კბილის მოტეხა, მორყევა ან ამოვარდნა | მკურნალი.გე
  1. კბილის მოტეხა, მორყევა ან ამოვარდნა
  2. გადაუდებელი მდგომარეობები სტომატოლოგიაში
  3. პირის ღრუს და კბილების დაავადებები
კბილის მოტეხა, მორყევა ან ამოვარდნა

წინა ზედა კბილები მიდრეკილნი არიან მოტეხისკენ. თუ ღეჭვისას რაიმე ცივის ჭამისას ხანმოკლე, მჭრელი ტკივილი ვითარდება, ადამიანს შესაძლოა კბილის არასრული მოტეხილობა ჰქონდეს. თუ მოტეხილობა სრულია და კბილის ნაწილი ჩამოტეხილია, ექიმს ამის მოგვარება დაშენებით შეუძლია. უფრო დიდი მოტეხილობის დროს შეიძლება ხელოვნური გვირგვინი გახდეს საჭირო, კბილის ფესვების დაბჟენით ან მის გარეშე.

თუ ტრავმის მერე კბილი ჰაერისადმი მგრძნობიარე არ არის, სავარაუდოდ მხოლოდ გარეთა, მყარი შრეა (მინანქარი) დაზიანებული. მაშინაც კი, თუ ეს ზედაპირი ოდნავ აიტკიცა, გადაუდებელი მკურნალობა საჭირო არ არის. კბილის შუა ფენის, დენტინის მოტეხილობები ხშირად ჰაერის ან საკვების მოხვედრისას არის მტკივნეული, ასეთ შემთხვევაში ადამიანებმა დროულად უნდა მიმართონ სტომატოლოგს. თუ მოტეხილობამ კბილის ყველაზე შიგნითა ნაწილი, პულპა დააზიანა, დაზიანების ადგილას წითელი წერტილი და ხშირად სისხლიც ჩანს. დარჩენილი პულპის ამოსაღებად შეიძლება კბილის ფესვების დაბჟენა გახდეს საჭირო, სანამ იგი ძლიერ ტკივილს გამოიწვევს.

თუ ტრავმამ კბილი მოარყია ან მის გარშემო ღრძილიდან ძლიერი სისხლდენა დაიწყო, საჭიროა დაუყოვნებლივ სტომატოლოგთან ვიზიტი. ძალიან მორყეულ წინა სარძევე კბილებს ხშირად იღებენ, რათა მათ გვერდზე მდებარე მუდმივი კბილები არ დაზიანდეს. ამასთან, ჯერაც ამოსასვლელი მუდმივი კბილებისთვის სივრცე არ იკარგება.

ამოვარდნილი სარძევე კბილები უკან აღარ ისმება, რადგან ამან კბილბუდის შეუქცევადი დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს. თუმცაღა, სამუდამო კბილის ამოვარდნის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივი მკურნალობა. იგი უნდა გაირეცხოს და უკან, თავის ადგილზე მოთავსდეს. თუ ეს ვერ ხერხდება, კბილი სველ პირსახოცში ან რძიან ჭიქაში უნდა მოვათავსოთ (რძე კარგ გარემოს ქმნის კბილის შესანარჩუნებლად). შემდეგ პაციენტი და კბილი, დროის დაკარგვის გარეშე, აუცილებლად უახლოეს სტომატოლოგთან უნდა მოხვდნენ.

თუ კბილი თავის ადგილას 30 წუთში ჩაინერგა, დიდია ალბათობა, რომ შენარჩუნდება და ჯანმრთელი დარჩება. ამ დროის გასვლის შემდეგ, რაც უფრო დიდხანსაა კბილი ამოვარდნილი, მით ნაკლებია ხანგრძლივი კარგი შედეგის შანსი. სტომატოლოგი, როგორც წესი, 7-10 დღის განმავლობაში კბილს გარშემო სხვა კბილების დახმარებით ამაგრებს. თუ კბილბუდის ძვალიც გატყდა, არტაშნით ჩამაგრება აუცილებელია 6-10 კვირის განმავლობაში. უკან ჩანერგილ კბილებს საბოლოოდ ფესვების დაბჟენა ესაჭიროებათ.