სისხლდენა ცხვირიდან | მკურნალი.გე
  1. სისხლდენა ცხვირიდან
  2. ცხვირი, სინუსები და გემოვნების დარღვევები
  3. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები
სისხლდენა ცხვირიდან

  • სისხლდენის ყველაზე ხშირი მიზეზია თითით ლორწოვანის გაღიზიანება და ტრავმები;

  • ჩვეულებრივ სისხლდენა ხდება ცხვირის წინა ნაწილიდან;

  • სისხლდენის საპრევენციოდ აუცილებელია თითით ლორწოვანის გაღიზიანებისგან თავის შეკავება, ჰაერის დატენიანება ზამთრის პერიოდში და პაციენტების ნაწილში ცხვირის ძგიდის წინა ნაწილის დატენიანება ვაზელინით;

  • თუ ორივე ნესტოზე ხელის მოჭერით არ ჩერდება სისხლდენა, მაშინ უნდა მიმართონ ექიმს.

ცხვირიდან სისხლდენას (ეპისტაქსი) აქვს სხვადასხვა მიზეზი, რომელთაგანაც ყველაზე ხშირია ლორწოვანის თითით დაზიანება და ტრავმები. იგი ასევე შეიძლება გამოიწვიოს ცივმა, მშრალმა ჰაერმაც. პაციენტებში, ვინც იღებს ასპირინს ან სხვა პრეპარატებს, რაც ხელს უშლის სისხლის შედედებას (ანტიკოაგულანტები) მაღალია სისხლდენების რისკი. მოსახლეობის ნაწილს ცხვირიდან სისხლდენა უფრო ხშირად უვლინდება, ნაწილს – უფრო იშვიათად.

სისხლდენა, როგორც წესი, ხდება ცხვირის ძგიდის წინა ნაწილიდან, სადაც დიდი რაოდენობით სისხლძარღვია თავმოყრილი. იგი შეიძლება იყოს მცირე ან დიდი ნაკადით. ხშირ შემთხვევაში ცხვირიდან სისხლდენა უფრო შემაშინებელია, ვიდრე სერიოზული. თუმცაღა ცხვირის უკანა ნაწილიდან სისხლდენა იშვიათი მოვლენაა, მეტად საშიშია და რთულად სამკურნალო.

პრევენცია და მკურნალობა

მნიშვნელოვანი საპრევენციო ღონისძიება სისხლდენისას არის თითით ლორწოვანის გაღიზიანებისგან თავის არიდება, ზამთარში ჰაერის დატენიანება, ცხვირის ძგიდის წინა ნაწილის დატენიანება ფიზიოლოგიური ხსნარით ან ვაზელინით.

სისხლდენის კონტროლი შესაძლებელია ორივე ნესტოზე 10 წუთის მანძილზე ხელის მოჭერით. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროის განმავლობაში ცხვირზე მყარად იყოს თითები მოჭერილი და ერთხელაც არ გათავისუფლდეს. სხვა საყოფაცხოვრებო მეთოდები: ცხვირზე ყინულის დადება, ნესტოებში ქსოვილის ტამპონების ჩადება ან თავის სხვადასხვა პოზიციაში დადება – არ არის ისეთივე ეფექტური. თუ სისხლდენა არ წყდება, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. იგი სისხლმდენ ნესტოში ათავსებს ბამბის ტამპონს, რომელიც გაჟღენთილია მედიკამენტით, მაგალითად ფენილეფრინი, რაც ხელს უწყობს სისხლძარღვის შევიწროებას. ადგილობრივი ანესთეზია ლიდოკაინით აბუჟებს ცხვირს და საშუალებას აძლევს ექიმს, იპოვნოს სისხლმდენი ადგილი. მსუბუქი სისხლდენისას ხშირად სხვა მეთოდებს არ მიმართავენ. უფრო მძიმე ან განმეორებადი სისხლდენისას შეიძლება საჭირო გახდეს სისხლძარღვების მოწვა ქიმიურად ან ელექტროკოაგულანტით (მოწვა ელექტროდენის მეშვეობით, რომელიც ქმნის მაღალ ტემპერატურას). მკურნალობის მეთოდია გრძელი ტამპონის ჩადებაც ნესტოში. ტამპონი სველდება, იბერება და აწვება სისხლმდენ მიდამოს. ტამპონს იღებენ მე-2-მე-4 დღეს. იშვიათად შეიძლება საჭირო გახდეს მთელი ერთი ნესტოს ამოვსება მარლის ტამპონით, რომელსაც, ჩვეულებრივ, იღებენ 3 დღეში.

პაციენტების ნაწილში, განსაკუთრებით მოზრდილებში და მათთან, ვისაც აქვს სისხლძარღვების შევიწროება (ათეროსკლეროზი), იშვიათად სისხლდენის წყარო ცხვირის უკანა ნაწილშია ლოკალიზებული (უკანა სისხლდენა ცხვირიდან). ასეთი ტიპის სისხლდენის შეჩერება ძალიან რთულია და სიცოცხლისათვის საშიში. უკანა სისხლდენის დროს სისხლი მიდის ხახაში ცხვირიდან გადმოსვლის ნაცვლად. უკანა სისხლდენისას სპეციალური ფორმის ბალონს ათავსებენ ცხვირში და ბერავენ, რათა მოხდეს ზეწოლა სისხლმდენ უბანზე. თუმცაღა მსგავსი ტიპის საშუალებები არაკომფორტულია და ხელს უშლის სუნთქვაში. ჩვეულებრივ მათ ჩადგმამდე ვენაში აკეთებენ სედაციურ საშუალებებს. ასევე პაციენტები, ვისთანაც ჩაიდგა ბალონი, იგზავნებიან სტაციონარში, სადაც ეძლევათ ჟანგბადი და ენიშნებათ ანტიბიოტიკები სინუსებში ანთებითი პროსეცების საპრევენციოდ. დისკომფორტისა და რისკის გამო, რაც გამოწვეულია ცხვირის ღრუში ტამპონის არსებობით და სუნთქვის გაძნელებით, აკეთებენ სისხლძარღვების მოწვას ან კლიპირებას ენდოსკოპის მეშვეობით. ხანდახან რენტგენის კონტროლით მცირე ზომის კათეტერს დგამენ სისხლძარღვებში და უშვებენ ისეთ ნივთიერებას, რაც ბლოკავს სისხლდენას.