არაავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნები | მკურნალი.გე
  1. არაავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნები
  2. პირის ღრუს სიმსივნური წარმონაქმნები
  3. პირის ღრუს და კბილების დაავადებები
არაავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნები

  • პირის ღრუს სიმსივნური წარმონაქმნები შეიძლება იყოს: შეშუპება, მეჭეჭები, ძვლის წანაზარდები ან კისტები;

  • ზოგიერთი წარმონაქმნი იწვევს ტკივილს ან გაღიზიანებას;

  • ზოგიერთი სიმსივნური წარმონაქმნის შემთხვევაში საჭიროა მათი ქირურგიული მოცილება.

პირის ღრუში და მის გარშემო შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის არაავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნების განვითარება. ღრძილებზე (გინგივა) განვითარებული შეშუპება ან ამოწეული უბანი ღრძილზე არ არის განგაშის მიზეზი. ასეთი შეშუპება შეიძლება იყოს გამოწვეული ღრძილის ან კბილის აბსცესით ან გაღიზიანებით. გაღიზიანებით გამოწვეული არაავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნები შედარებით ხშირია და აუცილებლობის შემთხვევაში მათი მოცილება შესაძლებელია ქირურგიული ჩარევით. პაციენტების 10-40%-ში ღრძილებზე არაავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნები მეორდება, რადგან გამაღიზიანებელი, როგორც გამომწვევი ფაქტორი, კვლავ რჩება. ზოგიერთ შემთხვევაში ასეთმა გამაღიზიანებელმა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდება, შეიძლება კიბოს განვითარება გამოიწვიოს. იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერი უჩვეულო სიმსივნე/წარმონაქმნი პირის ღრუში ან მის გარშემო შეიძლება იყოს კიბო, საჭიროა ექიმის ან სტომატოლოგის გადაუდებელი კონსულტაცია და შესაბამისი გამოკვლევა. ჩვეულებრივმა მეჭეჭებმა (verrucae vulgaris) შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ინფიცირება, თუ პაციენტი თითზე გამოსულ მეჭეჭს წოვს ან ღეჭავს. მეჭეჭის განსხვავებული ტიპი – გენიტალიური მეჭეჭები – შესაძლებელია ორალური სექსით გადაეცეს (ინფიცირება). ექიმს ჩვეულებრივი მეჭეჭის მოცილება რამდენიმე მეთოდის გამოყენებით შეუძლია. გენიტალიური მეჭეჭების მოცილების რამდენიმე მეთოდი არსებობს, მაგრამ ისინი ხშირად მეორდება.

ძვლის (ტორუსის) ნელა მზარდი პროექცია შეიძლება წარმოიქმნას პირის ღრუს სასის შუა სეგმენტში ან ქვედა ყბაზე, ენის გვერდით ზედაპირთან. ეს მაგარი სიმსივნური წარმონაქმნები ძალზე ხშირია და უვნებელი. ისინი ჩნდება სქესობრივი მომწიფების ასაკში და შეიძლება მთელი სიცოცხლის განმავლობაში შენარჩუნდეს. დიდი ზომის წანაზარდიც კი შეიძლება დავტოვოთ უყურადღებოდ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მისი ცვეთა (ჩამოფხეკა) ჭამის პროცესში ხდება ან პაციენტს ესაჭიროება პროთეზის მორგება, რომელიც სავარაუდოდ, მოცემულ უბანს ფარავს.

თუმცა, პირის ღრუში მრავლობითი ძვლოვანი წანაზარდები შეიძლება მიუთითებდეს გარდნერის სინდრომზე – ეს არის მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მრავლობითი პილიპოზით, მსხვილი ნაწლავის კიბოს ჩათვლით. კერატოაკანტომები კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნებია, რომლებიც ლოკალიზებულია ტუჩებსა და მზით დამწვარ სხვა უბნებზე, უხშირესად კი სახეზე, წინამხრებსა და ხელებზე.

როგორც წესი, კერატოაკანტომა 1-2 თვის განმავლობაში აღწევს მისთვის დამახასიათებელ სრულყოფილ ზომას – 1 დიუმი (დაახლოებით 1¼ ან 2½ სანტიმეტრი), გააჩნია დიდი დიამეტრი, შემდეგ კი, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, იწყება მისი რეგრესი და მკურნალობის გარეშე საბოლოოდ ქრება. სხვადასხვა ტიპის სახის კისტები (მაგ. ღრუ, სითხით შევსებული შეშუპებები) ყბის ტკივილსა და შეშუპებას იწვევენ.

ხშირად კისტები/ცისტები ლოკალიზებულია ე.წ. სიბრძნის კბილის გვერდით და, მიუხედავად იმისა, რომ არ მიეკუთვნებიან ავთვისებიან წამონაქმნებს, გავრცელების შემთხვევაში ყბის ძვლის მნიშვნელოვანი ნაწილის დაშლა შეუძლიათ.

სავარაუდოდ, გარკვეული სახის კისტებს განმეორებადობა ქირურგიული მოცილების შემდეგაც ახასიათებს. სხვადასხვა ტიპის კისტები შეიძლება ასევე პირის ღრუს ფსკერზეც აღმოცენდეს. ხშირად კისტებს ქირურგიული მეთოდით აცილებენ, რადგან ისინი ყლაპვისას დისკომფორტს ქმნიან და ესთეტიკური თვალსაზრისითაც მიუღებელია.

ოდონტომები კბილის ქსოვილების ჭარბი ზრდით გამოწვეული სიმსივნეებია, რომელიც პატარა, დამატებითი, უფორმო კბილების ასოციაციას იწვევს. ბავშვებში ისინი ხელს უშლიან ნორმალური კბილების ამოჭრას, მოზრდილებში კი შეუძლიათ ნორმალური კბილები დენტალური რკალის მწკრივიდან გამოაძევონ/გამოიყვანონ. როგორც წესი, მათი მოცილება ქირურგიული ჩარევის გზით ხდება. სანერწყვე ჯირკვლების სიმსივნეების უმეტესობა (75-80%) კეთილთვისებიანი, ნელა მზარდი და უმტკივნეულოა. ისინი ძირითადად გვხვდება ცალკეული, რბილი და მოძრავი სიმსივნური წარმონაქმნის სახით, რომელიც ლოკალიზებულია ნორმალური კანის ქვეშ ან ლოყის შიდა მხარის ამომფენ (ლორწოვანის) შრეში, ზოგჯერ გამაგრებულია (ღრუ და სითხით შევსებული ფორმები). კეთილთვისებიანი სიმსივნის ყველაზე გავრცელებული ტიპი (ე.წ. შერეული სიმსივნე ან პლეომორფული ადენომა) გვხვდება ქალებში 40 წლის ზემოთ. სიმსივნის ეს ტიპი შესაძლოა ავთვისებიანი გახდეს და მისი მოცილება ქირურგიული გზით ხდება. თუ ამ ტიპის სიმსივნე მთლიანად არ ამოიკვეთა, შესაძლებელია მისი განმეორება (გაზრდა). სხვა ტიპის კეთილთვისებიანი სიმსივნეების მოცილება ასევე ქირურგიული ჩარევით ხდება, მაგრამ მათი გაავთვისებიანობა ან განმეორება ნაკლებსავარაუდოა.