პნევმოკოკური ინფექციები | მკურნალი.გე
  1. პნევმოკოკური ინფექციები
  2. ბაქტერიული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
პნევმოკოკური ინფექციები

პნევმოკოკური ინფექციები გამოწვეულია გრამ-დადებითი ბაქტერიით – Streptococcus pneumoniae (პნევმოკოკი).

  • ბაქტერიები ვრცელდება ჰაერში, როდესაც დაინფიცირებული ადამიანები ახველებენ ან აცემინებენ;

  • ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ინფექციებს მიეკუთვნება პნევმონია, მენინგიტი, სინუსიტი და შუა ყურის ანთება (ოტიტის მედია);

  • ეს ინფექციები ჩვეულებრივ იწვევენ ცხელებასა და შეუძლოდ ყოფნას, დანარჩენი სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ სხეულის რომელი ნაწილია დაინფიცირებული;

  • დიაგნოზი შეიძლება დაეფუძნოს სიმპტომებს, რენტგენოლოგიური კვლევის შედეგებს ან დაინფიცირებული მასალის ნიმუშებში ბაქტერიის აღმოჩენას;

  • ხდება მცირე ასაკის ბავშვების ამ ინფექციების საწინააღმდეგოდ ვაქცინაცია და ის რეკომენდებულია ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის, რომლებიც იმყოფებიან დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ;

  • ეფექტური მკურნალობა ხდება პენიცილით ან სხვა ანტიბიოტიკით.

პნევმოკოკები, ჩვეულებრივ, სახლობენ ჯანმრთელი ადამიანის, მათი ბუნებრივი მასპინძლის, ზედა სასუნთქ გზებში, კერძოდ ზამთრისა და ადრეული გაზაფხულის განმავლობაში. ბაქტერია გადაეცემათ სხვა ადამიანებს, როდესაც ისინი შეისუნთქავენ დაცემინების ან დახველების დროს გამოყოფილ დაინფიცირებულ წვეთებს. ინფექციის გავრცელება მეტად სავარაუდოა ადამიანთა იზოლირებულ ჯგუფებში, რომლებიც ცხოვრობენ, რჩებიან ან მუშაობენ დაწესებულებებში, სადაც უვლიან ადამიანებს, ციხეებში, სამხედრო ბაზებში, უსახლკაროების თავშესაფრებსა და დღის მოვლის ცენტრებში.

გარკვეული გარემოებები ხდის ადამიანებს ამ ინფექციებისადმი მეტად მოწყვლადს და ასეთი ადამიანებისთვის რეკომენდირებულია აცრა. ასაკოვანი ადამიანები, თუნდაც ჯანმრთელები, უფრო მიდრეკილნი არიან მწვავე სიმპტომებისა და გართულებებისადმი, როდესაც ისინი ავადდებიან პნევმოკოკური ინფექციით.

პნევმოკოკური ინფექციების უმეტესობა ვითარდება ფილტვებში (პნევმონია), შუა ყურში (შუა ყურის ანთება, რომელიც ხშირია ბავშვებში) ან სინუსებში (სინუსიტი). პნევმონიის განვითარება შეიძლება გამოიწვიოს გრიპმა, რომელიც აზიანებს სასუნთქი სისტემის ამომფენ ლორწოვანს.

ბაქტერიები შეიძლება გავრცელდნენ სისხლის მიმოქცევაში და განვითარდეს ბაქტერიემია. ინფექცია შეიძლება განვითარდეს თავის და ზურგის ტვინის მფარავ ქსოვილებს შორის არსებული სივრცეში (მენინგიტი) ან, შედარებით იშვიათად, გულის სარქვლებში, ძვლებში, სახსრებსა და მუცლის ღრუში.

სიმპტომები და დიაგნოზი

სიმპტომები დამოკიდებულია დაინფიცირებული ადგილის მდებარეობაზე.

პნევმოკოკური პნევმონია: ხშირად, სიმპტომები იწყება მოულოდნელად. ადამიანებს აქვთ ცხელება, შემცივნება, დაავადების არსებობის შეგრძნება (დისკომფორტი), სუნთქვის უკმარისობა და ხველა. ხველის დროს პაციენტს ამოაქვს ჟანგისფერი ნახველი.

ხშირად, გულმკერდის ერთ მხარეს ჩნდება მჭრელი, "ხანჯლის დარტყმის" მსგავსი ტკივილი. ღრმად სუნთქვა და ხველა აუარესებს ამ ტკივილს. ამ ტკივილს ეწოდება პლევრიტი.

ატარებენ გულმკერდის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას პნევმონიის ნიშნების პოვნის მიზნით. ექიმები იღებენ ნახველის ნიმუშს და იკვლევენ მას მიკროსკოპის ქვეშ. შესაძლებელია, სისხლის, ნახველის ან ჩირქის გაგზავნა ლაბორატორიაში ბაქტერიების გაზრდის მიზნით (კულტივირება). თუმცა, ეს გამოკვლევები ყოველთვის არ იძლევა ბაქტერიის აღმოჩენის შესაძლებლობას.

პნევმოკოკური მენინგიტი: ადამიანებს აქვთ ცხელება, თავის ტკივილი და დაავადების არსებობის შეგრძნება (დისკომფორტი). რთულდება და მტკივნეული ხდება კისრის მოძრაობა, მაგრამ ეს პრობლემა დაავადების დასაწყისში ყოველთვის თვალსაჩინო არაა. ჩვილებმა შეიძლება უხალისოდ მიიღონ საკვები და იყვნენ გაღიზიანებულნი ან ინერტულები.

დიაგნოზი საჭიროებს ლუმბალურ პუნქციას ზურგისა და თავის ტვინის გარშემო არსებული სითხის (თავ-ზურგტვინის სითხე) ნიმუშის მოპოვების მიზნით. ნიმუშს იკვლევენ ინფექციის ნიშნებზე, როგორებიცაა სისხლის თეთრი უჯრედები და ბაქტერია.

პნევმოკოკური შუა ყურის ანთება: ეს ინფექციები იწვევენ ყურის ტკივილს და დაფის აპკის გაწითლებასა და პულსაციას ან ჩირქის დაგროვებას დაფის აპკის უკან.

დიაგნოზი, ჩვეულებრივ, ეფუძნება სიმპტომებს და ფიზიკური გამოკვლევის შედეგებს. კულტივირება და სხვა დიაგნოსტიკური ანალიზები არ ტარდება.

პრევენცია

ხელმისაწვდომია პნევმოკოკური ვაქცინის ორი ტიპი.

კონიუგირებული ვაქცინა არის ერთადერთი, რომელიც მოქმედებს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ის რუტინულად უკეთდებათ ბავშვებს 2 თვის ასაკიდან, მაგრამ შესაძლებელია მისი გამოყენება 6 კვირის ასაკშიც. პაციენტს უკეთდება 3 დოზა 2-თვიანი ინტერვალებით, რომელთაც მოჰყვება მეოთხე დოზა, ჩვეულებრივ 12-15 თვის ასაკში. ამ ვაქცინის დამსახურებაა, რომ სერიოზული პნევმოკოკური ინფექციები – პნევმონია, შუა ყურის ანთება და მენინგიტი – ბევრად უფრო იშვიათია ბავშვებში.

არაკონიუგირებული პოლისაქარიდული ვაქცინა რეკომენდებულია ადამიანებისთვის, რომლებიც იმყოფებიან პნევმოკოკური ინფექციების ან ამ ინფექციების შემდგომი გართულებების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ. ამ ადამიანებს მიეკუთვნებიან:

  • ყველა მოზრდილი ადამიანი, რომლის ასაკიც აღემატება 65-ს;

  • ადგილობრივი ალასკელები და ამერიკელი ინდიელები;

  • ადამიანები ქრონიკული დაავადებებით, როგორებიცაა მაგ.: გულისა და ფილტვის გარკვეული დაავადებები (ასთმის გამოკლებით), თირკმლების უკმარისობა, ნეფროზული სინდრომი, ღვიძლის დისფუნქცია (მათ შორის ციროზი), ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადება, შაქრიანი დიაბეტი ან თავ-ზურგტვინის სითხის გაჟონვა;

  • ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები;

  • ადამიანები, რომელთაც აქვთ ისეთი დაავადება, რომელიც ასუსტებს იმუნურ სისტემას (მაგ. ზოგიერთი სიმსივნე და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) გამოწვეული ინფექცია);

  • ადამიანები, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს ან პრეპარატებს, რომლებიც თრგუნავენ იმუნურ სისტემას. ასეთებს მიეკუთვნება სიმსივნის სამკურნალოდ ან გადანერგილი ორგანოს მოცილების თავიდან ასაცილებლად გამოყენებული პრეპარატები;

  • ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ მოფუნქციონირე ელენთა.

არაკონიუგირებული ვაქცინა კონიუგირებულ ვაქცინასთან შედარებით ეფექტურია პნევმოკოკების ბევრად მეტი სახეობის საწინააღმდეგოდ. ამგვარად, დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებს, როგორებიც არიან ბავშვები ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიით ან შიდსით, 2 წლის ასაკში უკეთდებათ არაკონიუგირებული ვაქცინის ერთი დოზა, მაგრამ კონიუგირებული ვაქცინის ბოლო დოზის გაკეთებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 2 თვე.

მკურნალობა

პენიცილინი (ან მასთან დაკავშირებული წამლები, მაგ. ამპიცილინი ან ამოქსიცილინი) გამოიყენება პნევმოკოკური ინფექციების უმეტესობის სამკურნალოდ. ჩვეულებრივ, იღებენ მის დასალევ ფორმას, მაგრამ თუ საქმე გვაქვს ინფექციის მძიმე ფორმასთან, შესაძლებელია მათი ინტრავენურად შეყვანა.

ხშირია პნევმოკოკები, რომლებიც რეზისტენტულნი არიან პენიცილინის მიმართ. ამგვარად, ხშირად გამოიყენებენ სხვა ანტიბიოტიკებს, როგორებიცაა ცეფტრიაქსონი, ცეფოტაქსიმი, ფტორქინოლონები ან ვანკომიცინი.