პრობლემები სტომატოლოგიური პროცედურის შემდეგ | მკურნალი.გე
  1. პრობლემები სტომატოლოგიური პროცედურის შემდეგ
  2. გადაუდებელი მდგომარეობები სტომატოლოგიაში
  3. პირის ღრუს და კბილების დაავადებები
პრობლემები სტომატოლოგიური პროცედურის შემდეგ

შეშუპება ხშირია ზოგი სტომატოლოგიური პროცედურის, განსაკუთრებით კბილის ამოღების ან პერიოდონტული ოპერაციის შემდეგ. შეშუპების ხარისხის მნიშვნელოვნად შემცირება შეიძლება ყინულიანი პარკის – ან გაყინული ბარდის, სიმინდის პარკის (იგი ზედ მიჭერისას სახის კონტურის ფორმას იღებს) – ლოყაზე დადებით. ცივის დადება პირველი 18 საათის განმავლობაში შეიძლება. ცივი პარკი 25 წუთით თავსდება სახეზე, შემდეგ საჭიროა 5 წუთით შესვენება და კვლავ გაგრძელება. თუ შეშუპება 3 დღის მერეც რჩება ან იზრდება, ტკივილი კი ძლიერია, შესაძლოა ინფექციის განვითარება ხდებოდეს, ამიტომ სტომატოლოგთან ვიზიტი აუცილებელია.

კბილბუდის სიმშრალე: კბილბუდის სიმშრალე (კბილბუდის ძვლის გაშიშვლება, რაც შეხორცებას აძნელებს) შესაძლოა განვითარდეს უკანა, ქვედა კბილის ამოღების შემდეგ, თუ სისხლის კოლტი, რომელიც წესით, კბილბუდეში რჩება, ამოვარდა. დისკომფორტი, როგორც წესი, კბილის ამოღებიდან 2-3 დღის განმავლობაში თანდათან მცირდება და შემდეგ უეცრად უარესდება. ამ დროს ხშირად ყურის ტკივილიც ვლინდება. ეს მდგომარეობა 1-2 კვირაში თავისით გაივლის, თუმცა, სტომატოლოგმა ტკივილის გასაყუჩებლად შეიძლება საანესთეზიო საშუალებით გაჟღენთილი საფენი კბილბუდეში მოათავსოს. შემდეგ ეს საფენი ერთი კვირის მანძილზე ყოველდღე ან ორ დღეში ერთხელ იცვლება.

სისხლდენა: ქირურგიული ჩარევის შემდეგ პირის ღრუში სისხლდენა ხშირია. იგი ზოგჯერ უფრო მძიმედ გამოიყურება, ვიდრე სინამდვილეშია, რადგან სისხლი ნერწყვს ერევა. ნაოპერაციებ უბანზე სისხლდენის შეჩერება ერთი საათის განმავლობაში ზეწოლით შეიძლება, ამ დროს მარლის საფენს სისხლდენის ადგილას ათავსებენ და პაციენტს სთხოვენ, პირი დახუროს და კბილი კბილს დააჭიროს. თუკი სისხლდენა გაგრძელდება, უბანი გაიწმინდება და მარლის ახალი საფენი ან დასველებული ჩაის პაკეტი იმავე პროცედურით კვლავ დაიდება. მნიშვნელოვანია საფენის სისხლმდენ ადგილზე გაუნძრევლად დაფიქსირება, სულ მცირე, ერთი საათი მაინც. სისხლდენის გართულებები ძირითადად იმიტომ ვითარდება, რომ ადამიანები ხშირად იღებენ საფენს ან ჩაის პაკეტს იმის სანახავად, კიდევ მოდის თუ არა სისხლი. თუ სისხლდენა რამდენიმე საათზე მეტხანს გაგრძელდა, აუცილებელია სტომატოლოგთან დაკავშირება.

იმ პაციენტებმა, ვინც რეგულარულად იღებს ანტიკოაგულანტს (სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალება) ან ასპირინს (რამდენიმე დღეში ერთხელაც კი), ამის შესახებ ექიმს ოპერაციამდე ერთი კვირით ადრე უნდა შეატყობინოს, რადგან ეს წამლები სისხლდენის რისკს ზრდის. სტომატოლოგი და პაციენტის ექიმი შეთანხმდებიან დოზის ცვლილებაზე ან წამლის დროებით მოხსნაზე.

ყბის ძვლის ოსტეონეკროზი: ამ დაავადების დროს ღრძილიდან ძვლის გაშიშვლება ხშირად ტკივილს იწვევს, თუმცა, ოსტეონეკროზს შესაძლოა თან ახლდეს ასევე კბილების მორყევა, ინფექცია ან ჩირქდენა. ამ პათოლოგიის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • კბილის ამოღება

  • ტრავმა

  • თავისა და კისრის სხივური თერაპია (ოსტეორადიონეკროზი)

ყბის ძვლის ოსტეონეკროზი სპონტანურად, უმიზეზოდაც შეიძლება განვითარდეს. ეს დაავადება აღენიშნებათ იმ ადამიანებს, ვისაც ბიფოსფონატების მაღალი დოზა ინტრავენურად ეძლეოდა, განსაკუთრებით – ამ პერიოდში პირის ღრუზე ოპერაციის ჩატარებისას.