1. პულპიტები
  2. კბილების დაზიანებები
  3. პირის ღრუს და კბილების დაავადებები
პულპიტები

პულპიტი კბილის რბილი ქსოვილების (პულპის) მტკივნეული ანთებაა, კბილის ყველაზე ღრმა ნაწილი, რომელიც ნერვებსა და სისხლძარღვებს შეიცავს.

პულპიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზია კარიესი, ხოლო მეორე ყველაზე გავრცელებული მიზეზი – დაზიანება/ტრავმა. მსუბუქი ანთება, დროული მკურნალობის შემთხვევაში, არ იწვევს კბილის შეუქცევად დაზიანებას. მწვავე ანთებამ შეიძლება პულპის სიკვდილი გამოიწვიოს.

სიმპტომები და დიაგნოზი

პულპიტებს შეუძლიათ გამოიწვიონ ინტენსიური კბილის ტკივილი. იმის დასადგენად, არის თუ არა პულპა საკმარისად ჯანსაღი, რათა მკურნალობას დაექვემდებაროს, სტომატოლოგები გარკვეულ ტესტებს ატარებენ. მაგალითად, სტომატოლოგმა ტესტირებისთვის შეიძლება ცივი და ცხელი სტიმულირების რეაქცია გამოიყენოს. თუ მასტიმულირებელი ფაქტორის მოცილების შემდგომ ტკივილი გრძელდება ან სპონტანურია, ე.ი. პულპა არ არის საკმარისად ჯანსაღი იმისათვის, რომ მკურნალობას დაექვემდებაროს. სტომატოლოგებს ელექტროტესტირების გამოყენებაც შეუძლიათ იმის შესამოწმებლად, ცოცხალია თუ არა პულპა და არა იმის დასადასტურებლად, რომ იგი ჯანსაღია. თუ პაციენტი გრძნობს მცირე ელექტრულ მუხტს, რომელიც კბილს გადაეცემა, ე.ი. პულპა ცოცხალია. ხშირ შემთხვევაში კბილის მგრძნობელობის მომატება კბილზე მსუბუქი დარტყმისას ნიშნავს, რომ ანთება გარემომცველ ქსოვილებზე გავრცელდა.

მკურნალობა

მიზეზის მკურნალობის შემდეგ ანთებითი პროცესი ჩერდება. პულპიტის ადრეულ სტადიაზე გამოვლენის შემთხვევაში, დროებით ბჟენს, რომელიც სედაციურ საშუალებებს შეიცავს, ტკივილის მოხსნა შეუძლია. დროებითი ბჟენის დატოვება კბილში 6-8 კვირის განმავლობაში შეიძლება, შემდეგ კი აუცილებელია მისი შეცვლა მუდმივი ბჟენით. ხშირად შესაძლებელია პერმანენტული ბჟენის დაუყოვნებლივ ჩასმა.

იმ შემთხვევაში, თუ პულპის დაზიანება ღრმაა და შეუქცევადი, ერთადერთი გზა, რომლის საშუალებითაც სტომატოლოგს ტკივილის შეჩერება შეუძლია, არის პულპის მოცილება ფესვის არხის მკურნალობის ან კბილის ამოღების (ექსტრაქცია) შედეგად.