მასტოიდიტი | მკურნალი.გე
  1. მასტოიდიტი
  2. შუა და შიგნითა ყურის დაავადებები
  3. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები
მასტოიდიტი

მასტოიდიტი არის ყურის უკან მდებარე ძვლის – დვრილისებრი მორჩის ბაქტერიული ინფექცია.

ეს დაავადება, ჩვეულებრივ, არანამკურნალები ან არაადეკვატურად ნამკურნალები მწვავე ოტიტის შედეგია; ინფექცია შუა ყურიდან მის გარემომცველ ძვლებზე ვრცელდება.

როგორც წესი, სიმპტომები ვლინდება მწვავე ოტიტის განვითარებიდან რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ. ინფექცია აზიანებს დვრილისებრი მორჩის შიგნითა ნაწილს. შეიძლება ძვლებში ჩირქი დაგროვდეს (აბსცესი). კანი, რომელიც დვრილისებრ მორჩს ფარავს, შეწითლებული, შეშუპებული და დარბილებულია; გარეთ ყური გვერდზე და ქვემოთ არის გადაადგილებული. სხვა სიმპტომებია ცხელება, ტკივილი ყურის გარშემო ან შიგნით, უხვი ნაღებისმაგვარი გამონადენი. ტკივილი, როგორც წესი, ძლიერია და მფეთქავი. გამოხატულია სმენის დაკარგვა, რომელიც შეიძლება პროგრესირებდეს.

დვრილისებრი ძვლის ანთების დროს კომპიუტერული ტომოგრაფიით ვლინდება სითხის არსებობა ძვლებში არსებული ჰაერის შემცველ სივრცეებში. თუ დაავადება პროგრესირებს, სივრცეების მოცულობა იზრდება. არაადეკვატური მკურნალობა შეიძლება სიყრუის, ინფექციის სისხლში გადასვლის (სეფსისი), თავის ტვინის მფარავი გარსის ანთების (მენინგიტი), თავის ტვინის აბსცესის ან სიკვდილის მიზეზი გახდეს.

მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკების ინტრავენურად შეყვანით. ყურიდან გამონადენს იკვლევენ გამომწვევი მიკროორგანიზმის დასადგენად და შესაბამისი ანტიბიოტიკის შესარჩევად. პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ დასალევი ანტიბიოტიკები გამოიყენება ორი კვირის განმავლობაში. თუ ძვალში აბსცესი ჩამოყალიბდა, საჭიროა ქირურგიული ჩარევა (მასტოიდექტომია).