ცხვირის პოლიპები | მკურნალი.გე
  1. ცხვირის პოლიპები
  2. ცხვირი, სინუსები და გემოვნების დარღვევები
  3. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები
ცხვირის პოლიპები

ცხვირის პოლიპები არის ცხვირის ლორწოვანი გარსის წანაზარდები.

  • პოლიპები უფრო ხშირად ყალიბდება ასთმის ან ალერგიის მქონე პაციენტებში;

  • პოლიპებს ახასიათებს ცხვირის ობსტრუქცია და გაჭედილობა;

  • დიაგნოსტირება ხდება დამახასიათებელ ვიზუალურ შესახედაობაზე დაყრდნობით;

  • კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეამცირონ ან უკუგანავითარონ პოლიპი, მაგრამ ხშირად მაინც საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.

პოლიპი არის წვეთის მსგავსი წანაზარდი რომელიც იზრდება წიაღების გასავალში. ჩამოყალიბებული პოლიპი ჰგავს უწიპწო ყურძენს. მსხვილი ნაწლავის პოლიპის ან შარდის ბუშტის პოლიპისგან განსხვავებით, ცხვირის პოლიპები არ არის სიმსივნური წარმოშობის და არ ზრდიან კიბოს რისკს. ისინი მხოლოდ ანთების შედეგია, თუმცაღა ასევე მნიშვნელოვანია პრობლემის ოჯახური ანამნეზიც. შესაძლებელია, საჭირო გახდეს პოლიპის ბიოფსიაც, რათა დადასტურდეს მისი არასიმსივნური გენეზი.

პოლიპი შეიძლება წარმოიქმნას ინფექციისას, ხოლო დაავადების ალაგების შემდეგ უკუგანვითარდეს, ან წარმოიქმნას ნელა და შენარჩუნდეს ხანგრძლივად. პაციენტების უმეტესობამ არც იცის, რომ აქვთ ცხვირის ღრუს პოლიპი, თუმცაღა მათ შეიძლება ჰქონდეთ ცემინება, გამონადენი ცხვირიდან, ობსტრუქცია, ჩამონადენი ცხვირიდან ყელში (პოსტნაზალური წვეთი), სახის ტკივილი, ჭარბი გამონადენი ცხვირიდან, ყნოსვის დაკარგვა (ანოსმია), ყნოსვის შემცირება (ჰიპოსმია), ქავილი თვალების გარშემო, და ქრონიკული ინფექციები.

პოლიპიან პაციენტებში შეიძლება იყოს ალერგია ასპირინზე და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებზე (NSAID). თუ სინუსებიდან სითხის დრენაჟი არ ხდება პოლიპის გამო, ვითარდება სინუსური ინფექცია. შესაძლებელია ასთმის განვითარებაც. პოლიპები ასევე შეიძლება ჩამოყალიბდეს უცხო სხეულის არსებობისას ცხვირის ღრუში.

სტეროიდებმა ცხვირის სპრეის ან ორალური ტაბლეტების ფორმით შეიძლება შეამციროს ან უკუგანავითაროს პოლიპი. ქირურგიული ჩარევა ან ორალური სტეროიდების გამოყენებაა საჭირო, თუ პოლიპი ბლოკავს სასუნთქ გზებს ან იწვევს სინუსების ხშირ ინფექციას. პოლიპებს აქვს უკუგანვითარების ტენდენცია, თუ გამღიზიანებელი, ალერგია ან ინფექცია კონტროლირებულია. კორტიკოსტეროიდების სპრეის გამოყენება ამცირებს ან ხელს უშლის რეციდივებს. თუმცაღა საჭიროა პაციენტის პერიოდული გამოკვლევა ენდოსკოპის მეშვეობით (ცხვირის დათვალიერება მცირე ზომის დრეკადი მილით), რათა შეფასდეს და უმკურნალონ ქრონიკულ ან პერიოდულ პრობლემას.