საფეთქლის ძვლის (თავის ქალას ძვალი, რომელიც გარეთ სასმენ მილს და შიგნითა ყურს მოიცავს) მოტეხილობა თავის ტრავმის შედეგი შეიძლება იყოს.
საფეთქლის ძვლის მოტეხილობისას ხშირად იგლიჯება დაფის აპკი. შეიძლება სასმენი ძვლები (მცირე ზომის ძვლები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს დაფის აპკს და შიგნითა ყურს) და ლოკოკინაც (სმენის ორგანო) დაზიანდეს.
გამოხატულია სახის ნერვის დამბლა ტრავმის მხარეს და სმენის ღრმა დაკარგვა, რომელიც შეიძლება ან კონდუქციური, ან ნეიროსენსორული იყოს, ზოგჯერ – ერთიც და მეორეც. ჩივილებიდან აღსანიშნავია სისხლდენა ყურიდან, სისხლი დაფის აპკის უკან ან სისხლნაჟღენთები ყურის უკან. ხანდახან ცერებროსპინალური სითხე ჟონავს მოტეხილი ადგილიდან, ცხვირის და ყურის გავლით; ამ გამჭვირვალე სითხის გამოჟონვა ტვინის ინფექციაზე მიუთითებს.
დიაგნოზი ეფუძნება კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგებს. თავის ტვინის მფარავი გარსების დაინფიცირების (მენინგიტი) თავიდან ასაცილებლად ინტრავენური ანტიბიოტიკები გამოიყენება. სახის ნერვზე ზეწოლით გამოწვეული მისი მუდმივი დამბლა ზოგჯერ შეიძლება ქირურგიული გზით შემსუბუქდეს. საჭიროების შემთხვევაში დაფის აპკის დაზიანებისა და შუა ყურის სტრუქტურის აღდგენაც ქირურგიულად ხდება, კვირებისა და თვეების შემდეგ.