მწვავე ოტიტი არის შუა ყურის ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია.
მწვავე ოტიტს ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია იწვევს; ის ხშირად გაციების ან ალერგიის გართულებაა, ბავშვებში უფრო ხშირია, ვიდრე მოზრდილებში. სიმპტომები და მკურნალობა ერთნაირია ზრდასრულებსა და მოზრდილ ბავშვებში.
დაინფიცირებული ყური მტკივნეულია, გამოხატულია სიწითლე, დაფის აპკი ამოზნექილია. მწვავე ოტიტის მქონე პაციენტების უმრავლესობა მკურნალობის გარეშეც გამოჯანმრთელდება. ამავე დროს, რთულია იმის განსაზღვრა, რომელი სიმპტომი არ შემსუბუქდება, რის გამოც ექიმთა ნაწილი ყველა პაციენტს მკურნალობს ანტიბიოტიკებით, მაგალითად, ამოქსაცილინით. ანტიბიოტიკი გამოიყენება მკვეთრად გამოხატული სიმპტომების არსებობისას ან თუ სიმპტომები არ შემსუბუქდა 72 საათის შემდეგ. ტკივილის გაყუჩება მნიშვნელოვანია. აცეტამინოფენი ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ამსუბუქებს ტკივილს. დეკონგენსატები, რომლებიც ფენილეფრინს შეიცავს, ეხმარება მოზრდილებს (და არა ბავშვებს), ანტიჰისტამინური საშუალებები გამოიყენება ალერგიული პაციენტებისთვის და არა გაციების დროს.
თუ პაციენტს მწვავე ან ქრონიკული ტკივილი და ცხელება აქვს და დაფის აპკი ამოზნექილია, შეიძლება საჭიროდ ჩაითვალოს მირინგოტომია: დაფის აპკი იხვრიტება, რაც ხელს უწყობს სითხის გამოდევნას. ეს მანიპულაცია სმენაზე გავლენას არ ახდენს, ხვრელი მკურნალობის გარეშე ხორცდება. თუ პაციენტს ხშირად აქვს შუა ყურის ანთება, დაფის აპკში საწრეტი მილი (ტიმპანოსტომიური მილი) იდგმება.