შავი ჭირი (ბაქტერიული ინფექციები) | მკურნალი.გე
  1. შავი ჭირი (ბაქტერიული ინფექციები)
  2. ბაქტერიული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
შავი ჭირი (ბაქტერიული ინფექციები)

შავი ჭირი წარმოადგენს გრამ-უარყოფითი ბაქტერიით – Yersinia pestis-ით გამოწვეულ მწვავე ინფექციას.

  • ბაქტერია ვრცელდება ვირთხის რწყილის მეშვეობით;

  • სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე. შავმა ჭირმა შესაძლოა გამოიწვიოს ცხელება, შემცივნება, ლიმფური კვანძების შეშუპება, თავის ტკივილი, გულის აჩქარება, ხველა, სუნთქვის გართულება, ღებინება და ფაღარათი;

  • ბაქტერიის აღმოჩენა სისხლის, ნერწყვის და ლიმფური კვანძების ჩირქის ნიმუშებში ადასტურებს დიაგნოზს;

  • ანტიბიოტიკები ამცირებს სიკვდილის რისკს და დაინფიცირებული ადამიანების იზოლაცია ხელს უწყობს შავი ჭირის გავრცელების თავიდან აცილებას.

წარსულში შავი ჭირის მასიურმა ეპიდემიებმა, როგორიც იყო შავი სიკვდილი შუა საუკუნეებში, იმსხვერპლა უამრავი ადამიანი. მთავარ ხელშემწყობ ფაქტორებს წარმოადგენდა მღრღნელების დიდი რაოდენობა, ქალაქების გადატვირთვა და ანტისანიტარია. შავი ჭირი ახლა ძირითადად ჩნდება სოფლებში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფექციების 90%-ზე მეტი გვხვდება სამხრეთ-დასავლეთ შტატებში, როგორებიცაა არიზონა, კალიფორნია, კოლორადო და ნიუ-მექსიკო, კერძოდ კი – მობანაკეებში. ყოველ წელს შავი ჭირით ავადდება 10-15 ადამიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში და 1000-3000 ადამიანი მსოფლიოში.

შავი ჭირის გამომწვევი ბაქტერია ჩვეულებრივ აინფიცირებს გარეულ მღრღნელებს, როგორებიცაა ვირთხები და ველის ძაღლები. ბაქტერიებს ავრცელებენ ვირთხის რწყილები. როდესაც გარეული ვირთხები იღუპებიან, რწყილები გადავლენ იმ ვირთხებზე, რომლებიც ცხოვრობენ ადამიანებთან ახლოს, ხოლო შემდეგ – შინაურ ცხოველებზე, განსაკუთრებით კატებზე. ამის შემდეგ ვირთხის რწყილებმა შეიძლება უკბინონ ადამიანებს და გადასცენ მათ ინფექცია. იშვიათად, ინფექცია ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე ცემინების ან ხველების გზით. ბაქტერიები სახლდებიან ფილტვებში და იწვევენ პნევმონიის ერთ-ერთ სახეს – ფილტვისმიერ შავ ჭირს. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანები ცხოვრობენ ფილტვისმიერი შავი ჭირის მქონე ადამიანთან ერთად ან უვლიან მას.

შავი ჭირით შეიძლება აგრეთვე დაინფიცირდეს ადამიანი, რომელიც ეხება ცხოველებს (როგორიცაა მაგ. მონადირე) ან იკვებება დაინფიცირებული ცხოველების მოუხარშავი ხორცით.

შავი ჭირის ბაქტერია პოტენციური ბიოლოგიური იარაღია. შესაძლებელია ბაქტერიის ჰაერით გავრცელება და მისი ინჰალაცია. ჰაერში არსებული ნაწილაკის ზომა განსაზღვრავს იმას, თუ სასუნთქი სისტემის რომელ ნაწილში დაგროვდება ბაქტერია. წვრილი ნაწილაკები გროვდება ფილტვებში, რითიც იწვევს ფილტვისმიერ შავ ჭირს.

სიმპტომები

შავ ჭირს აქვს რამდენიმე ფორმა: ბუბონური, მცირე შავი ჭირი, ფილტვისმიერი ან სეპტიკური. სიმტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე.

ბუბონური შავი ჭირი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ბაქტერიასთან კონტაქტის შემდეგ სიმპტომები შეიძლება გაჩნდნენ როგორც რამდენიმე საათში, ასევე 12 დღის განმავლობაში (ჩვეულებრივ 2-5 დღის შემდეგ). მოულოდნელად ჩნდება ცხელება 41ºC (106ºF)-მდე და შემცივნება. გულისცემა ხდება სწრაფი და სუსტი და შეიძლება დაიწიოს სისხლის არტერიულმა წნევამ. ბევრ ადამიანს უვითარდება დელირიუმი. ცხელებამდე მცირე დროით ადრე ან ცხელებასთან ერთად შეშუპდება ლიმფური კვანძები საზარდულში, იღლიებში ან კისრის მიდამოში. ისინი სქელი, წითელი, თბილი და ძალიან რბილია. მეორე კვირის განმავლობაში შესაძლოა მოხდეს ლიმფური კვანძებიდან ჩირქის დრენირება. ელენთამ და ღვიძლმა შესაძლოა მოიმატონ ზომაში. არანამკურნალები ადამიანების 60%-ზე მეტი იღუპება, ჩვეულებრივ 3-5 დღის განმავლობაში.

მცირე შავი ჭირი წარმოადგენს ბუბონური შავი ჭირის მსუბუქ ფორმას. მისი სიმპტომები – შეშუპებული ლიმფური კვანძები, ცხელება, თავის ტკივილი და გადაღლა – ქრება ერთი კვირის განმავლობაში.

ფილტვისმიერი შავი ჭირი ფილტვების ინფექციაა. სიმპტომები ვითარდება უეცრად, ბაქტერიასთან კონტაქტიდან 2-3 დღის შემდეგ. ადამიანებს აქვთ მაღალი ცხელება, შემცივნება, სწრაფი გულისცემა და ხშირად ძლიერი თავის ტკივილი. 24 საათის განმავლობაში მათ ეწყებათ ხველა და გამოყოფენ სუფთა ნახველს, რომელშიც შემდეგ ჩნდება სისხლიანი ლაქები. ამის შემდეგ ნახველი ხდება ვარდისფერი ან ღია წითელი (ემსგავსება ჟოლოს სიროფს) და ქაფიანი. სუნთქვა არის სწრაფი და გართულებული. არანამკურნალები ადამიანების უმეტესობა იღუპება სიმპტომების გაჩენიდან 48 საათის განმავლობაში.

სეპტიცემიური შავი ჭირი წარმოადგენს ინფექციას, რომელიც ვრცელდება სისხლში. ადამიანები დაახ. 40%-ს აქვს გულისრევა, ღებინება, ფაღარათი და მუცლის ტკივილი. მკურნალობის გარეშე უარესდება ბევრი ორგანოს ფუნქციონირება, რაც ხშირად იწვევს სიკვდილს.

დიაგნოზი

შავი ჭირის დიაგნოზის დასმის მიზნით ექიმები იღებენ სისხლის, ნახველისა და ლიმფურ კვანძებში არსებული ჩირქის ნიმუშებს. ხდება ნიმუშების გამოკვლევა მიკროსკოპის ქვეშ და შემდეგ მათ გზავნიან ლაბორატორიაში ბაქტერიების გაზრდის (კულტივირება) მიზნით. ხდება სისხლის გამოკვლევა მასში ბაქტერიის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით. შესაძლებელია ისეთი გამოკვლევების ჩატარებაც, რომლებიც სწრაფად აღმოაჩენენ ბაქტერიას ან მის გენეტიკურ მასალას (დნმ). ასეთ გამოკვლევებს მიეკუთვნება პოლიმერაზული ჯაჭვის რეაქცია (PCR).

პრევენცია

მღრღნელების კონტროლი და მწერების დასაფრთხობი საშუალებების გამოყენება მწერების კბენის თავიდან აცილების მიზნით შეიძლება იყოს ეფექტური. შავი ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინა ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელმისაწვდომი აღარაა. ადამიანებს, რომლებიც მოგზაურობენ იმ ადგილებში, სადაც არის შავი ჭირის ეპიდემიური აფეთქება, შეუძლიათ თან წაიღონ ანტიბიოტიკები, როგორიცაა დოქსიციკლინი, ტრიმეტოპრიმ-სულფომეთოქსაზოლი ან ციპროფლოქსაცინი.

მკურნალობა

მკურნალობა იწყება დაუყოვნებლივ და ამცირებს სიკვდილის განვითარების რისკს 15%-მდე. ადამიანს ეძლევა სტრეპტომიცინის ინექციები 7-10 დღის განმავლობაში. ეფექტურია აგრეთვე სხვა ანტიბიოტიკებიც, როგორებიცაა გენტამიცინი, დოქსიციკლინი და ციპროფლოქსაცინი.

აუცილებელია ფილტვისმიერი შავი ჭირის მქონე პაციენტების იზოლაცია იმისთვის, რომ მათ არ გაავრცელონ ბაქტერია ჰაერის მეშვეობით. იზოლაციის ამ ტიპს ეწოდება რესპირატორული იზოლაცია. ის გულისხმობს შემდეგს:

  • ოთახში შესვლის შეზღუდვას;

  • ადამიანებმა, რომლებიც მუშაობენ დაინფიცირებულ ადამიანთან და უახლოვდებიან მას დაახლოებით 2 მეტრის მანძილზე (6½ ნაბიჯი), უნდა გაიკეთონ პირბადე, თვალების დამცველი, ხელთათმანები და უნდა ჩაიცვან სამედიცინო პერანგი.

ყველამ, ვისაც ჰქონდა დაუცველი კონტაქტი ფილტვისმიერი შავი ჭირით დაინფიცირებულ ადამიანთან ან ცხოველთან (როგორიცაა მაგ. შინაური კატა), უნდა მიიღოს დოქსიციკლინი ან ციპროფლოქსაცინი 7 დღის განმავლობაში.