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს ცხელება, კისრის ლიმფური კვანძების შეშუპება და ზოგადად, დაღლილობის, მოთენთილობის შეგრძნება. ექიმი ან სტომატოლოგი მორეციდივე აფთოზური სტომატიტების (RAS) იდენტიფიცირებას მათი გარეგნული შესახედაობისა და გამოწვეული ტკივილის საფუძველზე ახდენს.
მკურნალობა მოიცავს ტკივილის შემსუბუქებას იმავე ზოგადი მეთოდების გამოყენებით, რომელსაც პირის ღრუს სხვა ტიპის წყლულების შემთხვევაში მიმართავენ. ამასთან ერთად, ექიმები ხშირად რეკომენდაციას უწევენ ქლორჰექსიდინის ხსნარის შემცველი პირის ღრუს სავლების გამოყენებას.
დიდი რაოდენობის წყლულების შემთხვევაში ზოგჯერ ექიმები პაციენტებს კორტიკოსტეროიდების, მაგალითად, დექსამეტაზონის, როგორც სავლების, გამოყენებას ურჩევენ. ნაკლები წყლულების არსებობის შემთხვევაში კი რეკომენდაციას უწევენ სხვა კორტიკოსტეროიდებს, როგორიცაა ფლუოცინონიდი ან კლობეტაზოლი, როგორც მალამო ან შერეული დამცავ კარბოქსიმეთილცელულოზას პასტაში. აფთოზური სტომატიტის განმეორების შემთხვევაში პაციენტმა პირის ღრუს სავლების გამოყენება დაუყოვნებლივ, სტომატიტის ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა დაიწყოს. უშუალოდ დაზიანებულ არეზე დატანებული კორტიკოსტეროიდები შესაბამის ეფექტს თუ არ იძლევა, ინიშნება პრედნიზონის ტაბლეტები პერორალურად.
თუმცა, კორტიკოსტეროიდების დანიშვნამდე ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ პაციენტს არა აქვს მარტივი ჰერპესული ინფექცია, რომელიც კორტიკოსტეროიდების მეშვეობით შემდგომ შეიძლება გავრცელდეს. კორტიკოსტეროიდული სავლებები და ტაბლეტები ორგანიზმის მიერ უფრო ადვილად და მეტად შეიწოვება, ვიდრე კორტიკოსტეროიდები გელის ფორმით, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია გვერდითი ეფექტების განვითარება. ზოგიერთ შემთხვევაში უფრო ძლიერი იმუნოსუპრესანტების გამოყენება ხდება საჭირო.