ცხვირი ყნოსვის ორგანოა და ფილტვებში და ფილტვებიდან ჰაერის გამტარი ძირითადი გზა. ცხვირი ათბობს, ატენიანებს და ასუფთავებს ჰაერს ფილტვებში მოხვედრამდე. ცხვირის გარშემო სახის ძვლები შეიცავს ღრუებს, რომლებსაც პარანაზალური სინუსები ეწოდება. პარანაზალური სინუსების 4 ჯგუფი არსებობს: მაქსილარული, შუბლის, სოლისებრი და ეთმოიდური. სინუსები ამცირებს სახის ძვლების წონას და ინარჩუნებენ მათ სიმყარეს და ფორმას. გარდა ამისა, სინუსებისა და ცხვირის ჰაერით სავსე სივრცეები ხმას რეზონანსს მატებს.
გარეთა ცხვირის ზედა ნაწილი ძვლოვანია, ქვედა ნაწილი – ხრტილოვანი. ცხვირის შიგნით არის ღრუ, რომელიც ძგიდით ორ ნაწილად იყოფა. ძგიდე ძვლოვანი და ხრტილოვანი ნაწილებისგან შედგება, განთავსებულია ნესტოებიდან ხახის უკანა კედლამდე. ძვლები, რომლებსაც ცხვირის ნიჟარა ეწოდება, ქმნის ცხვირის ღრუს და ნაკეცებს. ნაკეცები ზრდის ცხვირის ღრუს ზედაპირის ფართობს. ასთმით, ალერგიით ან ცისტური ფიბროზით დაავადებულ პაციენტებს, აგრეთვე იმათ, ვინც ხანგრძლივად იღებს ასპირინს, შეიძლება ნაკეცებს შორის პოლიპები ჩამოუყალიბდეს.
ცხვირის ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსი მდიდარია სისხლძარღვებით. ნაკეცების არსებობის გამო გაზრდილი ზედაპირის ფართობი და სისხლძარღვების დიდი რაოდენობის გამო ცხვირში ჰაერი სწრაფად თბება და ტენიანდება. ლორწოვანი მემბრანის უჯრედები ლორწოს გამოიმუშავებს. ისინი ამოფენილია მცირე ზომის ბუსუსებით. ჰაერით შემოტანილი ჭუჭყის ნაწილაკები ლორწოვანში ხვდება და წამწამების მეშვეობით ცხვირის წინა ნაწილისკენ ან ხახის მიმართულებით გადაადგილდება და გამოიდევნება სასუნთქი გზებიდან. ეს ხელს უწყობს ჰაერის გასუფთავებას ფილტვებში ჩაღწევამდე. ცემინება რეფლექსურად ასუფთავებს ცხვირის გასავალს, ხველა – ფილტვებს.
წიაღები ისევე, როგორც ცხვირის ღრუ, ლორწოვანი მემბრანით არის ამოფენილი. მტვრის ნაწილაკები ხვდება ლორწოვანში და შემდგომ წამწამების მეშვეობით, მცირე ზომის ხვრელებით ცხვირის ღრუს მიმართულებით გადაადგილდება. ვინაიდან ეს ხვრელები ძალიან მცირე ზომისაა, ისინი ადვილად შეიძლება დაიხშოს სიცივით ან ალერგიით გამოიწვეული ლორწოვანი მემბრანის შეშუპების გამო. ნორმალური სინუსური დრენაჟის დაბრკოლება ანთებას ან ინფექციას იწვევს (სინუსიტი).
ცხვირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა ყნოსვა. ყნოსვის რეცეპტორები მოთავსებულია ცხვირის ღრუს ზედა ნაწილში. ეს სპეციალური ნერვული უჯრედებია, რომლებსაც ბუსუსები აქვს. თითოეული უჯრედის ბუსუსი მგრძნობიარეა სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების მიმართ და გააქტიურების დროს წარმოქმნის ნერვულ იმპულსებს, რომლებიც იგზავნება ყნოსვის ბოლქვის ნერვულ უჯრედებში. ყნოსვის ბოლქვი ცხვირის ზემოთ, თავის ქალაში მდებარეობს. ყნოსვის ბოლქვიდან ნერვული იმპულსები ყნოსვის ნერვის გავლით პირდაპირ თავის ტვინში გადადის, სადაც ეს იმპულსები აღიქმება როგორც სუნი.
ყნოსვა ბოლომდე შესწავლილი არ არის; ის უფრო რთული ფენომენია, ვიდრე გემოს შეგრძნება. მკაფიო სუნები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე გემო. გემოს სუბიექტური შეგრძნება კვების დროს მოიცავს გემოს, სუნს, აგრეთვე, საკვების სტრუქტურას და ტემპერატურას. ამიტომაც ყნოსვის დაქვეითებისას, მაგალითად, გაციების დროს, ადამიანს საკვები უგემური ეჩვენება. ყნოსვის რეცეპტორები განლაგებულია ცხვირის ზედა ნაწილში, სადაც, ჩვეულებრივ, სუნთქვის დროს ჰაერის საკმარისი მოცულობა არ აღწევს; მხოლოდ ღრმა შესუნთქვა ზრდის ჰაერის ნაკადს, აღაგზნებს ყნოსვის რეცეპტორებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სუნების აღქმის უნარს.