ბაროტრავმა (ბაროოტიტი ან აეროოტიტი) დაფის აპკის ორივე ზედაპირზე ჰაერის სხვადასხვა წნევის ზემოქმედებით გამოწვეული შუა ყურის დაზიანებაა.
დაფის აპკი ერთმანეთისგან ყოფს შუა ყურსა და სასმენ მილს. თუ ჰაერის წნევა სასმენ მილში და შუა ყურში არათანაბარია, დაფის აპკი შეიძლება დაზიანდეს. ევსტაქის მილი შუა ყურს ცხვირის უკანა ნაწილთან აკავშირებს და ხელს უწყობს ჰაერის მოხვედრას გარემოდან შუა ყურში, რის გამოც დაფის აპკის ორივე მხარეს წნევა თანაბარია. როდესაც გარემოს წნევა უცაბედად იცვლება, მაგალითად, თვითმფრინავის აფრენის ან დაფრენისას, ან წყალში ღრმად ჩაყვინთვისას, ჰაერი ევსტაქის მილით წნევის გასათანაბრებლად შუა ყურში უნდა გავიდეს.
თუ ევსტაქის მილი ნაწილობრივ ან სრულად არის დახშული, მაგალითად, ნაწიბურით, სიმსივნით, ინფექციის, გაციების ან ალერგიის გამო, ჰაერს უჭირს მოძრაობა შუა ყურისკენ და გარეთ. წნევათა სხვაობა დაფის აპკში სისხლჩაქცევას იწვევს,ზოგჯერ მის გასკდომას და სისხლდენასაც კი. თუ წნევათა სხვაობა ძალიან დიდია, შეიძლება ოვალური სარკმელი (შიგნითა ყურში შესასვლელი შუა ყურიდან) დაზიანდეს, რასაც მოჰყვება სითხის გადაადგილება შიგნითა ყურიდან შუა ყურში. ღრმად ჩაყვინთვისას განვითარებულ სმენის დაკარგვას და თავბრუხვევას შეიძლება გამონაჟონი ახლდეს. იგივე სიმპტომებია გამოხატული დიდ სიმაღლეზე ასვლისას. საფიქრებელია, რომ ამ დროს შიგნითა ყურში ჰაერის ბუშტუკები ყალიბდება.
წნევის უეცარი ცვლილება ყურებში სისავსის ან ტკივილის შეგრძნებას იწვევს. შუა ყურში წნევის გათანაბრება და დისკომფორტის თავიდან აცილება სხვადასხვა საშუალებით არის შესაძლებელი. თუ გარემოში წნევა ეცემა, მაგალითად, თვითმფრინავის აფრენისას, უმჯობესია ღია პირით სუნთქვა, საღეჭი რეზინის გამოყენება, ნერწყვის ხშირი ყლაპვა. მოხსენიებული ევსტაქის მილს ხსნის და შესაძლებელს ხდის ჰაერის მოძრაობას შუა ყურიდან. თუ გარემოში წნევა იზრდება, მაგალითად, თვითმფრინავის დაფრენისას ან ღრმად ჩაყვინთვისას, ცხვირზე ხელის მოჭერა, პირის მოკუმვა, ნესტოების მსუბუქად გაბერვა და ცხვირით ამოსუნთქვა ხელს უწყობს დახშული ევსტაქის მილიდან ჰაერის გამოდევნას. ალერგიის ან ინფექციის მქონე პაციენტებს დისკომფორტი აქვთ ფრენის დროს ან ყვინთვისას. თუ ფრენა აუცილებელია, დეკონგენსატები, როგორიცაა ფენილეფრინის ცხვირის წვეთები ან ცხვირის სპრეი, ამსუბუქებს შეგუბებას და ათავისუფლებს ევსტაქის მილს, აწონასწორებს წნევას დაფის აპკის ზედაპირებზე.