პირის ღრუს წყლულები | მკურნალი.გე
  1. პირის ღრუს წყლულები
  2. პირის ღრუს და კბილების დაავადებები
პირის ღრუს წყლულები

  • ინფექციებმა, გამაღიზიანებლებმა და ანთებამ შეიძლება პირის ღრუში არაავთვისებიანი წყლულების განვითარება გამოიწვიოს;

  • ეს წყლულები/დაზიანებები იწვევენ ტკივილს;

  • ტკივილის შესამსუბუქებლად ან მოსახსნელად იყენებენ ანესთეტიკური /საანესთეზიო პირის სავლებებს;

  • ზოგჯერ წყლულების სამკურნალოდ ლაზერი ან ვერცხლის ნიტრატი გამოიყენება.

პირის ღრუს დაზიანებები ერთმანეთისგან განსხვავდება შესახედაობითა და ზომით; მათ შეუძლიათ დააზიანონ პირის ნებისმიერი ნაწილი, როგორც შიგნით, ასევე გარეთ. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი იმატებს ზომაში და, როგორც წესი, ჩნდება პატარა ბუშტუკები (ვეზიკულები) გამჭვირვალე შიგთავსით (ამ შემთხვევაში მათ უწოდებენ ვეზიკულებს ან ბუშტუკებს, ზომის შესაბამისად), მაშინ, როდესაც სხვა შემთხვევაში ისინი შეიძლება წყლულებს წარმოადგენდნენ. წყლული ეს არის ღრუ, რომელიც პირის ღრუს ამომფენ შრეში ჩნდება, როდესაც ზედა შრის უჯრედების დაშლის შედეგად ქვედა შრის ქსოვილი ჩანს. მკვდარი უჯრედებისა და ღრუში საკვები ნარჩენების არსებობიდან გამომდინარე, წყლულს თეთრი შეფერილობა აქვს.

გამომწვევი მიზეზები

პირის დაზიანებების/წყლულების მრავალი ტიპი და გამომწვევი მიზეზი არსებობს. გამომდინარე იქიდან, რომ ნერწყვის ნორმალური ნაკადი პირის ღრუს ამომფენ შრეს დაზიანებისგან იცავს, ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც ნერწყვის გამომუშავებას ამცირებს, ხელს უწყობს პირის ღრუში წყლულების წარმოქმნის ალბათობის ზრდას. ნებისმიერი დაზიანება/წყლული, რომლის არსებობა გრძელდება >10 დღის განმავლობაში, უნდა გამოიკვლიოს სტომატოლოგმა ან ექიმმა, რათა მათი ავთვისებიანი ან პრეავთვისებიანი ბუნება გამოირიცხოს.

დაზიანება/ტრავმა ან გაღიზიანება: პირის ღრუს ნებისმიერი ტიპის დაზიანებას, მაგალითად, ლოყის ლორწოვანზე შემთხვევით კბენას, წამახვილებული კბილებით ან ცუდად მორგებული პროთეზით გამოწვეულ დაზიანებებს (მიკროტრავმები), შეუძლიათ გამოიწვიონ ბლისტერების (ვეზიკულები ან ბუშტუკები) ფორმირება პირის ღრუში.

როგორც წესი, ბლისტერის ზედაპირი სწრაფად სკდება (იგლიჯება) და წყლულის ფორმირება ხდება. არაავთვისებიანი/კეთილთვისებიანი წყლულები ყოველთვის მტკივნეულია, სანამ შესაბამისი მკურნალობის შედეგად გამოჯანმრთელების პროცესი არ დაიწყება.

ბევრი საკვები, წამალი და ქიმიური ნივთიერება შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი ფაქტორი ან ისეთი ტიპის ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, რომლის შედეგადაც პირის ღრუში წყლულოვანი დაზიანებები ვითარდება.

მჟავე საკვები შეიძლება განსაკუთრებული გამაღიზიანებელი ფაქტორი იყოს, ისევე როგორც გარკვეული ინგრედიენტები ისეთი სუბსტანციებისა, როგორიცაა კბილის პასტა, პირის სავლები, ტკბილეული და საღეჭი რეზინი. ყველაზე გავრცელებული წამლები, რომლებიც პირის ღრუში წყლულების ფორმირებას იწვევს, არის: ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალო ზოგიერთი ქიმიოთერაპიული;საშუალება და ოქროს შემცველი სამკურნალო პრეპარატები.

ინფექცია: პირის ღრუს წყლულების განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზებია ვირუსული ინფექციები. სავარაუდოდ, მათ შორის ყველაზე ცნობილია ტუჩის წყლულები, უფრო იშვიათად კი, წყლულები სასაზე, რომლებიც მარტივი ჰერპესვირუსული, ინფექციითაა გამოწვეული.

ჰერპეს-ზოსტერის ვირუსმა, რომელიც ჩუტყვავილასა და მტკივნეული კანის დაავადების, ე.წ. მწვავე ჰერპესის/სირსველის გამომწვევ მიზეზად მიიჩნევა, შეიძლება გამოიწვიოს მრავლობითი წყლულის გაჩენა პირის ღრუს ერთ მხარეს. აღნიშნული წყლულები არის ვირუსის გამწვავების შედეგი, რომელიც, მარტივი ჰერპესვირუსის მსგავსად, სხეულს არასოდეს ტოვებს.

ჰერპეს-ზოსტერის მკურნალობა მარტივი ჰერპესის მწვავე ფორმის მსგავსად მიმდინარეობს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, წყლულების ალაგების შემდგომ, პირის ღრუ თვეების ან წლების განმავლობაში მტკივნეული რჩება, იშვიათ შემთხვევებში კი ტკივილი პერმანენტულად გრძელდება.

ბაქტერიული ინფექციის შედეგად პირის ღრუში შესაძლებელია შეშუპება და წყლულოვანი დაზიანებები განვითარდეს. ინფექციების განვითარება შეიძლება გამოწვეული იყოს პირის ღრუში ჩვეულებრივ არსებული ან ახალშეტანილი ორგანიზმების (ბაქტერიები) რაოდენობის ჭარბი ზრდით.

კბილებიდან ან ღრძილებიდან ბაქტერიული ინფექციების გავრცელების შედეგად შესაძლებელია ჩირქოვანი ფისტულების/ჯიბეების ფორმირება (აბსცესი) ან ფართოდ გავრცელებული ჩირქოვან-ანთებითი პროცესის განვითარება (ცელულიტი).

ბაქტერიულმა ინფექციებმა, რომლებიც დაზიანებული ქვედა კბილებიდან პირის ღრუს ფსკერისკენ ვრცელდება, შეიძლება გამოიწვიოს პირის ძირის, ენისქვეშა ქსოვილის ინფიცირება, ე.წ. ლუდვიგის ანგინა (Ludwig’s angina), ხოლო ინფექციის შედეგად განვითარებულმა შეშუპებამ – ენის ზემოთ აწევა და შესაბამისად, სასუნთქი/საჰაერო გზების დაბლოკვა. ზედა კბილიდან გავრცელებული ინფექციები შეიძლება თავის ტვინში გავრცელდეს.

სიფილისის დროს ინფექციის ადრეულ სტადიაზე წითელი, უმტკივნეულო გამონაყარი (Sankri) პირის ღრუსა და ტუჩებზე ჩნდება. როგორც წესი, წყლულები რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორცდება. არანამკურნალები სიფილისის შემთხვევაში, დაახლოებით 4-10 კვირის შემდეგ, ტუჩზე ან პირის ღრუს ლორწოვანზე თეთრი უბანი (ლორწოვანი პატჩი) ჩნდება. შანკრი და ლორწოვანი პატჩი ორივე ძალიან გადამდებია და ამ სტადიებზე დაავადების გავრცელება შესაძლებელია კოცნით. სიფილისის მოგვიანებით სტადიაზე შესაძლებელია სასაზე ან ენაზე ხვრელის (გუმა) გაჩენა. ამ ეტაპზე დაავადება გადამდები არ არის.

ანთებითი დაავადებები: ბეხჩეტის (Behçet) სინდრომი ანთებითი დაავადებაა, რომელიც აზიანებს ბევრ ორგანოს, მათ შორის თვალებს, სასქესო ორგანოებს, კანს, სახსრებს, სისხლძარღვებს, თავის ტვინს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და შეუძლია პირის ღრუში მორეციდივე, მტკივნეული წყლულოვანი დაზიანებები გამოიწვიოს. სტივენ-ჯონსის (Stevens-Johnson) სინდრომი ალერგიული დაავადების ტიპია, რომელიც კანის ბლისტერებისა და პირის ღრუს წყლულების განვითარებას იწვევს. ზოგიერთ პაციენტს, რომელსაც ნაწლავის ანთებითი დაავადება აქვს, ასევე აღენიშნება პირის ღრუში წყლულოვანი დაზიანებები.

გლუტეინის მწვავე ფორმით დაავადებულ პაციენტებს, რომელიც ცილა გლუტეინის/წებოვანა (ხორბლისა და ზოგიერთი სხვა მარცვლეულის კომპონენტი) აუტანლობით არის გამოწვეული, პირის ღრუში წყლულები ხშირად უვითარდებათ.

ბრტყელი ლიქენი არის კანის დაავადება, რომელსაც იშვიათად, მაგრამ ასევე ახასიათებს წყლულოვანი გამონაყარი პირის ღრუში, მაგრამ ეს გამონაყარი უმეტეს შემთხვევაში არ იწვევს ისეთ დისკომფორტს, როგორსაც კანზე განვითარებული წყლულები. ვულგარული;პემფიგუსი და ბულოზური პემფიგოიდი ასევე მიეკუთვნება კანის დაავადებებს, რომელთაც პირის ღრუში ბლისტერების ფორმირება შეუძლიათ გამოიწვიონ.

სხვა მიზეზები: აფთოზური სტომატიტი პირის ღრუში წყლულოვანი გამონაყარის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. მისი ეტიოლოგია უცნობია. პირის ღრუს ტრავმის შედეგად შეიძლება უჩვეულო/იშვიათი მდგომარეობა, ე.წ. ნეკროზული სიალომეტაპლაზია განვითარდეს. ამ დროს, ტრავმის მიღებიდან 1 ან 2 დღის შემდეგ, პირის ღრუს სახურავზე/სასის ლორწოვანზე ჩნდება ღია დაზიანებული უბანი, დიამეტრით – 1 დიუმი (დაახლოებით 2½ სანტიმეტრი). მიუხედავად მისი შემაშფოთებელი გარეგნული შესახედაობისა, ნეკროზული სიალომეტაპლაზია უმტკივნეულოდ მიმდინარეობს და 1-3 თვის განმავლობაში, მკურნალობის გარეშე ხორცდება.

ექიმს შეუძლია მოახდინოს დაავადების დიფერენცირება ავთვისებიანი სიმსივნისგან წარმოდგენილი სიმპტომების საფუძველზე (ავთვისებიან სიმსივნეს აღნიშნული ზომების მისაღწევად ხანგრძლივი დრო ესაჭიროება და ამ დროისთვის იგი უკვე მტკივნეულია), ზოგიერთ შემთხვევაში კი ბიოფსიის შედეგებზე დაყრდნობით (ქსოვილის ნიმუშის აღება და მისი მიკროსკოპული კვლევა).

მკურნალობა: ექიმები მკურნალობენ მიზეზს, თუ ის ცნობილია. რბილი ჯაგრისით კბილების ხშირი, მსუბუქი წმენდა წყლულებს ინფიცირებისგან იცავს. ტკივილის შემსუბუქება შესაძლებელია მჟავე, ძალიან მარილიანი საკვების ან სხვა ისეთი ნივთიერებების მიღებისგან თავის შეკავებით, რომელთაც გამაღიზიანებელი მოქმედება გააჩნია. პირის სავლებად შესაძლებელია ანესთეტიკების გამოყენება, როგორიცაა მაგალითად, დიკლონინი ან ლიდოკაინი.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს სავლებები პირისა და ყელის დაბუჟებას იწვევს, რის გამოც, ამ დროს შესაძლებელია ყლაპვის გაძნელება, აქედან გამომდინარე, მათი გამოყენებისას ბავშვები უნდა იყვნენ მეთვალყურეობის ქვეშ, რათა საკვების მიღებისას მოხრჩობა არ განვითარდეს. ლიდოკაინის უფრო სქელი სუბსტანცია (ბლანტი/ვისკოზური ლიდოკაინი) შეიძლება ასევე უშუალოდ პირის ღრუს წყლულზე დავიტანოთ.

სუკრალფატმა და ანტაციდებმა (ალუმინი, მაგნიუმი), ცალკე გამოყენებისას შეიძლება დამამშვიდებელი ეფექტი იქონიონ, მაგრამ ექიმების უმეტესობა მათ იყენებს კომბინაციაში – ლიდოკაინი, დიფენჰიდრამინი (პერორალური ანტიჰისტამინური საშუალება) და კაოლინი, როგორც სავლები საშუალება. ამლექსანოქსის პასტა კიდევ ერთი ალტერნატივაა.

როგორც კი ექიმები დარწმუნდებიან, რომ წყლულოვანი დაზიანება ინფექციით არ არის გამოწვეული, შეუძლიათ გამოიყენონ კორტიკოსტეროიდული გელი, რომელიც დაიტანება ლოკალურად – თითოეულ წყლულზე ცალ-ცალკე. ზოგიერთი წყლულის მკურნალობა შესაძლებელია დაბალი-სიხშირის/ენერგიის ლაზერით, რომელიც მომენტალურად აჩერებს ტკივილს და რეციდივის განვითარების პრევენციას ახდენს. ვერცხლის ნიტრატით დაფარული სპეციალური (ბამბიანი) ჩხირის მეშვეობით წყლულის ქიმიური დამუშავების/მოწვის შედეგად ასევე შესაძლებელია ტკივილის შემსუბუქება, მაგრამ ეს მეთოდი არ არის ისეთი ეფექტიანი, როგორიც ლაზერი.