ყბის მოტეხილობა | მკურნალი.გე
  1. ყბის მოტეხილობა
  2. გადაუდებელი მდგომარეობები სტომატოლოგიაში
  3. პირის ღრუს და კბილების დაავადებები
ყბის მოტეხილობა

ყბის მოტეხილობაში ძირითადად ქვედა ყბის მოტეხილობა იგულისხმება. ამ დროს ვლინდება ტკივილი და კბილების განლაგებაც ხშირად ირღვევა. ადამიანს არ შეუძლია პირის ფართოდ გაღება ან გაღება-დახურვისას ყბა გვერდზე ექცევა.

ზედა ყბის მოტეხილობა, როგორც წესი, სახის მოტეხილობებს განეკუთვნება. შესაძლოა გამოვლინდეს მხედველობის გაორება (რადგან თვალის კუნთები მის მახლობლად ემაგრებიან) ან ლავიწის უსწორმასწორობა მასზე თითის გადასმისას.

ნებისმიერი ტრავმა, თუ იმდენად მძიმეა, რომ ყბის მოტეხილობა გამოიწვია, შესაძლოა ასევე აზიანებდეს კისრის ხერხემალს ან გამოიწვიოს ტვინის შერყევა, სისხლდენა თავის ქალაში. ყბის მოტეხილობა შეშუპებას იწვევს, თუმცა, იშვიათადაა იმდენად ძლიერი, რომ სასუნთქი გზები დაახშოს. ზოგჯერ მოტეხილობა კბილზე ან კბილბუდეზეც გადადის (ღია მოტეხილობა), რის გამოც პირში ნაპრალი წარმოიქმნება. მასში კი შეიძლება პირის ღრუს ბაქტერიები შეიჭრას და ყბის ინფექცია განვითარდეს.

თუ ადამიანს ეეჭვება, რომ ყბა მოიტეხა, პირი დახურულ მდგომარეობაში უნდა დააფიქსიროს, გაუნძრევლად. ამავე მიზნით სასწრაფო დახმარების ექიმები ყბის ქვეშ და თავზე რამდენჯერმე შემოახვევენ მას ბინტს (ბარტონის ნახვევი). ნახვევის დადებისას ადამიანი ყურადღებით უნდა იყოს და თანაბრად ისუნთქოს.

ხერხემლის დაზიანების გამოსარიცხად საავადმყოფოში კისრის რენტგენოგრამას ხშირად იღებენ.

ზედა და ქვედა ყბა 6 კვირის განმავლობაში შეიძლება ერთმანეთზე სპეციალური მავთულებით მიმაგრდეს, რათა ძვალი შეხორცდეს. ამ დროის განმავლობაში ადამიანს მხოლოდ სითხის დალევა შეუძლია, ისიც – საწრუპავით. ყბის მოტეხილობა მრავალ შემთხვევაში შეიძლება ქირურგიულად, ფირფიტის გამოყენებით (მეტალი, რომელიც მოტეხილობის ორივე მხარეს ძვალში ჩაიხრახნება) შესწორდეს. თუ ფირფიტა ჩაიდგა, ყბების უძრავად დაფიქსირება მხოლოდ რამდენიმე დღეა აუცილებელი, რის შემდეგაც ადამიანს უფლება ეძლევა, რამდენიმე კვირა რბილი საკვები ჭამოს. ბავშვებში ყბის მოტეხილობის დროს ზოგჯერ არ მიმართავენ იმობილიზაციას. ამის ნაცვლად მკურნალობა თავიდან მოძრაობის შეზღუდვით შემოიფარგლება, ჩვეული საქმიანობა კი რამდენიმე კვირაშია ნებადართული. ანტიბიოტიკები, როგორც წესი, მხოლოდ ღია მოტეხილობის დროს ინიშნება.