ტინიტუსი | მკურნალი.გე
  1. ტინიტუსი
  2. შუა და შიგნითა ყურის დაავადებები
  3. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები
ტინიტუსი

ტინიტუსი არის შუილი, რომელიც წარმოიქმნება ყურში და არა გარემოში.

  • ტინიტუსი შეიძლება ყურის დაზიანების, ყურის ინფექციის, ევსტაქის მილის დახშობის ან სმენის დაკარგვის სიმპტომი იყოს.

  • პაციენტს აქვს ყურებში შუილის ან წუილის შეგრძნება, განსაკუთრებით წყნარ გარემოში;

  • გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოსახულებითი და სმენის ტესტები გამოიყენება;

  • სასმენი აპარატები ან ტინიტუსის საწინააღმდეგო საშუალებები ხმიანობის შესამცირებლად.

ტინიტუსი სიმპტომია და არა დაავადება. ძალიან ხშირია. მოსახლეობის 10%-15%-ს აქვს სხვადასხვა ხარისხით გამოხატული შუილი ყურებში.

ტინიტუსი თან ახლავს ყურთან დაკავშირებული პრობლემების 75%-ს, მათ შორის ხმამაღალი ბგერების ზემოქმედებით ან აფეთქებებით გამოწვეულ ტრავმებს, ყურის ინფექციას, ევსტაქის მილის დახშობას, ოსტეოსკლეროზს, შუა ყურის სიმსივნეებს და მენიერის დაავადებას. ზოგიერთი მედიკამენტის (მაგალითად, ამინოგლიკოზიდები და ასპირინის მაღალი დოზები) გამოყენებამაც შეიძლება გამოიწვიოს ტინიტუსი.

ყურებში შუილის მიზეზი შეიძლება იყოს ყურის გარეთ არსებული დარღვევები, სახელდობრ, გულის და სისხლძარღვების დაავადებები, როგორიცაა, ჰიპერტენზია და არტერიოსკლეროზი, ჰიპოთირეოზი და თავის ტრავმა. თუ ტინიტუსი ცალ ყურშია ან პულსირებს, ეს უფრო სერიოზული ნიშანია. პულსირებადი ბგერა შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეული ტიპის სიმსივნით, დახშული არტერიით, ანევრიზმით ან სხვა სისხლძარღვოვანი პრობლემით.

ტინიტუსის არსებობისას პაციენტს ესმის ბზუილი, რეკვა, ხმაური, სტვენა ან სისინი. პაციენტების ნაწილს უფრო რთული, პერიოდულად ცვლადი ბგერები ესმის. ეს ხმები უფრო მეტად წყნარ გარემოცვაშია შესამჩნევი, როდესაც პაციენტი არ არის რამეზე კონცენტრირებული; ტინიტუსი ყველაზე უფრო მეტად შემაწუხებელია დაძინების მცდელობისას. ტინიტუსის ამტანობა ინდივიდუალურია; პაციენტების ნაწილს ძალიან აწუხებს, სხვები ადვილად იტანენ.

დიაგნოზი და მკურნალობა

სმენის დაკარგვის დასადგენად ტინიტუსის მქონე პაციენტების საფუძვლიანი გამოკვლევაა საჭიროა თავის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით და საფეთქლის ძვლის (თავის ქალას ძვალი, რომელიც შედგება სასმენი არხის ნაწილისგან, შუა ყურისა და შიგნითა ყურისგან) კომპიუტერული ტომოგრაფიით.

ტინიტუსიის გამომწვევი მიზეზის დადგენის მცდელობა და მკურნალობა ხშირად წარუმატებელია. სხვადასხვა მათოდის გამოყენებით შეიძლება შუილი ნაკლებად შემაწუხებელი გახდეს პაციენტისთვის, თუმცა მისი ატანის უნარი განსხვავებულია. ხშირად სასმენი აპარატები ამცირებს ყურებში შუილს. ბევრი პაციენტი ამ მიზნით მუსიკას უსმენს, ნაწილი იყენებს სპეციალურ მოწყობილობას, რომელიც სასმენ აპარატს ჰგავს და მუდმივად გამოსცემს ნეიტრალურ ბგერებს. უკიდურესად სმენადაქვეითებულ პაციენტებში ლოკოკინაში (სმენის ორგანო) იმპლანტის ჩადგმამ შეიძლება შეამციროს შუილი.