პერიაპიკალური აბსცესი | მკურნალი.გე
  1. პერიაპიკალური აბსცესი
  2. კბილების დაზიანებები
  3. პირის ღრუს და კბილების დაავადებები
პერიაპიკალური აბსცესი

პერიაპიკალური აბსცესი არის ჩირქგროვა, როდესაც კბილიდან გავრცელებული ინფექცია გარშემო არსებულ ქსოვილებში ვრცელდება.

სხეული ინფექციას დიდი რაოდენობის სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტები) პროდუცირებით ებრძვის. ჩირქი არის სისხლის თეთრი უჯრედების, მკვდარი ქსოვილებისა და ბაქტერიების აკუმულაცია. როგორც წესი, ჩირქი ვრცელდება ფესვის მწვერვალიდან და ძვლის მეშვეობით ღრძილებში გადადის, რის შედეგადაც კბილის ფესვის მახლობლად ღრძილის შეშუპება ვითარდება. ჩირქით გამოწვეული ღრძილის შეშუპება ხშირად ინტენსიური ტკივილის მიზეზია.

კბილის ადგილმდებარეობის მიხედვით, ინფექცია შეიძლება რბილ ქსოვილებში (ცელულიტი) გავრცელდეს და ყბის, პირის ღრუს ფსკერის ან ლოყების შეშუპება გამოიწვიოს.

საბოლოოდ, ღრძილის ქსოვილის მთლიანობა ირღვევა და ჩირქს დრენირების საშუალება ეძლევა.

სტომატოლოგები აბსცესს ჩირქგროვის დრენირებით მკურნალობენ, რაც ქირურგიულ ჩარევას ან ფესვის არხის მკურნალობას გულისხმობს. ანტიბიოტიკოთერაპია ხელს უწყობს ინფექციის ელიმინაციას, მაგრამ ამ შემთხვევაში დანეკროზებული/დაავადებული პულპის მოცილება და ჩირქის დრენირება უფრო მნიშვნელოვანია.