ყელი (ხახა) მდებარეობს პირის ღრუს უკან. მისი ზემოთა ნაწილი ცხვირის ღრუს ქვემოთ და საყლაპავისა და სასულის (ტრაქეის) ზემოთ არის მოთავსებული. ის შედგება ზედა ნაწილისგან (ნაზოფარინიქსი), შუა ნაწილისა (ოროფარინიქსი) და ქვედა ნაწილისგან (ჰიპოფარინიქსი). ხახა კუნთოვანი გზაა, აქედან საკვები საყლაპავ მილში გადადის, ხოლო ჰაერი, ტრაქეის გავლით, ფილტვებში ხვდება. ხახა, ისევე, როგორც ცხვირის და პირის ღრუ, ამოფენილია ლორწოვანი გარსით, რომელიც ლორწოს გამოიმუშავებს, შეიცავს ცილიარულ უჯრედებს (წამწამებს). ხახის ლორწოვანში მოხვედრილი მტვრის ნაწილაკები წამწამების მეშვეობით გადაადგილდება საყლაპავის მიმართულებით.
ნუშისებრი ჯირკვლები პირის ღრუს სიღრმეშია მოთავსებული, ორივე მხარეს, ადენოიდები ცხვირის ღრუს უკანა ნაწილში მდებარეობს. ნუშურებიც და ადენოიდებიც ლიმფური ქსოვილისგან შედგება და ხელს უწყობს ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში. ისინი ბავშვებში შედარებით დიდი ზომისაა, ასაკის მატებასთან ერთად მცირდება. როდესაც ტონზილების და ადენოიდების ქირურგიული გზით მოშორება ხდება აუცილებელი ძილის აპნოეს სამკურნალოდ (ძილის დროს სუნთქვის პერიოდული შეწყვეტა) ან ხშირი ინფექციებისას (ადენოტონზილიტები), თავისა და კისრის ლიმფური ჯირკვლები კისრულობენ ნუშურების ფუნქციას. ნაქი მცირე ზომის მოძრავი ქსოვილია, ის პირის ღრუში ნუშურებს შორის არის მოთავსებული. ნაქი ხელს უშლის სითხისა და საკვების ნაწილების ცხვირის ღრუში გადასვლას, მეტყველებისას ხელს უწყობს ბგერების ფორმირებას. გრძელმა ნაქმა შეიძლება ხვრინვა გამოიწვიოს და ხელი შეუწყოს ძილის აპნოეს ჩამოყალიბებას.
ტრაქეის ზედა ნაწილში მოთავსებულია ხორხი, რომელიც სახმო იოგებისგან შედგება. მისი ფუნქცია ბგერების წარმოქმნაა. მოსვენებულ მდგომარეობაში სახმო იოგები ქმნის V-ს ფორმის წარმონაქმნს, რის გამოც ჰაერი თავისუფლად მოძრაობს მასში. შეკუმშვისას სახმო იოგები ვიბრირებს ფილტვებიდან ამოსული ჰაერის გავლისას და წარმოქმნის ბგერებს, რომლებიც ენის, ცხვირის და პირის მეშვეობით სიტყვებად გარდაიქმნება.
ხორხსარქველი მოძრავი ხრტილოვანი ორგანოა, რომელიც საყლაპავის წინ და ზემოთ მდებარეობს. ყლაპვის დროს ხორხსარქველი ხორხს ფარავს და იცავს ტრაქეას და, შესაბამისად, ფილტვებს მათში საკვებისა და სითხის ჩადინებისგან.